მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესზე იუსტიციის მინისტრის დაკითხვას მოითხოვს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შესაბამის შუამდგომლობას ის ხვალინდელ პროცესზე დააყენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მინისტრი ბრეგაძე თავის ბრიფინგებზე აკეთებს განცხადებებს, რომელიც კითხვებს ბადებს და საჭიროა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა:
„გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია…აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი” ამბობს ხაჭაპურიძე, რომელმაც ვივა მედის კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა და შესაბამისი იურიდიული კონსულტაციები ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტთანაც გაიარა
ადვოკატის თქმითვე, არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, თუმცა მაინც დააყენებს. გარდა ამისა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე ხსნის ყველა დასაკითხ მოწმეს და დაკითხავენ მხოლოდ პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მალხაზ ურთქმელიძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პროცესებს ესწრება როგორც მხარე და მოითხოვენ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას.
მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მორიგი პროცესი საქალაქოში ხვალ, 3 თებერვალს, 11 საათზეა ჩანიშნული.