აჩიკო სოლოღაშვილი – ჰონორარი 18.500 ლარი; თიკა ფაცაცია – 6.377 ლარი; ედუარდ გორგილაძე – 5.102 ლარი; სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე – თითოეულს 4.209 ლარი; დავით მაზანაშვილი [ორკესტრი] – 52.500 ლარი – ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმობის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას წელს.
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს „ბათუმობაზე“ ჰონორარებში ჯამში 136 ათას 688 ლარი დაიხარჯება.
„სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2023“-ის ღონისძიებების ფარგლებში, გასართობი მომსახურების შესყიდვა ღირებულებით 136.688,81 ლარის ფარგლებში [კონცერტში მონაწილე შემსრულებლების ჰონორარი] განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ – აღნიშნულია 28 მარტის ბრძანებაში, რომელსაც რევაზ ირემაძე, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აწერს ხელს.
გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესაბამისი პროცედურები „ბათუმის კულტურის ცენტრმა“ უკვე დაიწყო.
„აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წწ. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა ბათუმობის დღესასწაულის აღნიშვნა, 2022 წელს კი ღონისძიების ჩატარება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გაუქმდა“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, ბათუმის მერიაში „წელს მიზანშეწონილად ჩაითვალა განსაკუთრებულად აღინიშნოს ეს დღე [„ბათუმობა“]. ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილზე ცენტრის მიერ უკვე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. გასართობი მომსახურების [ღონისძიებაში მონაწილეთა ჰონორარი] შესყიდვა კი ექსკლუზიური უფლებამოსილების გზით უნდა განხორციელდეს,“ – აღნიშნულია ცენტრის განაცხადში.
„ბათუმობა 2023“-ის ჩატარება ბულვარში 29 აპრილს იგეგმება.
ღონისძიების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრს ტენდერი 202 ათას 196 ლარით აქვს გამოცხადებული.
წყარო: „ბათუმელები“