კახაბერ ადამია: „რამ დაგვამონა?!“

კახაბერ ადამია: „რამ დაგვამონა?!“ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი კახაბერ ადამია.სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენ, ქართველებმა, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, მართალია ძალიან ბევრი პრობლემა გადავიტანეთ, მაგრამ როგორც ერმა, დიდად ვერაფერი ვისწავლეთ და ვერც გავძლიერდით…

ჩვენგან განსხვავებით, სხვა ერები, მსგავსმა გასაჭირმა და კიდევ უფრო დიდმა პრობლემებმა, უფრო შეკრა და ყველანაირად გააძლიერა… ჩვენ რა დაგვემართა?! სულიერად ასე რამ დაგვამონა, რომ დღეს, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის კიარა, სიმართლის თქმისაც რომ გვეშინია..?! სანამდე შეიძლება, ყველა ჩვენი უბედურება, ან ბედნიერება, ერთ კაცს დავაბრალოთ…?! სანამდე შეიძლება ვიძახოთ, „იმან დაგვაქცია… ამან აგვაშენა,, ?! სანამდე შეიძლება ჩვენს ისტორიას, ყველა ეპოქაში, ერთი ადამიანი წერდეს, შავად თუ თეთრად..?! არც აღმაშენებლები ყოფილან მარტო და არც დამაქცევარნი… ორთავე პროცესს ყოველთვის, მისი ,,აღმატებულება“ ქართველი ხალხი ახლდა თან, თუმცა ისტორიული პასუხისმგებლობის გარეშე, რადგან ჩვენს ხალხს თავისი როლი არასოდეს ჰქონდა გათავისებული არც შენებაში და არც ნგრევაში… ყველაფერს ერთ ადამიანზე ვაგებდით ყოველთვის და ცუდსაც და კარგსაც – მას მივაწერდით… რაც შეეხება დღევანდელობას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერის სულიერი დაცემა, განათლების დეგრადაციამ და მორალური ფასეულობების დაკარგვამ გამოიწვია, რაც დიდი ხნის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება… და ამ დაცემაში, ყველა ხელისუფლებამ თავისი წილი აგური დადო… სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხი, მეოცე საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს, ავადსახსენებელი კომუნისტური სახელმწიფოს ბოლო ფაზაში, გაცილებით უფრო განათლებული, ერუდირებული, მორალურად გამართული და საბრძოლოდ მომართული იყო, ვიდრე დღესაა… და სწორედ ამან გამოიწვია იმ დროს, ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული მოძრაობის აღზევება და ერის წინამძღოლად, არა მხოლოდ განათლებული და მებრძოლი, არამედ ზნეობრივი ლიდერების მოსვლა… იმ ქვეყანაში, სადაც ხალხს განათლება არ აქვს და მორალურ ფასეულობებიც დანგრეულია, ყოველთვის დიდი პრობლემებია… იქ, ავადმყოფი ექიმის ხელიდან კვდება და სამართალი – მოსამართლის ხელიდან… შენობები – მშენებლებს ენგრევათ თავზე და ეკონომიკა – ეკონომისტებს… ასეთ ქვეყანაში, ცნობილი სპორტსმენებიც და ხელოვნების მუშაკებიც, გადაგდებულ გროშებზე მოცეკვავე ჯამბაზებს და მასხარებს ემსგავსებიან… ცოდნისა და მორალის გარეშე დარჩენილ საზოგადოებაში, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების უმეტესობა, ქუჩაში მდგარ იმ როსკიპებს გვანან, რომელთა ყიდვა ნებისმიერ ფულიანს შეუძლია…

უცოდინარ და მორალისგან დაცლილ ხალხში, რომელსაც ზნეობრივი ლიდერები არ ჰყავს, ადამიანების ღირსებას და თავისუფლებას – ისევე როგორც ფულს და ქვეყნის ქონებას, უზნეო ხელისუფალნი და რელიგიის მსახურები შეიწირავენ ხოლმე… ასეთ ქვეყანაში, გმირი და ბრძენი ადამიანები, დევნილ მათხოვრებად გადაიქცევიან და მოღალატეები – გმირებად… და ამ ყველაფერთან ერთად, მთავარ ღირებულებას, სიმართლეს ეკარგება ფასიც და აზრიც… არაფერი ისე არ სჭირდება ერს, როგორც განათლება და მორალური ფასეულობის ჰქონა… ახლა ჩვენ, არც ერთი გვაქვს და არც მეორე, ამიტომაც ვართ ამ გაწამაწიაში.“