„ტრამპმა ჯერ ვერ მოიცალა საქართველოსთვის, მაგრამ როდესაც მოიცლის, ეს მოცლა იქნება ძალიან მწარე! ამერიკა არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა საქართველოს პორტების გავლით ევროპას მიაწოდოს საქონელი”
„ახალი თაობის“ კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია პასუხობს.
– ბატონო ნიკა, თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. ამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა ეკონომიკური საფრთხეები ელოდება ქვეყანას? რამდენად ახლოვდება ეკონომიკური კრიზისი? რა მოლოდინები გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
– საერთოდ მთელ მსოფლიოში რაც ხდება, ესეც ძალიან საყურადღებოა. დიდი გამოწვევებია გეოპოლიტიკაში. შესაბამისად, ვიტყვი იმას, რომ ამერიკა-ჩინეთს შორის ეს ეკონომიკური დაძაბულობა, უთანხმოებები, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოზე. არ გამოვა ისე, საქართველო, როგორც ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, ჩინეთის პარტნიორი გახდება, აქ ჩინეთი პორტებს ააშენებს და თავის საქონელს თავისუფლად გაიტანს ევროპაში, რა თქმა უნდა, იქნება დიდი წინააღმდეგობები და გამოწვევები. თუმცა, მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტელიტა მაინცდამაინც ვერ არის ამ კუთხით მოწოდების სიმაღლეზე, რომ სწორი გათვლები გააკეთოს. ეკონომიკას უკვე ეტყობა, შემცირდა რეზერვები 4.4 მილიარდამდე. ფაქტიურად, ერთი მილიარდით არის ამ ბოლო წელიწადნახევარში შემცირებული. ლარის კურსიც ხელოვნურად არის დაჭერილი.
– ინვესტიციების თვალსაზრისითაც საკმაოდ მძიმე ვითარებაა, გადიან ქვეყნიდან ინვესტორები და შემოსვლასაც არავინ გეგმავსო.
– ინვესტორები არც შემოვლენ, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება. სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდებით, რა გვინდა და საით მივდივართ. სანამ აქ მშვიდი პოლიტიკური სიტუაცია არ იქნება, სერიოზული ინვესტორი არ შემოვა. აქვე ვიტყვი, რომ ვერც ჩინეთიდან შემოვლენ ინვესტორები, სანამ არ გაირკვევა ვითარება. რაც შეეხება არაბული კომპანიის შემოსვლას, საინტერესოა, შემოვლენ თუ არა და ესეც გარკვეული პიარკომპანია ხომ არ იყო. ჩვენ მსგავსი ტყუილები არა ერთხელ მოგვისმენია. ისევე, როგორც ქუთაისში შენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, ხომ ვნახეთ, რომ არაფერიც არ აშენდა და ეს დაპირებაც ქარმა წაიღო. ისეა ახლაც ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ინვესტიციები კარგია, მივესალმებით, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება. ცარიელი განცხადებებია. ინვესტიციების არშემოსვლა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი ეკონომიკისთვის.
– ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, მთავრობა ამას გვიმტკიცებს.
– ეკონომიკა თუ იზრდება შევხედოთ რის ხარჯზე?! რა ფასები გვაქვს. რეგიონში ყველაზე მაღალი ფასები საქართველოშია. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი, ყველაზე მაღალი ფასები ჩვენ გვაქვს პროდუქტებზე, ხილზე და ზოგადად ყველაფერზე.
– საუბარია, რომ ლარის კურსიც ხელოვნურად არის დაჭერილი.
– რა თქმა უნდა, ლარი ხელოვნურად არის დაჭერილი. ეს რეზერვებსაც კარგად ეტყობა. რეზერვები 4,4 მილიარდ ლარზე ჩამოვიდა. 5,4 მილიარდზე იყო ასული.
– ბატონო ნიკა, ცოტა გრძელვადიან პერიოდში რა მოლოდინი გაქვთ? რამდენად გველოდება ეკონომიკური კრიზისი? ხედავთ ამ საფრთხეს? ყველანაირი საერთაშორისო დაფინანსება შეჩერებულია, ეს რამდენად დაგვაზარალებს?
– მოგახსენებთ. თუ ასე გაგრძელდება და რაიმე პოლიტიკური ცვლილება არ იქნება, რაღაც შეთანხმება არ იქნება მიღწეული და ამ რეჟიმით გაგრძელდება ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ლარის კურსი დაიჭირონ 2,85-ის ფარგლებში, ფასები არ დაიკლებს, ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა, 3,5-იც გახდეს, თუმცა ეს მოსახლეობისთვის არაფერს ნიშნავს. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფასების სტაბილურობა, რაც არ მიიღწევა. რა თქმა უნდა, მშენებლობის სექტორს დაეტყობა, შენელებულია უკვე მშენებლობა. ასევე ტურიზმის სექტორს დაეტყობა. ფასების მხრივ კი იქნება იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე გვაქვს დღეს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ სამშენებლო სექტორიც სერიოზულად ზიანდება?
– რა თქმა უნდა, ზიანდება. მშენებლობების რიცხვი თანდათან მოიკლებს.
– გაზაფხულისთვის თუ გვექნება უფრო მკვეთრი სურათი, საით მივდივართ ეკონომიკური კუთხით?
– გაზაფხულზე პირველი რა სურათიც გვექნება, იქნება ის, რომ კატასტროფული სიძვირე გვექნება ქვეყანაში.
– ანუ ფასების მატების ხარჯზე, ჩვენი გაღარიბების ხარჯზე ცდილობს ხელისუფლება ეკონომიკური ზრდა აჩვენოს?
– დიახ ასეა. ფასები რომ მაღალია, ეკონომიკური ზრდაც ფიქსირდება. თუ პური 2 ლარი გახდება და საწვავი 5 ლარი, ეკონომიკური ზრდა იქნება, თუმცა რის ხარჯზე? ეკონომიკური ზრდა ავტომატურად იმას კი არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობაა. ამ ბოლო პერიოდში ასევე რამდენიმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ასევე მიგრაცია დიდია. აღწერის რიცხვებს არ ასაჯაროვებენ, მაგრამ სავალალო მდგომარეობაა, 2 მილიონამდე დავიდა ადგილზე მყოფ ქართველთა რიცხვი. საერთოდ დემოგრაფიული ვითარება ძალიან მძიმეა ქვეყანაში.
– უკვე ქვეყნიდან გადინებაც შეფერხდებაო. ყველგან არასტაბილური ვითარებაა. ამერიკაში კი ტრამპის პოლიტიკა ცნობილია მიგრანტებთან დაკავშირებით.
– დიახ, ასეა. თუ გახსოვთ ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, რომ მე ევროკავშირის მომავალს ვერ ვხედავდი 2028 წლისთვის. საქმეც იქითკენ მიდის, არ გამოვრიცხავ ევროკავშირი დაიშალოს და ევროკავშირი ორი შეიქმნას, რამდენიმე სახელმწიფოს შორის.
– ჩვენ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ?
– ჩვენ ევროკავშირში ვერ აღმოვჩნდებით, ვერც ერთში და ვერც ორში! საინტერესოა, როგორი იქნება მსოფლიო ფინანსური პოლიტიკა? როგორც ვიცით, იქმნება სავალუტო ზონები, თუ ჩამოყალიბდა ელექტრონული ფული, ჩვენ აუცილებლად მოვხვდებით რუსული რუბლის ზონაში. ჩვენ ევროკავშირის ზონაში ვერ მოვხვდებით. ახლაც უკვე სავაჭრო პარტნიორები ძირითადად გვყავს ჩინეთი და არაბეთის ქვეყნები. დოლარი ამ ქვეყნების მიმართულებით არ მოძრაობს, მხოლოდ ჩინურ ფულზეა საუბარი და ეს, რა თქმა უნდა, თავის გავლენას დაატყობს.
– საუბარია იაფ ჩინურ კრედიტებზე. ახალი სატყუარა გადმოუგდეს მოსახლეობასო. ამ ყველაფერზე რას იტყვით?
– ცუდია ეს ყველაფერი. ვხედავთ, რომ ამერიკა-ჩინეთის ჰიბრიდული ომი სულ უფრო მწვავე ფაზაში შედის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველო არასახარბიელოდ გამოიყურება. ქართული პოლიტიკური ელიტა თუ ფიქრობს, რომ ამერიკას საერთოდ ხაზს გადაუსვამს, როგორც დასავლეთ პარტნიორს და 100%-ით ჩინეთის ორბიტაზე დაჯდება, ეს არ გამოვა. არა მარტო ეკონომიკურად, პოლიტიკურადაც დიდი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდებით. ჯერ ახალი მოსულია პრეზიდენტი ტრამპი, მან ვერ მოიცალა საქართველოსთვის, მაგრამ როდესაც მოიცლის, ეს მოცლა იქნება ძალიან მწარე! ამერიკა არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა საქართველოს პორტების გავლით ევროპას მიაწოდოს საქონელი. თავად დაუწესა ჩინეთს სანქციები, 10% გახადა გადასახადი ჩინეთიდან შეტანილ საქონელზე. ასევე ევროპისთვის აპირებს გადასახადის დაწესებას და როგორ ფიქრობთ, ჩინეთის საქონელს შეუშვებს ევროპაში?!
– ვერ ახერხებს ამ ყველაფრის გათვლას ჩვენი ხელისუფლება?
– ეს ყველაფერი ხელისგულზე დევს, წესით, უნდა აკეთებდეს, ფრთხილ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, მაგრამ არ ვიცი, რას ცდილობენ. ნამდვილად არ იქნება კარგი წელი. სანამ მსოფლიო წესრიგი არ დამყარდებოდა, ჩვენს პოლიტიკოსებს მართებდათ ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა. ეს ვერ გათვალეს თუ არ, ამას ვერ გეტყვით.
ოპტიმისტური მოლოდინი ნამდვილდ არ მაქვს. ეს წელი მძიმე იქნება და ზოგადად 2027 წლამდე კარგს არაფერს ველოდები გრძელვადიან პერსპექტივაში. ყველაფერი მაინც მთავრობის ნებაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ქვეყანას ააშენებს, როგორი სასამართლო ექნება, რამდენად თავისუფალი იქნება როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა ზეწოლისაგან.
– დღეს ყველა სფეროში მთავარი მდგენელია პოლიტიკა და ხელისუფლების პოზიცია.
– ნამდვილად ასეა და ამ მხრივ ჩვენ მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა არა გვაქვს. ახლა ჯარიმების ზრდის ხარჯზე ბიუჯეტს ავსებენ, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გასტანს.
ნონა ცაბაძე