„ახალი თაობის“ კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, სულ რაღაც ორი კვირა რჩება არჩევნებამდე. რა ხდება, პოლიტიკურ ველზე რა სიტუაციაა? პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას პრემიერობის კანდიდატი ჰყავს შერჩეული და მოლაპარაკებებს იწყებს ოთხ პოლიტიკურ სუბიექტთან. მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებენ. მოკლედ, დიდი აურზაურია.
– რასაც აბრალებენ პრეზიდენტს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და არაფორმალური მმართველობა, ეს აბსოლუტური სისულელეა. არანაირად ეს კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გადის. მართალია, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის, ის ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს თავის პრემიერობის კანდიდატს, რომლის განხილვაც სრულიად ლეგიტიმურია და აბსოლუტურად ნორმალური იქნება. მეორე საკითხია, რამდენად საჭიროა ახლა ეს ყველაფერი.
– რამდენად წაადგება პროცესს ახლა ეს ყველაფერი? უნდა ოპოზიციას საერთო პრემიერობის კანდიდატი?
– ჩემი აზრით, არ წაადგება. ეს იქნება უკუ ეფექტის მომცემი. უკვე ვნახეთ განცხადება ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ადრეა ჯერ ამის გაკეთება. ისეთ დიდ პარტიას, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, ცხადია, თავისი პრემიერობის კანდიდატი ეყოლება, რად უნდა ამას ახლა ბევრი ლაპარაკი. მე მესმის, რომ ქალბატონ პრეზიდენტს სურს, გამაერთიანებლის როლი ითამაშოს და პარტიების მხარდამჭერიც, მაგრამ გამომდინარე ქართული ფსიქოლოგიიდან, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ნაბიჯი. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს პრეზიდენტის მცდელობა.
– ითქვა, რომ უცხოეთში შეარჩია პრემიერის კანდიდატურა…
– მე რამდენადაც მოვკარი ყური, ვიცი, ვისზეც არის ლაპარაკი, ცნობილ მეცნიერზეა. მეცნიერი მეცნიერი უნდა იყოს, პოლიტიკოსი პოლიტიკოსი უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრი კი მეურნე უნდა იყოს…
– ვისზეა საუბარი?
– რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ახლა არ გავაჟღერებ. ცნობილი მეცნიერია, ყველა კარგად იცნობს. სხვათა შორის, გაპიარებული იყო სწორედ ბიძინას მხრიდან. ძალიან მოსწონდა ბატონ ბიძინას.
– ცნობილ ფიზიკოსზე საუბრობთ…
– დიახ. ძალიან მოსწონდა ბატონ ბიძინას, მერე კი უცებ შემოტრიალდა ეს ადამიანი და გადავიდა მის საპირისპირო მხარეს. რატომ და რისთვის, ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა მეცნიერი პრემიერად, მე ამის მომხრე არა ვარ. ყველას აქვს თავისი დანიშნულება. მეცნიერი უნდა იყოს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მეჯინიბე – საჯინიბოში, პოლიტიკოსი – პარლამენტში, მოკლედ, ყველას თავისი ადგილი აქვს.
– ანუ, პური მეპურემ უნდა აცხოსო… თქვენ ამ პრინციპით უდგებით საკითხს?
– კი ბატონო, ასე უნდა იყოს სწორედ. პური მეპურემ უნდა აცხოს. არაპროფესიონალიზმი არსად და არაფერში არ ვარგა.
– როგორც ჩანს, პრეზიდენტი თავის მხრივ ცდილობს, რომ ბოლომდე მიიყვანოს ქარტიის საკითხი.
– თავისთავად ქარტია ცუდი არ არის, ძალიან კარგი და ძალიან სწორი წამოწყება იყო, მაგრამ ამ ქარტიაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლაფსუსია დაშვებული.
– რას გულისხმობთ?
– ის, რომ უნდა მომხდარიყო ერთი დიდი გაერთიანება და ამ სახით უნდა მომხდარიყო გამარჯვება. ამ შემთხვევაში საერთო პრემიერობის კანდიდატიც უფრო მისაღები იქნებოდა ყველასთვის. რადგან გაერთიანება არ მოხდა, შესაბამისად, ეს ქარტიაც არაფრის მომცემი აღმოჩნდა. მხოლოდ კეთილი სურვილია და მეტი არაფერი.
– ამჯერად მაინც შეძლებს „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს?
– არა მგონია. ვერ მოაგროვებენ მაგდენ ხმას.
– ბატონო მამუკა, რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“? ვისმენთ შეფასებებს, რომ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა. ამას დამატებული სანქციების შიში. წნეხი დასავლეთიდან. რა იქნება? რას ელით?
– როგორ მდგომარეობაშია „ოცნება“ და როგორც იმერეთში იტყვიან – გლახაში. ნამდვილად ვერ არიან კარგ მდგომარეობაში, რად უნდა მაგას ლაპარაკი. თუმცა, რეგიონში ძალიან დიდი წნეხია მოსახლეობაზე და შეიძლება რეგიონებში უფრო „იყოჩაღონ“. სერიოზული ზეწოლა მიდის მოსახლეობაზე. ხელისუფლებასაც იმედი აქვს, რომ რეგიონებში გაიმარჯვებენ.
– დიდ ქალაქებში რომ აგებენ, ეს ფაქტია.
– კი, სწორედ ასეა. ყველა დიდ ქალაქს აგებს „ოცნება“. ასევე, რეგიონალურ ქალაქებზეც არის ლაპარაკი, რომ იქაც აგებენ. თელავი, გორი, ქუთაისი, რუსთავიც, რა თქმა უნდა. ვნახოთ, როგორი სიტუაცია შეიქმნება. უკვე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციას სერიოზული შანსები აქვს, მაგრამ ისმის მთავარი კითხვა, 27-ში რა იქნება?!
– ყველა ამ კითხვას სვამს, რა იქნება 27-ში? რას იზამს „ოცნება“?
– არ ვიცი, რამდენად მარტივად მიიღებენ და აღიარებენ დამარცხებას.
– ბატონო მამუკა, ბოლო პერიოდია აქტიურად გამოდის ინფორმაციები კულუარებიდან, რომ ივანიშვილი უკვე ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვს. რამდენად უშვებთ, რომ ასეა?
– ბიძინა, ყველაფერია სულელის გარდა. სულელი ნამდვილად არ არის. ამიტომ მას გადასარევად ესმის, რომ არანაირი ხელშეუხებლობის გარანტია არ შეიძლება ვინმემ მისცეს. გინდ ამერიკელი იყოს, გინდ ბრიტანელი და გინდა ქართველი! აქ მარტო ბიძინა არაა, ივანიშვილის კლანზე გარანტიის გაცემა ყველას გაუჭირდება. ბიძინა რომც გაიქცეს, ეს ხალხი ხომ ვერსად წავა? ამდენი ფული აქვთ მოპარული და წაღებული სახლში, ვინ შეარჩენს ამას?! სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ესენი ბოლომდე წავლენ იმაზე, რომ კბილებით დაიცვან ის ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ამ წლების განმავლობაში. აი ეს არის ყველაზე საშიში და ცუდი სცენარი.
– გემი თუ ჩაიძირება, ყველა უნდა ჩაჰყვეს?
– თავისთავად ასეა.
– შევარდნაძემ ხომ მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია?
– კი ბატონო, მაგრამ შევარდნაძე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ისეთი ფიგურა იყო, იმდენად წონადი კაცი იყო საერთაშორისო თვალსაზრისით, რომ მას პრობლემა არ შეექმნებოდა. თუმცა, მის გარემოცვას რა დაემართა? რამდენი რუსეთში გაიქცა, ვიღაცას შერჩა, ვიღაცას არ შერჩა. ახლა რომ ესენი რუსეთში გაიქცნენ, თქვენ გგონიათ, რუსეთი შეარჩენს რამეს? გამორიცხულია. ამიტომ ასე მარტივად არ არის „ოცნების“ საქმე. ბიძინამ რომც მიიღოს ხელშეუხებლობის გარანტია, გამორიცხულია, დანარჩენებს არავინ მისცემს, ამას რომ გაიგებენ, მერე, შესაძლოა, შიგნიდან მოუწყონ რამე. მოკლედ, საქმე ასე მარტივად არ არის.
– ანუ წავლენ ყველაფერზე?
– წავლენ. აქ კიდევ მეორე საკითხია, იმ ყველაფერზე წასვლას, ერთი ადგილი სჭირდება.
– სჭირდება და ბევრი ფიქრობს, რომ აუცილებლად რუსეთს დაიხმარს ივანიშვილი. ამაზე რას ფიქრობთ?
– რუსები ძალიან გახარებულები იქნებიან, თუ ვიღაცა დახმარებას მოითხოვს. მეტსაც გეტყვით, შეიძლება არც არავინ არ მოითხოვოს და თვითონვე თქვან, იცით რა, ჩვენი მოქალაქეები იქ საშიშროების წინაშე არიან და ჩვენ უნდა დავეხმაროთ. სულ პატარა არეულობა იქნება საჭირო ქალაქში, მცირე არეულობაზეც კი გამოიწვევენ დიდ ქაოსს.
– გამოდის, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ?
– დანის წვერზე, ბეწვის ხიდზე, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ, ძალიან სერიოზული საფრთხეები არსებობს და ძალიან სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს ისე, არც მწვადი დავწვათ და არც შამფური. კიდევ არის ერთი გზა, რომელიც ძალიან ბევრს არ მოეწონება.
– რომელი გზა?
– ეს არის კოჰაბიტაციის გზა და ამაზე უკვე საუბრობენ, სხვათა შორის. ეს არის ოპოზიციის და ხელისუფლების სინთეზი და კოალიციური მთავრობის შექმნა ასეთი სინთეზური თვალსაზრისით. რაც, რა თქმა უნდა, ეკლექტური იქნება, მაგრამ რაღაცა დროის განმავლობაში გადააგორებს აქ სიტუაციას. ესეც ერთგვარი გამოსავალია.
– ვის მოიაზრებთ? ვინ შეუქმნის „ოცნებას“ კოალიციას?
– მაგალითად, სრულიად რეალურად ვთვლი „ახლების“ გაერთიანებას ხელისუფლებასთან. ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ პარტიასა და არჩევნებზე, ჯერ უნდა ვიკითხოთ, ვის აქვს ფული?! და მერე კითხვა დავსვათ, საიდან აქვს ეს ფული?!
– ანუ „ახლებს“ აქვთ ფული?
– კი, ძალიან ბევრი ფული აქვთ!
– ვინ აფინანსებს? კეზერაშვილი?
– არა, კეზერაშვილი დაივიწყეთ.
– მაშინ ვინ? გილაურზე საუბრობენ…
– დიახ, საუბრობენ, ბევრს საუბრობენ… გილაურიც აქტიურად გამოჩნდა უკვე. არა მარტო გილაური, კიდევ ერთი ცნობილი ბიზნესმენია და ერთ-ერთი ბანკის მმართველი. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ და შეიძლება მათ შორის კოჰაბიტაციაზე საუბარი. საკმაოდ რთული მომენტია, მაგრამ…
– ანუ თუ ეს მოცემულობა შეიქმნა, „ახლები“ არიან „ოცნებასთან“ კოალიციაზე წამსვლელები?
– დიახ, რატომაც არა. ეს გამართლდება იმით, რომ მშვიდად გვინდა პროცესი გადავაგოროთ, ექსცესების გარეშე.
– როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია? დახუჭავს ამაზე თვალს?
– დასავლეთი ყველაფერზე დახუჭავს თვალს, ოღონდ არ იყოს არეულობა და ბუნტი. აქამდე არ იცოდნენ, „ოცნება“ როგორ იქცეოდა? გადასარევად იცოდნენ, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებდა „ქართული ოცნება“ და ისინიც თვალს ხუჭავდნენ.
– გამოდის, რომ ეს ორი ვარიანტია სცენარში, ან აგებს „ოცნება“, ან კოალიციური მთავრობა გვაქვს?
– მესამე ვარიანტი რატომ გამოვრიცხოთ? შესაძლოა გამოვიდნენ და გამოგვიცხადონ, რომ გაიმარჯვეს, ისე, როგორც მადურომ, ვენესუელაში. ან ისე, როგორც ლუკაშენკომ ბელორუსში. მოკლედ, ძალიან მძიმე და რთული პერიოდი გველის. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ სწორედ ამ მეორე ვარიანტს, კოჰაბიტაციას და კოალიციურ მთავრობას. თუმცა, აქ იქნება ყველაზე მთავარი კითხვა, ვისი მინისტრები იქნებიან ძალოვანი მინისტრები? ხელისუფლების თუ ოპოზიციის?! საქართველოში ოდითგანვე, ძალოვანი მინისტრები წყვეტდნენ ყველაფერს. სოფლის მეურნეობის მინისტრს, ევროინტეგრაციის და განათლების მინისტრების პოსტებს თუ დაუთმობენ ოპოზიციას, ამით არაფერი არ შეიცვლება!
ნონა ცაბაძე, „ახალი თაობა”