თოჯინები, სათამაშოები და ყვავილები 14 წლის აითაჯის საფლავზე თითქმის ყოველ დღე მიაქვთ. სასტიკად მოკლულ გოგონას ახლა მთელი ბოლნისის რაიონი გლოვობს, თუმცა ვიდრე ცოცხალი იყო და შველს ითხოვდა, მერვეკლასელის ხმა არავინ გაიგო.
გადარჩენისთვის და თავისუფლების აითაჯმა ერთი წელი იბრძოლა, იძულებით ნიშნობიდან საბედისწერო გასროლამდე. სიკვდილის გზაზე აითაჯი ერთი წლის წინ ოჯახმა დააყნა, როდესაც 13 წლის გოგონა სოფელ უსქენდიდან, იძულებით 10 წლით უფროს და მისთვის სრულიად უცხო მამაკაცზე დანიშნეს, სკოლიდან სახლში დაბრუნებულ გოგონას, ბიძის სახლში ასიმ ასლამოვი დაახვედრეს და უთხრეს, რომ ის მომავალი ქმარი იქნებოდა. ასიმ ასლამოვი სკოლის მოსწავლე დისშვილისთვის კახეთში ბიძამ შეარჩია.
ასლამოვების ოჯახი აითაჯის ბიძამ ციხეში გაიცნო. მკვლელობაში ბრალდებულის მამა და მოკლულის ბიძა სასჯელს ერთად იხდიდნენ . ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნატიკ მაგმენოვი დმანისიდან კახეთში, ასლამოვებთან სამუშაოდ ჩავიდა. ის ცხვარს მწყემსავდა და სწორედ ამ დროს შესთავაზა ფინანსურად შეძლებულ ოჯახს, ქორწინება მის 13 წლის დისშვილზე.
ასლანოვები სოფელ ლამბალოში მდიდარ ოჯახად ითვლება. მათი შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა. მათ მფლობელობაშია ცხვრის დიდი ფარა, რამდენიმე ფერმა და მიწის ნაკვეთები. სოფელში ყველამ იცის, რომ მდიდარ სასიძოზე 14 წლის გოგოს იძულებით გათხოვების ინიციატორი ბიძა იყო.
14 წლის აიტაჯის იძულებითი გათხოვების ერთ-ერთი მოტივი რომ ფული და ანგარება იყო, ამ ვერსიას არც პროკურორი გამორიცხავს. ხატია გოგრიჭიანი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ამ მიმართულებითაც მუშაობს. დედის ქმედებები კი ამ ვერსიას რეალურს ხდის.
14 წლის აითაჯი დიდ გაჭირვებაში იზრდებოდა. მშობლები გაცილებულები იყვნენ, ამიტომ გოგონა დედის ოჯახში, დმანისის რაიონის სოფელ უსქენდში, ბიძის სახლში იზრდებოდა. ამ სოფელში სკოლა დანგრეულია, ყოველ დღე სკოლაში რომ ევლო და განათლება მიეღო პატარა ძმასთან ერთად მეშვიდე კლასელი აითაჯი მეზობელ სოფელში, ხარაბულას მიდიოდა და 5 კილომეტრს ფეხით გადიოდა. ერთ დღეს კი გაკვეთილებიდან დაბრუნებულ გოგონას სახლში უთხრეს, რომ მის დასანიშნად იყვნენ მისულები. ნიშნობა შედგამ, თუმცა აიტაჯი ცხოვრებას მშობლების სახლში აგრძელებდა, სკოლაში კი თანაკლასელებს უყვებოდა, რომ გათხოვებას აიძულებდნენ, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა.
საბედისწერო აითაჯისთვის 2023 წლის აგვისტო აღმოჩნდა, როდესაც დმანისში ისევ ის კაცი გამოჩნდა რომელზეც იძულებით დანიშნეს. ასიმ ასიმომა აითაჯის დედას უთხრა, რომ მერვეკლასელთან ერთად გასეირნება სურდა, ასე გაქრა დმანისიდან 14 წლის გოგონას კვალი.
სკოლის მოსწავლე ასიმ ასლანოვმა სოფელ ლამბალოში ბიძასთან მიიყვანა,თუმცა აითაჯმა, რომელიც ქორწინების წინააღმდეგი იყო, იმავე ღამეს გამოქცევა მოახერხა. საპირფარეშოს სარკმლიდან გადახტა, ქუჩაში გაიქცა, რამდენიმე კილომეტრის ფეხით ირბინა და სოფელ ბადიაურამდე ჩააღწია.
ზარი უცხო ნომრიდან აითაჯის დედის ტელეფონზე გვიან ღამით შევიდა, ქალს 14 წლის შვილი შველას სთხოვდა, უთხრა რომ გამტაცებელს თავი დააღწია და სოფელ ბადიაურში საავტომობილო გზაზე მარტო იდგა. აიტაჯის დედა სოფელში წავიდა, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, შვილის დახმარების ნაცვლად ის უკან, კაცთან დააბრუნა.
დედასთან ერთად საქმეში ჩაერთო ბიძაც, ნატიკ მაგარამოვი სოფელში იმავე ღამეს ჩავიდა. ის სკოლის მოსწავლე აშინებდა, რომ თუ არ დარჩებოდა ოჯახს შეარცხვენდა და მის გამო კი სოფელში მკვლელობა მოხდებოდა,რადგან ე.წ. ქმარს ეჭვი ჰქონდა, რომ გოგონას გაქცევაში ვიღაც დაეხმარა.
საბოლოოდ, დედამ და ბიძამ 14 წლის გოგოს დაშინება მოახერხეს და გამტაცებელთან დატოვეს. სკოლის მოსწავლის ცხოვრებაში უმძიმესი დღეები დადგა – არსებობს ვერსია, რომ მას არც გადადგილების უფლება ჰქონდა, ტელეფონიც ჩამოართვეს და სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი. თუ ეს ფაქტები დადასტურდება პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ასიმ ასალნოვს ბრალი კიდევ ერთი მუხლით დაუმძიმდეს.
სახლში ჩაკეტილი გოგონასთვის საბოლოოდ საბედისწერო 5 ოქტომბრის საღამო აღმოჩნდა – იმ დღეს ე.წ. ქმარი სახლში გვიან დაბრუნდა, აითაჯს სახლიდან გაქცევის ამბავი კიდევ ერთხელ მოაყოლა და სთხოვდა დაესახელებინა პირები, ვინც გაქცევაში დაეხმარა. გოგონამ ისევ უთხრა, რომ საპირფარეშოს ფანჯრიდან მარტო გაიქცა. ამის შემდეგ მოძალადე კაცმა სკოლის მოსწავლეს უბრძანა, გაქცევის სცენა გაემეორებინა და სარკმლიდან გადამძვრალიყო, ბიძის სახლში მიიყვანა და აბაზანაში შესვლა სთხოვა, ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ ბრალეულს ეს მკვლელობა და ე.წ. ცოლის დასჯა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
გოგონა ფანჯრიდან გადახტა, რასაც გასროლა მოყვა. 14 წლის აითაჯს 28 წლის კაცმა 5 ტყვია მიჯრით ესროლა. სკოლის მოსწავლის ცხედარი პოლიციას ბრალდებულის ბიძის ეზოში საპირფარეშოს ფანჯრის ქვეშ დახვდა.
შეიძლებოდა თუ არა ამ დანაშაულის პრევენცია და ვინ გაწირა 14 წლის გოგო? – აითაჯს იძულებითი გათხოვების შემდეგ, სკოლაში არ გამოჩენილა. წესით, სისტემატური გაცდენების ამბავი სკოლის დირექტორს რესურსცენტრისთვის, რესურს ცენტრს კი პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა, თუმცა სოფელ ხარაბულას დირექტორმა ფაქტი დამალა. მოსწავლის მოტაცება მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან თავად 2015 წელს საკუთარ მოსწავლეზე დაქორწინდა.
მთელი კოლექტივი ახლა პასუხისმგებლობას იხსნის და ყველაფერს აითაჯის დედას აბრალებს. ამტკიცებენ, რომ მშობელმა მათ იძულებით ქორწინების ამბავი დაუმალა და ჰპირდებოდა, რომ ავად მყოფ შვილს სკოლაში მალე დააბრუნებდა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, გოგონას იძულებითი გათხოვების
ამბავი სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ იცოდა, თუმცა ამ ფაქტზე თვალი დახუჭეს.
დადგება თუ არა სკოლის დირექციის პასუხისმგებლობა? – კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსბებობს .თუმცა საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ რომ პროკურატურა საქმეს ყველა მიმართულებით ძიებს, მათ შორის ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ადგილობრივ პოლიციას არასრულწლოვანის იძულების ფაქტზე და რა რეაგირება მოახდინეს.
14 წლის აითაჯის საქმეზე ახლა პატიმრობაში 5 აადამიანია, მათ შორის მისი 35 წლის დედა ეგანა მაგარემოვა, თუმცა ბრალეულთა წრე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.