„ჩამტენეს ავტომობილში და მირტყამდნენ მუშტებს” – რესპუბლიკური პარტიის წევრი გორელმა პოლიციელებმა სცემეს

„ჩამტენეს ავტომობილში და მირტყამდნენ მუშტებს" - რესპუბლიკური პარტიის წევრი გორელმა პოლიციელებმა სცემესგორელი პოლიტიკოსი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – „რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ლექსო ვალიაური ამბობს, რომ შემთხვევა გამთენიისას, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მოხდა.

მისი თქმით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მას ღირსება შეულახეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ვალიაური ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით თემურ ტაბატაძე გამოირჩეოდა. მომხდართან დაკავშირებით ოპოზიციონერმა გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა და გამოძიება დაიწყო.

„სახლთან დაახლოებით 50 მეტრში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი და მომთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა. შევთავაზე, რომ ვეტყოდი პირად ნომერს. ვუთხარი: სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი. ამის მიუხედავად მათი პრინციპული და აგრესიული მოთხოვნა იყო, რომ ჩემთვის უნდა გადაეღოთ ფოტო, რისი წინააღმდეგიც მე ვარ.  იძულებით ჩამტენეს ავტომობილში, წამართვეს მობილური, ჩამიტარეს უკანონო ჩხრეკა, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მირტყამდნენ მუშებს. მოვახერხე, რომ ერთს რამდენჯერმე გავამეორებინე საკუთარი სახელი და გვარი და მან დამიფიქსირა, რომ არის თემურ ტაბატაძე”- თქვა ვალიაურმა.

პოლიტიკოსს სოლიდარობა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამოუცხადეს და მოძალადე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.