„ცუდი ამბის მაცნე ვარ… გიორგი კერვალიშვილი წავიდა უფალთან…“ – ზაზა დავითაია

„ცუდი ამბის მაცნე ვარ... გიორგი კერვალიშვილი წავიდა უფალთან...“ - ზაზა დავითაიაჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს:

„ცუდი ამბის მაცნე ვარ – ეროვნული მოძრაობის აქტიური მოღვაწე, ჩვენი გიორგი კერვალიშვილი წავიდა უფალთან…
2 დღის წინ, 100 ათასი მოწამის ხსენების დღე ვიდეომიმართვით მიულოცა საქართველოს;
დღეს კი, 14 ნოემბერს, საქართველოს კანონიერი უზენაესი საბჭოს პირველი სესიის (1990 წლის 14 ნოემბერი) გამართვიდან 34 წლის აღსანიშნავად მთავრობის სახლთან მივიდა და, რაოდენ გასაოცარია – სწორედ იმ 9 აპრილის მემორიალის მახლობლად აღმოხდა სხეულიდან თავისი მართალი სული, სადაც არაერთი ბრძოლა გადაუტანია რეჟიმების წინააღმდეგ!

“ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის” პრეზიდენტი ბრძანდებოდა, უამრავი ადამიანის, უამრავი პატიმრის და პოლიტპატიმრის ქომაგი და იმედი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოება სწორედ გიორგი კერვალიშვილის გზავნილების შედეგად იგებდა ინფორმაციებს საქართველოში რეჟიმის მიერ დამყარებული სისასტიკის შესახებ! მართალი და მოუსყიდველი კაცი იყო, ცხოვრობდა დისიდენტური პრინციპით: “ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?!” – შესაბამისად, ღარიბი იყო, როგორც იესო, მაგრამ სული ჰქონდა – უმდიდრესი!

რეჟიმების მამხილებელ არაერთ აქციას ედგა სათავეში. ბუზღუნა ხასიათის მიუხედავად, გულნათელი და გულმართალი კაცი იყო, გიორგი!

ჰოდა, ამ ნათელმა გულმა ვერ აიტანა ის ჭუჭყი და სიბილწე, რაც 30-ზე მეტი წლის განმავლობაში მოეძალა სამშობლოს…

გიორგი კერვალიშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, სამშობლოსთვის ბრძოლის მომენტში დაეცა, როგორც პირნათელი მეომარი!

ღმერთმა თავისთან ახლოს ამყოფოს სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და თავგანწირული მამულიშვილი! შეხვედრამდე, ჩემო ძვირფასო მეგობარო და ძმაო…

უფალმა აცხონოს გიორგი კერვალიშვილის უკვდავი სული!“