იზა ვეფხვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საოცარი, დაუჯერებელი ამბის მომსწრე გავხდით რამდენიმე წუთის წინ: ბაგრატის ტაძარში მოსალოცად ავედით ბატონ ტარიელ ხარხელაურთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ მარინასთან ერთად. ბატონი ტარიელი ჯვარცმასთან იდგა და უფალს შენდობას სთხოვდა. უცებ, მის ხელში, რომელშიც სანთლები ეჭირა და ახლოსაც კი არ იყო სასანთლესთან, ერთბაშად ოთხი სანთელი თავისით აინთო… დიდება უფალს… არ ვიცი, რა ვთქვა… ბატონი ტარიელი, ქალბატონი მარინა და ყველანი გაოგნებულნი ვართ… შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი…
ამ ამბავს მრავალსიტყვაობა არ უხდება… უფალი ხილულ სასწაულებს მოუვლენს რჩეულთ…“
ტარიელ ხარხელაური – ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლის გახსნაზე გახლდით სტუმრად მიწვეული. ბავშვებთან შეხვედრა მქონდა. შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ბაგრატის ტაძარი მოვილოცე. მივედი ჯვარცმასთან ხელში ხუთი სანთლით. ვდგავარ მაცხოვრის ჯვარცმის წინ და უფალს შევთხოვ: უამრავჯერ გიპატიებია შეურაცხყოფა და იქნებ ახლაც აპატიო ამ ცოდვილ სამყაროს-მეთქი…
უცებ, ამ დროს, ხელში სითბო ვიგრძენი; ხუთ სანთელში აქედან-იქედან ორ-ორი აინთო, შუა სანთელი არ აინთო! სანთლებთან ახლოს არ ვმდგარვარ. რა ახლოსაც არ უნდა ვმდგარიყავი, ასე ერთდროულად სანთლები ვერ აინთებოდა! ალი ავარდა!
ეს სასწაული რამდენიმე საათის წინ მოხდა და ახლაც გაოგნებული ვარ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. თვითონ მიკვირდა სხვა რომ ჰყვებოდა, ან გავიგებდი. დღეს საკუთარი თვალით ვიხილე…