ლევან მურუსიძე – „სანქციები დაუწესეს 75 წლის დედაჩემსაც… ღირსეულად გადავიტან”

ლევან მურუსიძე - „სანქციები დაუწესეს 75 წლის დედაჩემსაც... ღირსეულად გადავიტან"„ახალი თაობის“ კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე პასუხობს
– ბატონო ლევან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. სიის სათავეში ხართ თქვენ. რა შეფასებას გააკეთებდით, რატომ მოხვდით სანქცირებულთა სიაში? როგორია თქვენი პოზიცია? ხაზგასმით არის საუბარი კორუფციულ ფაქტებზე.
– აქ რეალურად საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს აინტერესებდეს კორუფციული მომენტი. ეს კორუფცია მოტანილია შირმად. მთავარი აქ სხვა რამეა. ეს არის სიგნალი მოსამართლეებისთვის და სასამართლო სისტემისთვის, რომ თუ არ მოხდება იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები, მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით ლევან მურუსიძეს.
– რის თქმა გინდათ, რომ ეს შანტაჟია?
– რა თქმა უნდა. ეს არის პირდაპირ სასამართლო ხელისუფლების მიტაცების მცდელობა და მეტი არაფერი.
– ვისი მხრიდან?
– ვისი მხრიდან და ამერიკის საელჩოს მხრიდან. აბა ვისი? ვინც ეს განცხადება გააკეთა იმის მხრიდან! ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციები ჰყავდათ ამისთვის გამოყენებული, მერე პოლიტიკური პარტიები, შემდეგ ათასი უსაფუძვლო განცხადება მოვისმინეთ. იყო სასამართლოზე თავდასხმები ჩემზე ხომ რამდენი წელია, რაც ეს მზადდებოდა და რომ არაფერმა გაჭრა. პირადად ჩემთვის მართლაც მძიმე გადაწყვეტილებით და ზოგადად ყველასთვის, სიგნალს აგზავნიან სასამართლო კორპუსში, რომ თუ დადგებით ლევან მურუსიძის გვერდით, იგივე ბედი მოგელით. გზავნილი ასეთია, გააკეთეთ არჩევანი, იქნებით მართლმსაჯულების სადარაჯოზე თუ ჩვენი ინტერესების სადარაჯოზე.
– რა კორუფციულ სქემებზეა საუბარი? რა ინფორმაციას ფლობენ? ჰაერიდან ხომ არ მოვიდოდა ეს ყველაფერი?
– რა კორუფციაზე ლაპარაკობენ, მაშინ ღიად თქვან და დადონ მტკიცებულებები რა კორუფციაზეა ლაპარაკი. კორუფცია, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და შესაბამისად, მთავარი მესიჯი აქ არის ის სასამართლო კორპუსისათვის, რომ მოხდეს მთლიანი სასამართლო კორპუსის დამორჩილება ამერიკის საელჩოსადმი.
– რას აპირებთ ბატონო ლევან? გადადგომას და სისტემიდან წასვლას ხომ არ აპირებთ?
– რატომ უნდა წავიდე?! სიმართლე გითხრათ, მე ახლა ვარ ძალიან მშვიდად. ამ ცხოვრებაში მთავარი არის ადამიანის ღირსება. მიმაჩნია, რომ ვარ აბსოლუტურად მართალი. ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რომ განმტკიცებულიყო სასამართლოს მართლმსაჯულება, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი. წლების განმავლობაში მიდიოდა სასამართლოში ხელის ფათური. რომ ვერ მიაღწიეს ამას, ამიტომ ახლა გამოიყენეს ასეთი მეთოდი. ეს არის ზეწოლა მოსამართლეებზე და სიგნალი, რომ მოგექცევით ისე, როგორც ვექცევით ლევან მურუსიძეს. ამიტომ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ჩვენ გეტყვით. სულ ეს არის.
– ბატონო ლევან, რა განწყობაა მოსამართლეებში? ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყოს.
– არ ვიცი, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ რა იქნება. დღეს საკითხი დგას ასე, ქვეყანა დაკარგავს სუვერენიტეტს თუ არა. იქნება საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, თუ იქნება ამერიკის საელჩოს მიერ კონტროლირებადი. ეს სხვა ქვეყნებში გაუკეთებია ამერიკას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგათ მიაჩნიათ, რომ თავად არიან დამამკვიდრებლები სამართლიანობის, დემოკრატიის და შესაბამისად, რაც მაგათ მიაჩნიათ მხოლოდ ის არის სწორი. ამიტომ ცდილობენ, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება, პირდაპირ მიტაცება მოხდეს. ეს რომ აქამდე ვერ მოახერხეს ვერანაირად, ახლა გადადგეს ეს ნაბიჯი. ეს არის ცხადზე ცხადი. დანარჩენი ახლა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ავდგებით და ჩავაბარებთ სასამართლო სისტემას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, დავემორჩილებით ელჩის წარბის აწევას, თუ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა ჩემთვისო. დასანქცირება შეეხო თქვენი ოჯახის წევრებსაც. რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე?
– დიახ, ეხებათ მაგრამ რა ვქნათ ახლა? ჩემი ოჯახის წევრებისთვის რა თქმა უნდა ეს მძიმეა, მაგრამ ალბათ გამიგებენ, ჩემი ოჯახის წევრები არიან… უბრალოდ საინტერესოა რომ მართლა ეზრუნათ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, სანქციები დაუწესეს 75 წლის დედაჩემსაც და როგორმე გადაიტანს დედაჩემი ამ ამბავს. სამარცხვინოა, რაც მოხდა! რეალურად ახლა ხდება პროცესი სასამართლო სისტემის მიტაცების.
– რას ბრძანებთ ბატონო ლევან, ვისგან მიტაცების? ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. სხვა ქვეყანა როგორ მიიტაცებს ჩვენს სასამართლო სისტემას?
– ვისგან მიტაცებია არ გითხარით, ამერიკისგან და მისი ელჩისგან. საქმეც მაგაშია, თურმე არ ვართ. მეც ვფიქრობდი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და არ შეიძლება ამერიკის ელჩი გამოდიოდეს და იძახდეს მოქმედ მოსამართლეზე, რომ ის არის კორუმპირებული! ელჩი არ არის მოსამართლე! მას არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ ილაპარაკოს ასეთი ტონით, პირდაპირ მტკიცებულებით ფორმაში, რომ კონკრეტული მოსამართლე არის კორუმპირებული. ზუსტად მაგაშია საქმე, ისინი არ გვიყურებენ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. ახლა ამ პოლიტიკური პროცესების სამართავად და ბერკეტისთვის სჭირდებათ სასამართლო სისტემა. ვერ ჩაიგდეს ხელში სასამართლო სისტემა და მოგვადგნენ ჩვენ! დაგვიწესეს სანქცია და არჩევანის წინაშე დააყენეს მოსამართლეები.
– რა არჩევანის წინაშე?
– მოსამართლეები ან უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ან დაემორჩილონ მათ დირექტივას.
– პროცესების როგორ განვითარებას ელით?
– სასამართლო შეინარჩუნებს თუ არა დამოუკიდებელს ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტს, ზოგადად ეს ქართველი ხალხის საქმეა. რაც შემეხება პირადად მე და ჩემს მიმართ გამოყენებულ სანქციებს, მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევხვდები ღირსეულად. ნამდვილად არ შემეშინდება და არც მუხლები ამიკანკალდება. რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ რა ვქნათ, ერთხელ იბადება ადამიანი და მიმაჩნია, რომ ის უნდა მოიქცეს ღირსეულად. დიდ კაცთან პატარა კაცთან, როგორ გასვლია მართალიო… ალბათ მომერევა ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ…
– შემდეგი დასანქცირების კანდიდატი შიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოსო, ამაზე რას იტყვით?
– ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი არაფერი. მე მხოლოდ ჩემს თავზე შემიძლია გესაუბროთ. ეს არის პროცესი მართლმსაჯულების მიტაცების. რასაც აქამდე ვერ მიაღწიეს ახლა უნდათ რომ ამ მეთოდით მიაღწიონ.

ნონა ცაბაძე