20 ივნისს, რუსეთში ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი გაამართლა, რის საფუძველზეც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, თუმცა „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს და ამჯერად, საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.
რუსეთის უშიშროების სამსახური კრიმინალურ “ავტორიტეტს“ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავება. 50 წლის დავით გერლიანის კრიმინალურ წრეებში „დათო სვანის“ სახელით იცნობენ. ის რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე არაერთხელ არის დაკავებული და გასამართლებული.
ბოლოს გერლიანი ეგვიპტეში დააპატიმრეს და რუსეთს გადასცეს. საქართველოში დავით გერლიანის სახელი კრიმინალურთან ერთად, პოლიტიკურ სკანდალსაც უკავშირდება, კერძოდ 2016 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ის ოდესაში დააპატიმრა და საქართველოში გამოაძევა.
გერლიანმა უკრაინული პასპორტითა და ჩაჩიბაიას გვარით უპრობლემოდ გაიარა თბილისის აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და მომდევნო სამი დღის განმავლობაში აღარავის უნახავს. მისი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 2016 წლის 22 ივნისს, ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვართან მოახერხა, საიდანაც გერლიანი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. იმ დღეებში აქტიური განხილვის საგნად იქცა საკითხი, რატომ არ შეატყობინეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებს „კანონიერი ქურდის“ ექსტრადაციის შესახებ და რატომ ვერ მოახერხა შსს-მ გერლიანის დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? საქმე ის გახლავთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმებები, რომელიც უკრაინულ მხარეს ავალდებულებდა, დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ ეცნობებინა.
გაირკვა, რომ უკრაინულმა მხარემ ცალსახად დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმებები, ვინაიდან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყნიდან განხორციელდა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დეპორტაცია, რომლის თაობაზეც ინფორმაცია რატომღაც ცნობილი გახდა არა ოფიციალური სტრუქტურებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მაშინ, ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ წინასაარჩევნოდ „კანონიერი ქურდების“ უპრეცედენტო კონცენტრაცია ხდებოდა.
მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესები „ოდესელების პროვოკაციად“ შეაფასა.შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა და რეგიონის ძალოვან უწყებებსაც საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსენები აკონტროლებდნენ. თავად დავით გერლიანი თავს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად მიიჩნევდა.
მისი ადვოკატის თქმით, გერლიანი ოდესის ერთ-ერთი რესტორნიდან, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, სრულიად უკანონოდ მოიტაცეს და ასევე, უკანონოდ გამოამგზავრეს საქართველოში.
მოკლედ, საქართველო-სომხეთის საზღვარზე დაკავებული გერლიანი 2016 წლის 8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 6500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ ოდესაში დააკავეს.