მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა-ფშაველას შესახებ ბევრი დაწერილა, ლიტერატორები მაინც აღნიშნავენ, რომ 21-ე საუკუნის გადასახედიდან ის ჯერ კიდევ შეუცნობელი ფენომენია. ვაჟა-ფშაველას პიროვნების და ცხოვრების შესახებ გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან არაბული. ინტერვიუ ჟურნალ “გუმბათში” გამოქვეყნდა.
– ბატონო ამირან, ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფები პოეტის დაბადების თარიღად 1861 წელს ასახელებენ, თავად ვაჟა-ფშაველა კი – 1862 წელს. რატომ?
– მაშინ ასეთი მოწესრიგებული არ იყო ახალშობილის დაბადების ზუსტი თარიღის დაფიქსირება. ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მის ბიოგრაფებს ასეთი განსხვავებული აზრი შეექმნათ. თავად ვაჟა-ფშაველა თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს ასახელებს, ხოლო მისი ბიოგრაფები – 1861 წლის 14 ივლისს. პროფესორმა იუზა ევგენიძემ, რომელიც პოეტის ცხოვრებას და შემოქმედებას იკვლევდა, დაადგინა, რომ ვაჟას დაბადების თარიღია ის, რასაც თავად პოეტი მიუთითებს.
პოეტის დაბადება ჩვეულებრივი არ ყოფილა. როდესაც ის დაიბადა, ისეთი დიდი თმები ჰქონია, რომ თვალებს უფარავდა. ვინც მის დაბადებას შეესწრო, ყველამ განსხვავებული და უჩვეულო მომავალი უწინასწარმეტყველა. მართლაც, მისი ცხოვრება ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული იყო.
– რაზიკაშვილების გვარის წარმომავლობაზე რას გვეტყვით?
– თავად ვაჟა-ფშაველა წერდა, წმინდა ფშაველი ვარ, დედითაც და მამითაცო. მაგრამ მკვლევართა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ რაზიკაშვილები მოდიან ღუდუშაურებიდან. ღუდუშაურების საგვარეულო სოფელი ხევის სოფელი სნოა. სნოში ღუდუშაურები რამდენიმე გვარად იყოფიან: შიოლაშვილები, აქიაშვილები და ასე შემდეგ. სოფელ სნოდან წამოვიდა ღუდუშაურების გვარის კაცი, რომელიც ჯერ ცაბაურთთემში დასახლდა, მერე აფხუშოში, ბოლოს კი – ჩარგალში. პოეტის შორეული წინაპარი რაზიკა იყო, სწორედ ამ სახელიდან წარმოიშვა მისი გვარი.
– ვაჟა-ფშაველას განსაკუთრებით უყვარდა თავის წინაპრებზე საუბარი.
– კი. მათი საგმირო საქმეებით ყოველთვის მოხიბლული იყო. გადმოცემის თანახმად, ვაჟა-ფშაველას პაპის მამა, იმედა რაზიკაშვილი, თეთრ ცხენზე ამხედრებული, შიშის ზარს სცემდა ფშავში მოთარეშე ლეკებს. როდესაც იმედა გარდაიცვალა, მასზე ხალხური ლექსებიც შეიქმნა.
– მის მშობლებზე რას გვეტყვით?
– მამამისი, პავლე რაზიკაშვილი, იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. მისი ოჯახი არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან. პავლე ისეთივე უქონელი, ისეთივე ღარიბი, მაგრამ მშრომელი ადამიანი იყო. მე-19 საუკუნის შუა ხანებში სკოლაში სიარული და წიგნების კითხვა აუგ საქმედ ითვლებოდა. მშობლები შვილებს სკოლაში სიარულს და წიგნის კითხვას უშლიდნენ, მაგრამ პავლე მამამის, გივის არ უჯერებდა და სწავლას განაგრძობდა. გივიმ შვილს ვერაფერი რომ ვერ შეაგნებინა, თოფით დაედევნა მოსაკლავად. ამ ინციდენტის შემდეგ პავლე იძულებული გახდა, სწავლის მისაღებად კახეთის ერთ-ერთ მონასტერში წასულიყო. იქ კარგად შეისწავლა საღვთო წიგნები და საღვთო რჯული. ფშავში რომ დაბრუნდა, მთავარ დიაკვნად დანიშნეს მაღაროსკარში და ჩარგალში. ბოლოს ჩარგალში დაბრუნდა და სიკვდილამდე ჩარგალში ცხოვრობდა.
პოეტის დედა, გულქან (ბარბარე) ფხიკლეშვილი, თიანეთის რაიონის სოფელ სხლოვანიდან იყო. გულქანი უკეთილშობილესი ქალი ყოფილა. ჩარგალში, შორით მომავალ მგზავრს რომ დაინახავდა, შინ შეიპატიჟებდა, მოასვენებდა, დააპურებდა და ისე გაუშვებდა თავის გზაზე. ამაზე თურმე პავლე ხუმრობდა, სახლი წყალს და ქარს წააღებინაო. თავად ბევრი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ რაც ჰქონდათ, ყველას უზიარებდნენ.
პავლეს და გულქანს 6 შვილი შეეძინათ: გიორგი, მართა, ლუკა (ვაჟა-ფშაველა), თედო, ნიკო (ბაჩანა) და სანდრო (ალექსანდრე).
პოეტს ერთდროულად დაეხოცა მშობლები. 1890 წლის სექტემბერში ჯერ დედა გარდაეცვალა, მომდევნო თვეში კი – მამა. მშობლების გარდაცვალებამ დიდად იმოქმედა პოეტზე. მიუხედავად იმისა, რომ 6 და-ძმანი იყვნენ, ჩარგალში, მამა-პაპის ფუძეზე მხოლოდ ვაჟა-ფშაველა დარჩა. დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასახლდნენ. მისი ერთ-ერთი ძმა, თედო, თბილისში, ხელთუბანში ცხოვრობდა. თუმცა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და დიდი სიყვარული აკავშირებდათ.
– როგორც ცნობილია, მომავალ პოეტს წერა-კითხვა მამამ შეასწავლა.
– პავლემ თავიდანვე შეამჩნია, რომ პატარა ლუკა ნიჭიერი და სწავლას მოწყურებული იყო, ამიტომ 8 წლის ასაკში შეიყვანა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ სასწავლებელში ლუკამ 6 წელი გაატარა, მაგრამ ეს წლები მისთვის საინტერესო და ბევრის მომცემი არ ყოფილა. სასწავლებელში აიძულებდნენ ლათინური და ბერძნული უაზრო ფრაზების დაზეპირებას, ეს კი ლუკა რაზიკაშვილის გემოვნებას არ ესადაგებოდა. შეიძლება ამიტომაც იყო, რომ იმ საკლასო ოთახში, სადაც ბავშვები მეცადინეობდნენ, ლუკასთვის ადგილი არ გამოინახა. ის მთელი ორი წლის განმავლობაში საკლასო ოთახის ბუხარში იჯდა, საიდანაც თვალყურს ადევნებდა სწავლის პროცესს.
თელავის სასულიერო სასწავლებელში ლუკა რაზიკაშვილი იწერებოდა რაზიკოვად. ლუკას ხიბლავდა საკუთარი გვარის არაქართული ხმოვანება და ბევრი მისი პირველი კორესპონდენცია (ფშავიდან, ხევსურეთიდან) რაზიკოვის ხელმოწერით არის გამოქვეყნებული.
– მის პირველ სიყვარულზე რას გვეტყვით?
– თელავში ვაჟა-ფშაველა მთელ დღეებს მუშტი-კრივში ატარებდა. ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობდა. ტოლს არავის არაფერში უდებდა. მის ტოლებში არავინ იყო მომრევი. სწორედ თელავში ყოფნის დროს, 13-14 წლის ასაკში, ლუკას პირველად შეუყვარდა თანატოლი გოგონა, რომლის ვინაობა ცნობილი არ არის. ლუკა თავის რჩეულს გრძნობაში არ გამოუტყდა. შეყვარებულს ვერ გაუმხილა თავისი გრძნობები, თანაც თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა, გოგონასთან მისულიყო და სიყვარულში გამოტყდომოდა, ეშინოდა, ქალს უარი არ ეთქვა.
როგორც ამბობენ, ვაჟას ჰყავდა წაწალიც. ის ჩარგალში, მდინარის გაღმა ცხოვრობდა. მაგრამ მათი ხშირი შეხვედრა, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამ სიყვარულს მიუძღვნა ლექსი: “გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ”…
– თბილისის და გორის სემინარიებში გატარებულ წლებზე რას გვეტყვით?
– თელავის სემინარიის შემდეგ ვაჟამ სწავლა თბილისის სამოქალაქო სემინარიაში გააგრძელა, მაგრამ არც თბილისში ყოფნის პერიოდი იყო მისთვის საინტერესო. თბილისში თავის გიმნაზიელ მეგობარ ანდრიევთან ერთად, ანტონ ფურცელაძესთან მივიდა (მაშინ ანტონ ფურცელაძე უკვე ასაკოვანი მწერალი იყო) და თავისი 15 ლექსი, რვეულში გადაწერილი, აჩვენა. რვეულს ეწერა “ლუკა რაზიკაშვილის ლექსები”. ანტონ ფურცელაძემ რვეული დაიტოვა და ლუკა რამდენიმე ხნის მერე დაიბარა. ბუნებრივია, ხანდაზმულ მწერალს ძალიან მოეწონებოდა ლექსები და შეხვედრის დროს დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა.
ვაჟა-ფშაველა თბილისშიც გაუტეხავი სულის ადამიანი იყო, ვერ იტანდა, უბრალო ადამიანის შვილებს არისტოკრატის შვილები რომ დასცინოდნენ და ჩაგრავდნენ. ამიტომ მათ აბუჩად იგდებდა და ხშირად მუშტი-კრივში იწვევდა. განსაკუთრებით უყვარდა მუშტაიდის ბაღში მეგობრებთან ერთად ყოფნა. მუშტაიდის დარაჯებმა ახალგაზრდა ვაჟას მეტსახელად “ჭროღა (თუთის სიყვარულის გამო) ფშაველი” შეარქვეს. მალე ლუკა თბილისიდან გორის სემინარიაში გადავიდა. გორის სემინარიის დირექტორმა სემიონოვმა პირველმა დაინახა და დააფასა ახალგაზრდა ლუკაში ის ნიჭი, რაც მან შემდგომში გამოავლინა.
– ვინ დაეხმარა პეტერბურგში სასწავლებლად წასვლაში?
– ლეგენდარული მოჭიდავე კულა გლდანელი. ამ კაცს გლდანში ჰქონდა დუქანი და საქონლისთვის ბაკები. სოფლიდან ჩამოსული ხალხი, რომლებსაც შაბათ-კვირას ბაზარში საქონელი უნდა გაეყიდათ, კულა გლდანელთან ჩერდებოდნენ. ისიც ჩამოსულებს ხელს უწყობდა. ერთხელაც, ჩარგლიდან ჩამოსულ ფშავლებს ლუკაც ახლდა და მან ღამე დუქანში გაათენა. მაშინ გაიგო კულა გლდანელმა, რომ ლუკას პეტერბურგში წასვლა უნდოდა და დახმარება აღუთქვა. კულამ თიანეთში ჭიდაობა ჩაატარა და მთელი შემოსავალი ლუკას პეტერბურგში წასასვლელად გადასცა. იმ დროს პეტერბურგში ლუკას უფროსი ძმა, გიორგი, სწავლობდა. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლუკა თავისუფალი მსმენელი იყო. იქ მან მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. ძალიან უჭირდა, ხშირად ლუკმა-პური არ გააჩნდა. გაჭირვების გამო იძულებული შეიქმნა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.
– ვინ და რატომ შეარქვა ლუკა რაზიკაშვილს ვაჟა-ფშაველა?
– ეს სახელი პეტერბურგში ყოფნის დროს შეარქვეს. პეტერბურგში იყვნენ წოვა-თუშები, ცისკარიშვილები, მათ ძალიან მოსწონდათ ლუკა და სულ ამბობდნენ: ნახეთ, როგორი ვაჟია ფშაველიო. სწორედ აქედან წამოვიდა მისი ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა.
პეტერბურგში ლუკას და გიორგის რესტორანში მოკრივესთან და 25 კაცთან მოუხდათ ჩხუბი, თვითმხილველები გაოცებულნი ყოფილან, როგორ მოერია 2 ქართველი ამდენ ხალხსო. ამბობენ, რომ ვაჟამ ამ ინციდენტის გამო დაწერა ლექსი “არწივი”.
– თუმცა, ამ ლექსის დაწერის ისტორიას პატრიოტიზმს და ქალთან დაკავშირებულ ამბავსაც უკავშირებენ.
– დიახ, ამ ლექსის შექმნის ისტორიას პოეტის ცხოვრებიდან რამდენიმე შემთხვევას უკავშირებენ. ვაჟა-ფშაველა როდესაც შინამასწავლებლად დადგა თიანეთის მაზრის სოფელ ოთარაშენში, თავად ამილახვრის ოჯახში (ამილახვრის ვაჟს, გიორგის ასწავლიდა), იქ გაიცნო და შეუყვარდა თავად ამილახვრის უკანონო შვილი, კეკე (ეკატერინე) ნებიერიძე, რომელიც მოსამსახურედ იყო. კეკე ულამაზესი ქალი ყოფილა, მაგრამ სუსტი აღნაგობის და ტანმორჩილი. ამიტომაც ახალგაზრდა გარდაიცვალა 1902 წელს. ვაჟას მისგან 4 შვილი დარჩა. როდესაც ვაჟა-ფშაველას ოთარაშენიდან მოჰყავდა კეკე ჩარგალში, თავისიანებს შეუთვალა, მცხეთასთან დამხვდითო. მცხეთიდან არაგვის ხეობაში წავიდნენ და მაღაროსკარში გაჩერდნენ. მაღაროსკარში ვიღაცა უშნოდ წაექილიკა ცოლთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველამაც არ მოითმინა და ყური ჩამოათალა. ლექსში “არწივი” დაჭრილ სამშობლოსაც გულისხმობენ.
– თქვენ რომელი ისტორია მიგაჩნიათ სწორედ?
– ჩემი აზრით, ეს ლექსი შეიქმნა სამშობლოზე, რადგან ვაჟა-ფშაველა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგამოდებული მებრძოლი იყო. 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომი ყველასთვის ცნობილია, ისიც ცნობილია, თუ რა ემუქრებოდა საქართველოს მაშინ. ვაჟა-ფშაველა მოთავე იყო ფშავ-ხევსურების შეკრებისა, სიტყვითაც გამოდიოდა. მაღაროსკარის ეკლესიაში და აფხუშოში ხატობაზე ხალხს მოუწოდებდა ერთიანობისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ. გადმოცემის თანახმად, სოფელ აფხუშოში (დღეს ამ სოფლის კვალიც აღარ არსებობს) ხატობაზე ვაჟამ მთიელები დააფიცა საქართველოს ერთგულებაზე, ხანჯლით ცერი თითი გადაისერა და სისხლი ღაჭაურას მუზარადს (სოფელ აფხუშოში ღაჭაურა ცნობილი გმირი იყო, რომელიც ლეკებს ებრძოდა, მათი ბელადიც მოკლა) დააწვეთა. არსებობს ფოტოსურათი, სადაც ვაჟა-ფშაველას მარცხენა მუხლზე ხმლით ჩაჭრილი ღაჭაურას მუზარადი უდევს. ვაჟა-ფშაველა რისკზეც მიდიოდა. მთელი ორი კვირის განმავლობაში ტყიდან არ გამოსულა, რადგან სდევნიდნენ, თუმცა, დაჭერასაც ვერ ბედავდნენ.
– რატომ არ იჭერდნენ?
– იმიტომ, რომ მის დაჭერას მთაში დიდი მღელვარება მოჰყვებოდა.
– ვაჟა არ დაიჭირეს, მაგრამ მისი შვილი, ლევანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრობას შეეწირა.
– დიახ. ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გიმნაზიის მეგობარი იყო. მერე ფშავში პოლიციის უფროსად მუშაობდა. იმის მაგივრად, რომ ქაქუცა ჩიხში მოემწყვდია და დაეჭირა, პირიქით, ეხმარებოდა, რომ მშვიდობიანად გაეღწია ფშავის მთებიდან და პანკისისკენ წასულიყო. ეს არ აპატიეს და ლევანი დახვრიტეს.
– თუმცა, იმდროინდელმა მეცნიერებმა სცადეს მისი გადარჩენა.
– სერგო ორჯონიკიძესთან მივიდნენ პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი და შალვა დადიანი, რომლებმაც სთხოვეს ლევანის შეწყალება, მაგრამ სერგომ მიუგო: ვაჟა-ფშაველა ცოცხალი რომ იყოს, მასაც დავიჭერდითო.
– რითი გარდაიცვალა პოეტს პირველი მეუღლე?
– სიმძიმის აწევით მუცელი მოეშალა და გარდაიცვალა. ვაჟა იმ დროს დასთან, მართასთან, ყვარელში იყო. და ყვარელში ჰყავდა გათხოვილი და სურსათის შესაგროვებლად ჩავიდა. სანადიროდ იყო დისწულთან ერთად, როცა მეუღლის გარდაცვალება შეატყობინეს. ჩარგალში რომ ჩავიდა, კეკე რამდენიმე დღის დასაფლავებული დაუხვდა. ცოლის დაღუპით გამოწვეული დარდი არავის რომ არ შეემჩნია, ფანდური კედლიდან ჩამოიღო და დაუკრა ლექსი “იას უთხარით ტურფასა”:
– მეორე მეუღლე ვინ გააცნო?
– მეორე მეუღლე, თამარ დიდებაშვილი, რომლისგანაც ვახტანგი შეეძინა, თავად გაიცნო. თამარი ჟინვალის ზემოთ მდებარე სოფელ ხორხიდან მოიყვანა. თამარს რომ ირთავდა, შვილები დედინაცვალს მოარიდა და ძმას, ბაჩანას, მაღაროსკარში ჩაუყვანა. როცა ხორხიდან ჩარგალში მიდიოდნენ, გზად მაღაროსკარი უნდა გაევლოთ და ვაჟა ძმის ოჯახში მივიდა. ბავშვები ტირილით გამოეგებნენ და თამარსაც ჩაებღაუჭნენ. ვიღაცას თამარისთვის უთქვამს, გული უჩვენე, ცოდონი არიანო. თამარმაც გული უჩვენა ობლებს, მაგრამ შემდგომში გულქანი დედინაცვალს მაინც ცივად მოიხსენიებდა.
– როგორი იყო ვაჟა-ფშაველა შემოქმედების პროცესში?
– ის ამ დროს სხვა სამყაროში გადადიოდა. არ უყვარდა, როდესაც მუშაობას ვინმე შეაწყვეტინებდა. წერდა ჭრაქზე, ლამპის შუქზე. ბუნებით ფიცხი იყო, მაგრამ მალე გადაუვლიდა ბრაზი. სათიბში ან სახნავში როცა მუშაობდა, რაღაცა გაახსენდებოდა, მიატოვებდა სამუშაოს, სახლში წავიდოდა, მაგიდას მიუჯდებოდა და წერდა.
– ლიტერატორები ხმამაღლა ერიდებიან იმის თქმას, მაგრამ საუბრისას აღნიშნავენ, რომ ვაჟა-ფშაველა ილია ჭავჭავაძეს უფრო აფასებდა, ვიდრე აკაკის.
– ილია ჭავჭავაძე ვაჟა-ფშაველას პოეზიას რომ გაეცნო, გულწრფელად აღნიშნა, შოთა რუსთაველის შემდეგ ასეთი დიდი პოეტი არ გვყოლიაო. აკაკიმ კი ენა დაუწუნა: ენას გიწუნებ, ფშაველოო. სავსებით შესაძლებელია, რომ მან ეს პოეტური შურით და ჯიბრით გააკეთა. აკაკის ეს რომ არ ეთქვა, ვაჟა-ფშაველა არ დაწერდა შედევრს “დაგვიანებული პასუხი”. ვაჟა-ფშაველა ილიასთან საგურამოში ხშირად ჩადიოდა. ერთხელ ჩარგალშიც კი მიიწვია ილია. ილიას ჩარგალში ძალიან კარგი მასპინძლობა გაუწიეს, კალმახი დაიჭირეს, ხინკალი გააკეთეს და ჟიპიტაური მიირთვეს.
– ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის ბოლო წელი როგორი იყო?
– გაჭირვებამ და ხელმოკლეობამ სულიერად გატეხა პოეტი და ჯანმრთელობაც შეურყია. ხშირად შეშაც არ ჰქონდა. ამიტომ, სველი პლევრიტით დაავადდა. 1913-1914 წლებში ის უკვე სერიოზულად ავადმყოფობდა.
1915 წლის 23 მაისს ვაჟას იუბილე მოუწყვეს მოღვაწეობის 35 წლისთავის აღსანიშნავად. მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო, ვაჟა ორთაჭალის ბაღებში საქეიფოდ წაიყვანეს. იმ ღამეს უარესად გაცივდა. ძმასთან სახლში რომ მივიდა, ლოგინში ჩაწვა და აღარც ამდგარა. როდესაც მისი ჯანმრთელობა დამძიმდა, გადაიყვანეს სამხედრო ლაზარეთში. ეს ლაზარეთი განთავსებული იყო თსუ-ის პირველ კორპუსში. პოეტს ძალიან კარგად უვლიდნენ როგორც ექიმები, ისე მედდები, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ბოლოს გადაწყვიტეს, სურამში ან წაღვერში გაეგზავნათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან ივლისის დღეებში უფრო დამძიმდა. ლოგინად ჩავარდნილი პოეტი ჩარგალში წასვლას ითხოვდა, მას სჯეროდა, რომ მშობლიური ჰაერი და მთის წყალი უშველიდა. ბოლოს თავის ძმას და შიო მღვიმელს სთხოვა, მთაწმინდიდან მთის ცივი წყალი მოეტანათ. როდესაც მთის ცივი წყალი მიირთვეს, ძალიან ესიამოვნა. მაგრამ ვაჟა-ფშაველას დღეები უკვე დათვლილი იყო. 1915 წლის 27 ივლისს სამხედრო ლაზარეთში, საღამოს 7 საათზე, დიდი პოეტის გულისცემა სამუდამოდ შეწყდა.