მგზავრები, რომლებიც Korean Air-ით მომდევნო კვირების განმავლობაში იმგზავრებენ, თვითმფრინავში ასვლამდე შეიძლება აწონონ. ახალ მოთხოვნას სხეულის გამო შერცხვენასთან არაფერი აკავშირებს. Korean Air ერთ-ერთია იმ ავიაკომპანიათაგან, რომლებსაც პერიოდულად თვითმფრინავის წონის მონაცემების დაზუსტება სჭირდებათ და მგზავრების მიმართ ახალი მოთხოვნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი მოთხოვნა იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჯიმპოს საერთაშორისო აეროპორტიდან და 8-19 სექტემბერს ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტიდან იმგზავრებენ. აწონა ანონიმურია და მგზავრების იდენტიფიკაცია არ ხდება.
მგზავრების აწონის შემდეგ ინფორმაცია სამხრეთ კორეის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს გადაეცემა. თუ მგზავრს აწონა არ ენდომება, მას შეუძლია, რომ პერსონალს უარი უთხრას და თვითმფრინავში ისე ავიდეს.
„ვიცით, რომ სასწორზე დადგომა უსიამოვნო შეიძლება ჩანდეს. გვინდა, მომხმარებლები დავარწმუნოთ იმაში, რომ მათ წონას ვერავინ ხედავს, ვერც ჩვენ”, — განაცხადა Korean Air-ის წარმომადგენელმა.
ავიაკომპანიის განცხადებით, მონაცემების შეგროვება საწვავის რაოდენობისა და ბორტზე წონის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.