ბოლო ცნობების თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს, მისი თანამშრომელი შივონ ზილისისგან მესამე შვილი შეეძინა. როგორც Bloomberg-ის გამოცემა იტყობინება, მასკს ზილისისგან მესამე შვილი წელს შეეძინა.
ილონ მასკმა 2022 წელს გაამჟღავნა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების გზით ზილისთან ტყუპი ბავშვები შეეძინა. ბლუმბერგისავე ცნობით, მასკს, რომელიც მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი მამაკაცია, მინიმუმ 12 შვილი ჰყავს, რომელთაგან 6 ბოლო 5 წლის განმავლობაში შეეძინა (3 შვილი შივონ ზილისთან, 3 კი კანადელ პოპ-ვარსკვლავ გრაიმსთან ეყოლა).
მასკის აზრით, ცივილიზაციის ყველაზე დიდ საფრთხეს შობადობის კლება წარმოადგენს, რის გამოსასწორებლადაც ღონეს თვითონვე არ იშურებს. ის დიდი ხანია ავრცელებს იმ არასწორ თეორიას, რომ მსოფლიოს მოსახლეობა გადაშენების პირასაა, წერს Bloomberg-ი. გაეროს პროგნოზით, გლობალური ზრდის ტემპის შემცირების მიუხედავად, მსოფლიოს მოსახლეობა მატებას განაგრძობს და საუკუნის ბოლომდე 10 მილიარდს მიაღწევს, წერს გამოცემა.
მასკის მეთორმეტე შვილის შესახებ სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც მილიარდერი მისდამი დაქვემდებარებული ქალების სექსუალურ შევიწროვებასა და მათდამი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულეს.
Wall street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია SpaceX-ში მასკმა თავის ერთ-ერთ ქვეშევრდომ ქალს რამდენჯერმე სთხოვა მისი შვილების გაჩენა. თვის დასაწყისში კი ამავე კომპანიის 8 თანამშრომელმა (ოთხმა ქალმა და ოთხმა მამაკაცმა) მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩლეების მტკიცებით, მათ სამსახურის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც სამუშაო ადგილზე ქალების შევიწროების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. სარჩელშივე არის ნათქვამი, რომ მასკის საქციელი ხელს უწყობდა კომპანიაში გავრცელებულ “სექსისტურ კულტურას” და რომ ქალი ინჟინრები რეგულარულად შევიწროების ქვეშ იყვნენ, მათ შეშფოთებას კი ზემდგომები თვალს არიდებდნენ.
წყარო: ამბები.გე