რა ქონებას ფლობენ ახალი მინისტრები

რა ქონებას ფლობენ  ახალი მინისტრები თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თვითგამოცხადებულ მთავრობაში ცვლილებები განახორციელა – იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად  დავით სონღულაშვილი წარადგინა. განახლებული მინისტრთა კაბინეტი დასამტკიცებლად “ოცნების” თვითაღიარებულ პარლამენტს წარედგინება.

რა ქონებას ფლობენ თვითგამოცხადებული მთავრობის ახალი წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი და ანრი ოხანაშვილი.

მაკა ბოჭორიშვილმა დეკლარაცია 2024 წლის 28 ივნისს ჩააბარა
მაკა ბოჭორიშვილი ფლობს 1498 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ წავკისში, რომელიც 2022 წელს  $77 000-ად შეიძინა. 58.75 კვ.მ ბინას თბილისში თარხნიშვილის ქუჩაზე, (შეძენილი 2019 წელს, $90 000), 109.7კვ.მ ბინა თბილისი ბაშალეიშვილის II ჩიხი (შეძენილი 2024 წელს, $180 000).

მაკა ბოჭორიშვილი ჯემალ რამიშვილთან საზიაროდ 50-50%-ს ფლობს ორ უძრავ ქონებას,  65.47კვ.მ მშენებარე ბინას თბილისში კრწანისის I ჩიხში (შეძენილი 2014 წელს, $37 000) და 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 392 კვ. მ საცხოვრებელი სახლი გივი ძნელაძის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს მემკვიდრეობით მიიღეს.

2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, რამიშვილი ბოჭორიშვილის მეუღლე იყო. ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში კი ოჯახის წევრები აღარ ჰყავს მითითებული. უცნობია ამის მიზეზი დეკლარაციაში არსებული ხარვეზია თუ მაკა ბოჭორიშვილის საოჯახო სამართლებრივი სტატუსის ცვლილება.

27 ივნისის მდგომარეობით, მაკა ბოჭორიშვილს თიბისი ბანკში $114 226 კრედიტი აქვს. ანაბარი აქვს ბელგიურ ბანკ BELFIUS-ში 1611.81 EUR, თიბისიში $700. მიმდინარე ანგარიშებზე ჰქონდა 2350 ლარი, 7317 დოლარი და 29 ევრო.

2023 წელს როგორც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს აღებული აქვს 53 004 ლარი.  იპოთეკური სესხის გასავალი აქვს 13 290 დოლარი და ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი 10.01.2022-10.01.2023 პერიოდში 27 600 დოლარი. დეკლარაციაში მითებულია, რომ ქირავნობის ხელშეკრულება კვლავ მოქმედია.

დავით სონღულაშვილს დეკლარაცია 2024 წლის 31 იანვარს აქვს ჩაბარებული.
სონღულაშვილის მფლობელობაშია ტაბახმელაში, შავნაბადას ქუჩაზე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2007 წელს 5000 ლარად არის შეძენილი, ასევე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში ზაქარია ბაქრაძის I შესახვევში, რომელზეც განთავსებულია 76კვ.მ ავტოფარეხი და 227 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. შეძენილი 2016 წელს 120 000 ლარად და 336 კვ.მ ბინა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე შეძენილი 2016 წელს 400 000 ლარად.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან თანხებს დავით სონღულაშვილს აქვს 10 975 ლარის კრედიტი. საბარათე ანგარიშზე 3 275 ლარი. მის შვილს ბიძინა სონღულაშვილს ანაბარზე აქვს 55 657 ლარი, მის მეორე შვილს სესილი სონღულაშვილს კი ანაბარზე  6695 დოლარი.

დავით სონღულაშვილს დანაზოგის სახით აქვს 70 000 დოლარი და 15 000 ლარი.

დავით სონღულაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე კომპანიის მეწილეები არიან, თუმცა უმრავლესობაზე მითითებულია, რომ ამ ეტაპზე ეს კომპანიები არ ფუნქციონირებენ. ის ფლობს 16.67% წილს შპს დრაი ქლინინგ ჯორჯიაში, თუმცა ამ კომპანიიდან 0 შემოსავალი აქვს მიღებული, კომპანიის საქმიანობის სფეროს ქიმწმენდა და რეცხვა წარმოადგენს.

ასევე 16%-ს შპს გამსახურდიას 5-ში, რომლის საქმიანობის სფერო უძრავი ქონების გაქირავება და მართვაა. მიღებული შემოსავალი სონღულაშვილს არც ამ კომპანიიდან უფიქსირდება.  აღნიშნულ კომპანიას 2016 წელს 120 000 ლარი აქვს ქართული ოცნებისთვის შეწირული.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს 2023 წელს მიღებული აქვს 52 559 ლარის შემოსავალი.

საქართველოს ბანკში აღებული აქვს 678 200 ევროს 10 წლიანი სესხი, რომელშიც გადახდილი აქვს 88 887 ევრო. შვილების სწავლის საფასურში კი დახარჯული აქვს დაახლოებით 12 000 ლარი.

ანრი ოხანაშვილს დეკლარაცია ჩაბარებული აქვს 2024 წლის 29 იანვარს
ანრი ოხანაშვილს საკუთარ სახელზე უძრავი ქონება არ უფიქსირდება, თუმცა მისი მეუღლის მაკა ხოდელის საკუთრებაშია 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 509 კვ.მ სახლი.  ქალაქ თბილისში გრიგოლ ფერაძის I ჩიხში. აღნიშნული ქონება მაკა ხოდელს 2018 წელს აჩუქეს.

ოხანაშვილს თიბისის სახელფასო ბარათზე 1392 ლარი ჰქონდა. 2022 წელს 4000 ევროს დანაზოგი გააკეთა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ 2023 წელს 53 449 ლარი მიიღო. როგორც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა 7017 ლარი, მისმა მეუღლე მაკა ხოდელმა კი როგორც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა 13 665 ლარი, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კი 3577 ლარი. ანრი ოხანაშვილს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი – IRZ-დან გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის მომზადებაში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს 367 ევრო. იგივე ფონდისგან სამეცნიერო ჰონორარის სახით მიღებული აქვს 1000 ევრო, მის მეუღლეს კი თსუ-სგან სამეცნიერო მივლინების ჰონორარი 3551 ლარი.

19 ათას ლარზე მეტი აქვთ დახარჯული შვილების სწავლის გადასახადში.

წყარო: ნიუპოსტი