ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში წერს: „მთელი საქართველო ახლა ევროკავშირიდან სტატუსის მოლოდინინშია და ყველა პოლიტიკური ბანაკში, თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ამ სტატუსს ევროპა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოგვცემს. ჩვენში თითქოს ყველას უნდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არავინ ლაპარაკობს, რა სიკეთეს ან რა უარყოფით შედეგს მოგვიტანს ავანსად გაცემული სტატუსი, საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის პირობებში. არავინ სვამს ამ მიმართულებით კრიტიკულ კითხვებსაც. მე კი, მინდა ვიცოდე…
– ვის სჭირდება ევროკავშირის კანდიდატად ან წევრად – ქვეყანა, რომლის მმართველები, ევროკავშირის მოთხოვნებს განგებ არ ასრულებენ და თორმეტპუნქტიანი გეგმიდან, სამიც არა აქვთ ჯეროვნად შესრულებული…?! – ვის და რაში სჭირდება ქვეყნა, რომელიც რუსეთის უკანა ეზოდ არის ქცეული, რომელსაც კორუფციაში ჩაფლული, პუტინის მარიონეტული რეჟიმი მართავს და ევროპიდან მოთხოვნილი დეოლიგარქიზაციის ნაცვლად, აქ რუსი ოლიგარქის ძალაუფლება – დღითიდღე ძლიერდება…?! – ვის სჭირდება ევროკავშირში ქვეყანა, რომლის მარიონეტი პრემიერი, ევროკავშირის ლიდერებიდან – მხოლო ორბანთან მეგობრობს და მას მიიჩნევს ევროპული დემოკრატიის ეტალონად, ევროპარლამენტარებს კი უშვერი სიტყვებით ლანძღავს…?! – ევროკავშირში ვინ ელოდება ქვეყანას, რომლის ხელისუფლებამაც მსოფლიო ბოროტებასთან მებრძოლ უკრაინას ზურგი აქცია და აგრესორი რუსეთი, ნომერ პირველ ეკონომიკურ პარტნიორად გაიხადა…? – ვის სჭირდება ქვეყნა, რომლის მოქალაქეები, დევნის, შევიწროების, უსახსრობის და უპერსპექტივობის გამო – ქვეყნიდან გარბიან…?! – ევროპაში რა უნდა იმ ქვეყანას, სადაც არჩევნებს, სახელისუფლო რესურსების გამოყენებით, მოსყიდვით, დაშინებით და იძულებით იგებენ და სადაც, დემოკრატიული ცვლილების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს…?! – ზოგიერთი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ სტატუსი მოგვცეს, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ქართველი ხალხის ნებით და მისი ევროპული მისწრაფებით იქნება განპირობებული და არა ხელისუფლების დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი… არ მიმაჩნია სწორად ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ვთვლი რომ ასეთი გადაწყვეტილება, უარეს შემთხვევაში ძალიან დაგვაზიანებს და უკეთეს შემთხვევაში, თურქეთის მსგავსად (რომელიც 1999 წელს გახდა კანდიდატი) ჩაგვტოვებს ამ სტატუსში და დიდი ხნით გადადებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას…
თუ სტატუსის მისაღებად, დიდი ხნის უკან გაცხადებულ ქართველი ხალხის ნებას თვლის საჭიროდ ევროკავშირი და არა ხელისუფლების მიდგომებს, მაშინ რა საჭირო იყო საერთოდ რაღაც მრავალპუნქტიანი გეგმების ჩამოწერა და მოთხოვნების დაყენება…?! პირდაპირ შეეძლოთ მოეცათ. თუ მარტო ხალხის შინაგან განწყობების მაჩვენებლით მოქმედებს ევროკავშირი და ხელისუფლების ქმედებები არაფერს ნიშნავს, ასეთივე წარმატებით შეიძლება ბელორუსსაც მისცენ კანდიდატის სტატუსი… ბელორუსშიც არ უნდა ხალხს მათი ქვეყანა რუსეთის სატელიტი იყოს, რაც 2020 წელს ჩატარებულ არჩევნებში და მის შემდგომ განვითარებულ საპროტესტო მოვლენებში გამოჩნდა, და თავად ლუკაშენკოსაც, ადრე არაერთხელ ჰქონდა ამ გაერთიანებასთან კავშირის სურვილი. და კიდევ ერთი… თუ ქართველი ხალხის მისწრაფება სხვანაირია და ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებული, მაშინ გამოდის რომ ხელისუფლება რომელსაც ევროპა ელაპარაკება, არ ყოფილა ლეგიტიმური… და ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას რატომ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ევროპა, მისი ღირებულებები ალანძღინონ და პარალელურად სტატუსი მიღებაზეც არ უთხრან უარი..?! დიახ, ამ მომენტისთვის მრავალი კითხვა ჩნდება… მე მინდა გითხრათ რა მოხდება, თუ ევროკავშირი დაუშვებს შეცდომას და კანდიდატის სტატუსს მისცემს საქართველოს… პირველი და უმთავრესი: სტატუსის მიღებით, საქართველოს მმართველ რეჟიმს მიეცემა საშუალება, რომ ეს შედეგი საკუთარ წარმატებად გაასაღოს და მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ მათ მიერ წარმოებული პრორუსული პოლიტიკა და დასავლური დირექტივების უგულვებელჰყოფა, სწორი და მართებული ნაბიჯები იყო და ყველა ვინც მათ აკრიტიკებდა, საქართველოს მტერბი იყვნენ… გამოვლენ ივანიშვილის ხელის ბიჭები და გვეტყვიან, რომ ისინი მართლები იყვნენ, როდესაც ლანძღავდნენ ევროპარლამენტარებს და არ ასრულებდნენ ევროპულ რეზოლუციებს…
გვეტყვიან, რომ ევროპას მოუწია მათი სიმართლის და წარმატებული პოლიტიკის აღიარება. მეორე: რეჟიმი უფრო არადემოკრატიული და უფრო ხისტი გახდება როგორც დასავლური სტრუქტუტების, ასევე შიდა ოპონენტების მიმართ… და ამის გამართლებასაც, ევროკავშირის ,,აღიარებით,, გააკეთებენ… მესამე: სტატუსის მიღება, კიდევ ერთი დიდი კოზირი იქნება მომავალი 2024 წლის არჩევნებზე რუსული რეჟიმისთვის… არჩევნები ამ რეჟიმის ხელში ისედაც ფიქციაა და მას, სტატუსის მიღებით ზურგგამაგრებულები, ისე ჩაატარებენ და ისე გაიფორმებენ მოგებას, როგორც თავად სურთ… ისე, რომ ცვლილების არანაირ შანსსაც არ დატოვებენ.
მეოთხე: ყველა ის ფინანსური და ეკონომიკური დახმარება, რაც შეიძლება თან ახლდეს სტატუსის მიღებას, გამოყენებულიქნება არსებული რეჟიმის გასამყარებლად და მისი კეთილდღეობისათვის. ასე და ამგვარად, თუ დღეს ვინმეს ჰგონია, რომ კანდიდატის სტატუსი ივანიშვილის ხელისუფლებას გააკეთილშობილებს, ჩვენს ქვეყანას პროევროპულ, დემოკრატიულ რელსებზე გადაიყვანს და არჩევნებით ცვლილებებს მიგვაღწევინებს, ის ,,ან ჭკვიანი მტერია, ან უგნური მოყვარე“ …
ცდება ისიც, ვინც თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ჩვენ რუსეთს უფრო დავშორდებით… ჩვენს ქვეყანას რუსეთთან, ხელისუფლებები აშორებდნენ ან აახლოებდნენ ყოველთვის და არა სტატუსები. ასე რომ, არ არსებობს დემოკრატია თავისუფლების გარეშე და ის ვერც რუსული მარიონეტული რეჟიმის პირობებში იარსებებს… ამიტომ, ჯობია ევროპა ამ რეჟიმისგან განთავისუფლებაში უფრო ქმედითი მეთოდებით დაგვეხმაროს, ვიდრე ქულები აწერინოს მათ და მათ ხელში ისეთი სტატუსები მიგვაღებინოს, რაც რეალურად არც გვეკუთვნის და რისთვისაც მზად არ ვართ.“