ქართველ მოსამართლეს თურქული კლინიკა სასამართლოში უჩივის. ნინო ჯოჯუას მკურნალობის თანხის გადაუხდელობას ედავებიან. უკვე ერთი წელია რაც კლინიკა ჩივის და კუთვნილ 62 ათას დოლარს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ოჯახმა ხელი მოაწერა ყველა საჭირო დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობას იღებდა თანხის სრულად დაფარვაზე, კლინიკაში “მთავარ არხს” განუცხადეს, რომ მოსამართლე გამოჯანმრთელების შემდეგ თანმხლებ პირებთან ერთად საავადმყოფოდან ისე წავიდა, რომ მკურნალობის ხარჯი არ აანაზღაურა. ახლა საქმე სასამართლოშია და თავად მოსამართლეს უჩივიან.
დეტალები:
ნინო ჯოჯუა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. მოსამართლეა მისი მეუღლეც – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლო კლანის წევრად აღიარებული ბესიკ ბუგიანიშვილი. “ბურსა მედიქანას” და მოსამართლეების ურთიერთობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, მაშინ, როცა მოსამართლე ჯოჯუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და სიცოცხლის გადასარჩენად მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.
კლინიკაში შეყვანიდან ორი კვირის თავზე ნინო ჯოჯუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ექიმების ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
თურქული კლინიკის წარმომადგენლების ინფორმაციით პრობლემები მკურნალობის დასასრულს დაიწყო. მაშინ როცა გამოჯანმრთელებული ნინო ჯოჯუა მედპერსონალმა რეაბილიტაციის კურსის დასასრულებლად საავადმყოფოს სასტუმროში გადაიყვანეს. ჯოჯუასა და მის ოჯახს სწორედ იმ დროს გადასცეს ფინანსური დოკუმენტები. 50 დღიანი მკურნალობისთვის თურქული კლინიკა 82 000 დოლარს ითხოვდა. გადასახდელი თანხის ოდენობა ოჯახმა წინასწარ იცოდა. ეს წერიან იმ დოკუმენტებშიც რომელიც “მთავარმა” კლინიკიდან მოიპოვა. საბუთებით დასტურდება რომ ოჯახი სრულად აცნობიერებდა და ეთანხმებოდა საავადმყოფოს ხარჯთაღრიცხვას. დოკუმენტებშია ხელშეკრულებაც რომლითაც დასტურდება, რომ მოსამართლის ოჯახმა პირველ ეტაპზე თანხის ნაწილი 20 ათასი დოლარი გადაიხადა. დარჩენილი 62 ათასისთვის კი ისინი რამდენიმე დღეს ითხოვდნენ. ამ შეთანხმებას პაციენტის მხრიდან ხელი მოსამართლის ძმამ ჯუმბერ ჯოჯუამ მოაწერა.
თუმცა როგორც საბუთებით ირკვევა მოსამართლის ოჯახმა შეთანხმება დაარღვია. სამკვირიანი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ჯოჯუებმა საავადმყოფოს სასტუმრო ისე დატოვეს, რომ ხელშეკრულებით დადებული ვალდებულება არ შეასრულეს. საქართველოში დაბრუნდნენ, პასპორტები კი კლინიკაში დატოვეს.
კუთვნილი თანხის მისაღებად კლინიკამ სამართლებრივი დავა საქართველოში დაიწყო და სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. იქ სადაც მოსამართლე ჯოჯუას მაზლი, უვადოდ განმწესებული ვალერი ბუგიანიშვილი მუშაობს. კლინიკა ბურსა მედიქანასა და მოსამართლე ნინო ჯოჯუას დავას ახლა თამარ ხაჟომიას იხილავს. მოსარჩელეს ქართველი წარმომადგენელი ამბობს რომ საქმე უპრეცედენტოა, რადგან ქართული სასამართლოს ისტორიაში მსგავსი დავა არ იძებნება.
პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, მას მედია არ დასწრებია. მეორე სხდომაზე კი რომლის გადაღებაც “მთავარს” უნდოდა, მოსამართლე ხაჟომიამ ჯოჯუა-ბუგიანიშვილის ადვოკატის შუამდგომლობით დახურა. თავად ნინო ჯოჯუა განხილვას არ ესწრებოდა. საინტერესოა აქ კიდევ ისაა, რომ მოსამართლე ჯოჯუას ინტერესებს სასამართლოში მისი რძალი – მოსამართლე ვალერი ბუგიანიშვილის მეუღლე – ნატალია თავაძე იცავს. სხდომის დახურვის მოთხოვნის მიზეზი პირადი ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე იყო.
დეტალების დასაზუსტებლად ნინო ჯოჯუასთან დაკავშირებას ჩვენ რამდენიმე დღე ვცდილობდით. ბოლნისის სასამართლოს მოსამართლემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მასთან შეხვედრა ვერც საცხოვრებელ სახლში შევძელით. იქ მისულებს ადგილზე მხოლოდ ჯოჯუას მაზლი – მოსამართლე ვალერი ბუგიანიშვილი დაგვხვდა.
მოსამართლის ოჯახი ამტკიცებს რომ კლინიკა იტყუება, მაგრამ ამის დამადასტურებელ ფაქტებზე საჯაროდ არ საუბრობენ.
წყარო: მთავარი არხი