საბერიოს ტრაგედიაზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს|:
„სამეგრელოში დაკრძალვის დღეს თუ ვინმე ხანშიშესული ადამიანი მოვა, რომელსაც არც ჭირისუფალი იცნობს, არც არავინ, ჩაცმაზე რომ ეტყობა, საგულდაგულოდ გაემზადა ამ დღისთვის, ძველი, მაგრამ კარგად შენახული შარვალი და პიჯაკი აცვია, ფეხსაცმელი ისე გაპრიალებული, საკუთარ ანარეკლს დაინახავ, თმაც საგულდაგულოდ აქვს დავარცხნილი, პატარა სავარცხელი რომ უდევს გულის ჯიბეში და აუცილებლად ნაჭრის და აუცილებლად ეგეც საგულდაგულოდ დაუთოვებული ცხვირსახოცი უჭირავს, დარწმუნებით შეგიძლია თქვა, რომ აფხაზეთიდან დევნილია ან სპეციალურად ამ დღისთვის გადმოვიდა აფხაზეთიდან. თან გგონიათ ძალიან ახლო ნათესავის დაკრძალვაა? შეიძლება 60 წლის წინ ტექნიკუმში სწავლობდნენ ერთად, ან 40 წლის წინ სოხუმის ბოტანიკურ ბაღში იყვნენ თანამშრომლები, შეიძლება მას შემდეგ აღარც უნახავთ ერთმანეთი გარდაცვლილს და სამძიმარზე მოსულს. მაგრამ ეგრე იცის და ეგრე სჯერა, ვალდებულია, რომ თუ ვინმე ნაცნობის გარდაცვალებას გაიგებს, რომელთანაც წარსული აკავშირებს, სამძიმარი პირადად უნდა უთხრას ჭირისუფალს.
ოდესღაც, ძალიან რომ გავიოცე ეს ამბავი, „აფხაზეთის ხალხმა ეგრე იცისო” მიპასუხეს.
“ბიძაჩემისთვის რომ გეკითხა, ისე მოხუცი იყო, ფეხზე ვეღარ იდგა. გალში მისი მეზობლის გარდაცვალება რომ გაიგო, გადმოალაგა თავისი დაკრძალვისთვის გამზადებული ტანსაცმელი, ჩაიცვა, საპრიკმახეროში წავიდა, სამართებლით გააპარსინა წვერი და გალში გადავიდა, იმიტომ რომ აფხაზეთის ხალხმა ეგრე იცის”, მითხრა ერთხელ ახლობელმა.
წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანებისთვის როგორი რთულია, რომ აქვე, ერთი კილომეტრის იქით დაკრძალვაზე უნდათ მისვლა, პირადად უნდათ სამძიმრის თქმა ჭირისუფლისთვის და ვერ ახერხებენ. რადიო ათინათი • Radio Atinati -ის სიუჟეტი ვნახე დღევანდელ ამბავზე, ლიმიტირებული ოდენობის ადამიანებს რომ მისცეს “საზღვრის კვეთის” უფლება. წარმოიდგინეთ, სანათესაოში რომ მსჯელობენ, ვინ გადავიდეს, იმიტომ რომ ყველა ვერ გადადის.
ოკუპაცია მართლა არ არის მიწის დაკარგვა. ოკუპაცია ასეთი დიდი და პატარა ტრაგედიებია…“