ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსის მცხოვრებლების ჩივილების გრძელ სიას ახალი პრობლემა შეემატა. ადგილობრივებს ერთ კვირაზე მეტია, რაც გაუსაძლის სუნში უწევთ ცხოვრება.
მძაფრი და მკვეთრი სუნის გამო კორპუსში გადაადგილება რთულია. 10 დღეზე მეტია, რაც ადგილობრივები სხვადასხვა უწყებას დახმარების მიღების თხოვნით მიმართავენ. რა შეიძლება იყოს სარდაფში, ვერსიები მრავალფეროვანია.
„სარდაფიდან საშინელი სუნი ამოდის. ადამიანის გვამი არ არის. მაგასაც განვიხილავდით. ათასი უბედურება ხდება. ამბობენ, რომ შეიძლება ცხოველის გვამი იყოს“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„5 წლის ბავშვი მყავს. ბავშვს გულისრევის შეგრძნება ეწყება ეზოში რომ ჩამყავს“,- ამბობს კორპუსის მცხოვრები. მისივე თქმით, მძაფრი სუნი 10 დღეზე მეტია რაც იგრძნობა.
კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეები მაშველ რგოლად 112-ს მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში კი საზოგადოებრივი მართვის ცენტრმა დახმარება ვერ შეძლო. მათი ვერსიით, სარდაფში გარდაცვლილი ცხოველია, თუმცა ტერიტორიის გასუფთავება მათი პრეროგატივა არაა.
პრაიმტაიმი