პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს.
„ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნისთვის სწორი. მინდა, წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად, რომელსაც აქვს იმის უნარებიც, ცოდნაც და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.