ელგუჯა ტარტარაშვილის მორიგი სენსაციური ოპერაცია

ელგუჯა ტარტარაშვილის მორიგი სენსაციური ოპერაციასამშობიარო სახლ „ჰერაში“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ელგუჯა ტარტარაშვილის მიერ ჩატარებულ სენსაციურ ოპერაციათა რიცხვი გაიზარდა.
2017 წელს მან, მსოფლიოში პირველმა, პაციენტ ქ.მ.-ს ამოკვეთა 6 თვის ორსულობის ზომის ინტერსტიციული მიომა და შეუნარჩუნა საშვილოსნო. ასეთი რთული გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ 37 წლის ასაკში პაციენტი ქ.მ. დაორსულდა და 2023 წელს კვლავ მიმართა ელგუჯა ტარტარაშვილს. აყვანილი იქნა აღრიცხვაზე და იმყოფებოდა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად. 2023 წლის 29 ნოემბერს 38 კვირის ორსულს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ნაყოფი დაიბადა ასფიქსიის გარეშე.
საშვილოსნოს დათვალიერებით, მარცხენა კედელზე აღმოჩნდა ინტერსტიციული მიომა, ზომით 10X10 სმ, ჩაზრდილი პლაცენტით, ხოლო ფუძეზე კი სუბსეროზული კვანძი – 6X6 სმ. პლაცენტის ჩაზრდისას, საკეისრო კვეთის შემდეგ მოწოდებულია საშვილოსნოს ამოკვეთა, მოსალოდნელი ძლიერი სისხლდენის გამო. პროფესორმა ელგუჯა ტარტარაშვილმა პირველმა შეძლო ჩაეტარებინა საკეისრო კვეთის ოპერაცია და საშვილოსნო შეენარჩუნებინა. დედა-შვილი ბინაზე გაეწერნენ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
პლაცენტის ანომალიური მიმაგრების  მიზეზი რა არის?
ელგუჯა ტარტარაშვილი:
– მიზეზებიდან აღსანიშნავია აბორტები, მიომური კვანძები, საშვილოსნოზე ჩატარებული გინეკოლოგიური ოპერაციები, ექსტრაკორპოლარული განაყოფიერება, გადატანილი საკეისრო კვეთები და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1999 წლიდან ელგუჯა ტარტარაშვილმა კონსერვატიული მკურნალობით, მსოფლიოში პირველმა 30-მდე ქალს საშვილოსნოს გარე ორსულობისას შეუნარჩუნა კვერცხსავალი მილი. რამდენიმე მათგანი სხვა კლინიკაში გამზადებული იყო საოპერაციოდ. პაციენტებმა ხელწერილით დაადასტურეს, რომ მოსალოდნელი გართულების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, მაგრამ თანხმდებოდნენ, კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა ელგუჯა ტარტარაშვილთან ჩაეტარებინათ კვერცხსავალი მილის შენარჩუნების მიზნით. ყველა პაციენტის მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და მილი შეუნარჩუნდათ.
რამდენიმე წლის შემდეგ აშშ-ში სკურპულოზური და ლაბორატორიული კვლევებით შესწავლილი და დადასტურებულია ამგვარი კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობა და შეტანილი იქნა სახელმძღვანელოში „სასიცოცხლოდ აუცილებელი ღონისძიებები მეანობაში: თანამედროვე მიდგომა“.
„მოვუწოდებ მომავალ დედებს, თვითნებურად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და ფსიქოლოგირად ნუ მოამზადებთ თქვენს თავს საკეისო კვეთისთვის. მას მხოლოდ ექიმი გადაწყვეტს. იმშობიარეთ ბუნებრივი გზით, ეს თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გზაა“ – აცხადებს პროფესორი ელგუჯა ტარტარაშვილი.