ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს მაიამის სასამართლოში ბრალდება გააცნეს, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას ეხება. სასამართლოში ტრამპს თითის ანაბეჭდები აუღეს, ფრენების შეზღუდვა და გირაოს დაწესება კი მოსამართლემ საჭიროდ არ ჩათვალა.
ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სასამართლოს შენობასთან მხარდამჭერები დახვდნენ.
„400-წლიანი პატიმრობა მემუქრება ჩემი საკუთარი საპრეზიდენტო დოკუმენტების ფლობისთვის, რაც თითქმის ყველა სხვა პრეზიდენტმა გააკეთა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი იურიდიული თეორია, რაც კი ოდესმე წამოყენებულა ამერიკულ სასამართლოში.
მე მქონდა სრული უფლება, მქონოდა ეს დოკუმენტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი წყვეტს ნებისმიერი დოკუმენტის წაღებას, მას აქვს ამის უფლება. ეს არის კანონი. ხელახლა როცა ამირჩევენ და ზუსტად ვიცი, რომ ხელახლა ამირჩევენ, მე არ მივცემ უფლებას, წაგვართვან თავისუფლება. მე ვარ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ერის გადარჩენა. ჩვენ დავიბრუნებთ ქვეყანას და ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით” – თქვა სასამართლოს შემდეგ დონალდ ტრამპმა, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
დონალდ ტრამპს იმ საიდუმლო დოკუმენტების შენახვა და არაჯეროვნად გამოყენება ბრალდება, რომელიც სავარაუდოდ შეერთებული შტატების ბირთვულ პროგრამებსა და სხვა ქვეყნების თავდაცვისა და იარაღის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. ბრალდების თანახმად, ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებს ინახავდა ფლორიდაში, მისი სახლის საშხაპესა და წვეულების დარბაზში.
ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი, თუმცა ის არცერთს არ აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი დღეს იუბილარია, ის 77 წლის გახდა.