პროფესორი თამაზ აქუბარდია წერს:
„საკამათო არ უნდა იყოს, რომ სპორტის სახეობებიდან ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული სახეობაა, თუ ყველაზე უფრო გამორჩეული არა. და ეს, იმისდა მიუხედავად, რომ დღეს სპორტი და, მითუმეტეს ფეხბურთი, უდიდესი ბიზნესია, უფრო მეტიც, უბინძურესი ბიზნესი, სადაც უზარმაზარი ე.წ. „შავი ფული“ ტრიალებს.
ამდენად იქ რაც ხდება, ეს რომ გასაჯაროვდეს, წარმოუდგენელ საშინელებას ვიხილავდით. ამის მიუხედავად ხალხს, განურჩევლად იმისა ტოტალიზატორს თამაშობს, თუ არა, ფეხბურთს ეთაყვანება, რადგან ფეხბურთს აქვს ის განუმეორებელი ესთეტიკა, რის გამოც, მიუხედავად ამ სიბინძურისა, იგი მაინც გვხიბლავს და, თუ ამ ესთეტიკას ისიც დაემატება, რომ ეს, შენი ერის წარმომადგენელი გაბრწყინების უმოკლესი გზაც არის, ეს ხომ საერთოდ ჭკუიდან გადაგიყვანს და სწორედ ეს გააკეთა ამ ყმაწვილმა, სულ რაღაც 21-22 წლისამ, – მთელი ჩვენი ქვეყანა ხომ შემოაბრუნა თითქმის უკვე დავიწყებული სპორტის ამ წარმტაცი სახეობისკენ, ამას გარდა ჭკუიდან გადაიყვანა იტალიელი ტიფოზები, უფრო მეტიც, ევროპული ფეხბურთსაც სხვა ხიბლი შემატა. მართლაც რომ სასწაულია.
მან ლუციფერივით მკვდრეთით აღადგინა ქართველთა რწმენა, რომ ჩვენ საფეხბურთო ტალანტების ქვეყანაც ვართ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობს. ამ ყველაფრის შემდეგ კი რაც შემდეგ მოხდა, უბრალოდ აუხსნელია… 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა, ჩვენს ნაკრებს, რომელიც ძირითადში ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული, უნიკალური შანსი ჰქონდა, რომ ჩემპიონიც გამხდარიყო და ოლიმპიადის საგზურიც მოეპოვებინა. უბრალოდ საჭირო იყო ამ ახალგაზრდას გვარი განაცხადში მაინც ყოფილიყო… და რა მოხდა შემდეგ?
ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა თითქოს, კაციშვილს არ უნდოდა ფეხბურთის სამზარეულოს გარეთ გამოტანა და არც ამ ყმაწვილს ეყო გამბედაობა, რომ ხმამაღლა ეთქვა მიზეზი… ჯერ ძალიან ახალგაზრდა არისო, ამბობდნენ და ვერ წავიდოდა დინების წინააღმდეგო, არა და, სოლომონ პირველი16 წლის იყო, ანუ, სამართლის ენით – არასრულწლოვანი, როდესაც მშობლებიან-სანათესაოთი დამთავრებული, რომლებიც უბინძურეს ბიზნეს(?) საქმიანობაში, – ქართველ ქალ-ვაჟთა გაყიდვაში იყვნენ ჩაბმულნი, მათ წინააღმდეგ წავიდა, აღარაფერს ვამბობ ასევე 16 წლის არასრულწლოვან დავით აღმაშენებელზე, რომელმაც ამ ასაკში ეკლესიაში მოკალათებული „ქვაბ-ავაზაკნი წურთნა,“ თუ ასევე 16 წლის ლეგენდარულ ალექსანდრე მაკედონელზე, რომელმაც ამ ასაკში ბერძნები „აოტნა.“
ბოლოსდაბოლოს ბ-ნ კახისთვის ეთქვა, რომლის ავტორიტეტი საფეხბურთო სამყაროში და, მითუმეტეს იტალიურ საფეხბურთო სამყაროში, განუზომლად დიდია, და ის რამდენიმე მილიონი, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრიდა, ასმაგად ანაზღაურდებოდა, აღარაფერს ვამბობ იმ საერთო ეროვნულ სიხარულზე და ხვალინდელი უკეთესი დღის რწმენაზე, რასაც ეს გამარჯვება მოგვიტანდა.“