„ოპოზიცია გაცვეთილი პოლიტიკოსებისგან უნდა გაიწმინდოს”
“ახალი თაობის“ კითხვებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პასუხობს.
– არჩილ, ამ ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იდეოლოგიური დაპირისპირება მიმდინარეობს ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. რუმინეთის მაგალითზე, სადაც პრეზიდენტი გადადგა, რამდენად შეიძლება დავასკვნათ, რომ კონტინენტურ ევროპაში მემარჯვენე ძალები იღვიძებენ?
– იდეოლოგიური ბრძოლა არის პოლიტიკური ბრძოლის სტანდარტული ფორმა. განსაკუთრებით კი იმ სახელმწიფოებში, სადაც იდეოლოგიური პლატფორმების მრავალფეროვნება შეინიშნება. ამ პროცესებს ტრამპის გაპრეზიდენტებამ ბიძგი მისცა. ბუნებრივია, იმ ქვეყნებში, სადაც ლიბერალური ფრთა დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი, მანდ ახლა ულტრამემარჯვენე ძალებიც ძლიერდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ იდეოლოგიურ ჭიდილს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს და ზოგადად გასარკვევია, ამ პროცესებში რამდენად დიდი როლი უჭირავს რუსეთს. დღეს, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რუსეთი კონსერვატიულ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც ლიბერალიზმს ებრძვის. ამ კონტექსტში რუსეთი მოიაზრება, როგორც ანტილიბერალური მმართველობის სახელმწიფო. პუტინი ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური წონასწორობა შეცვალოს.
– დონალდ ტრამპის საგარეო ვექტორის არაორდინალურობა გრენლანდიასთან მიმართებით, ხომ არ დაძაბავს ამერიკისა და ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობას (დანიელმა აქტივისტებამ გრენლანდიის სანაცვლოდ, კალიფორნიის შტატი მოითხოვეს. ასევე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება გრენლანდიაში ფრანგულ ჯარს გააგზავნის)?
– ტრამპი ცდილობს არსებული წონასწორობების დარღვევას. ხშირ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო. მისი ქმედებები და განცხადებები ერთმანეთთან მიმართებით ხშირად ასიმეტრიულია. ეს ვლინდება როგორც ევროკავშირთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. ამ ეტაპზე ის ცდილობს, რომ ეს სივრცე გაშალოს. ბაიდენის მმართველობის პერიოდში არსებული ბალანსის დარღვევას ცდილობს ახლა ტრამპი. ის ცდილობს ახალი სისტემის შექმნას, სადაც ამერიკის გავლენის კერები უფრო გაიზრდება. ამით თანამედროვე იმპერიული მოდელები ბრუნდება მსოფლიოში. ევროკავშირთან, ახლო აღმოსავლეთთან და კანადასთან ტრამპმა რამდენიმე საფრთხილო ქმედება დააანონსა. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს, მაგრამ მოქმედება ჯერ არ ჩანს.
– „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუცია რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს “ქართული ოცნებისთვის“? რეზოლუციაში წერია მმართველი პარტიის ლიდერშიპის წევრების სახელები, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ და მოთხოვნა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
– აქამდე ამ სახელმწიფოებს, თუ პოლიტიკურ გაერთიანებებს არ ჰქონიათ მკაფიო განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ადრე მუდმივად იყო საუბარი პროცესის გამოძიებაზე. არჩევნების შედეგი არც არალეგიტიმურად სცნეს და არც ლეგიტიმურად. ადრე არ იყო ასეთი მკვეთრი მოწოდებები, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. ეს ხანგრძლივი პროცესია და ამ საკითხში ევროკავშირის სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ (ევროსაბჭო, ევროკავშირის საგარეო საკითხების მოგვარების კომიტეტი). თეორიული ასპექტები გვაჩვენებს, რომ საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან “ქართული ოცნების“ გამარჯვებას ბევრ ევროპულ ქვეყანაში ლეგიტიმაცია არ აქვს. ასეთ დროს, როცა ხელისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არ აქვს პრესტიჟი, გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა ანალოგიურ სიტუაციაში ხელახალი არჩევნები დანიშნა, რადგან მას საზოგადოების დიდ ნაწილში რეპუტაცია შელახული ჰქონდა. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რამდენად სჭირდება ეს ნაბიჯები ძალაუფლების განსამტკიცებლად, ეგ ცალკე საკითხავია. სახელმწიფოსთვის ეს პროცესები რომ აუცილებელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. “ქართული ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ცდილობს, საგარეო ვექტორი აღმოსავლეთისკენ გადაწიოს.
– „ქართული ოცნების“ და რუსეთის ხელისუფლების მმართველობის სტილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ერთ-ერთი ასპექტი, რაშიც სრული თანხვედრა შეინიშნება არის სპორტსმენების აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის წარმომადგენელი და ყოფილი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. თქვენი აზრით, ამ ნაბიჯით აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაიძაბება დიპლომატიური ურთიერთობები?
– ალიევი არის მოქნილი პოლიტიკის ხელოვანი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის მმართველმა სადმე, რაიმე ფორმით ურთიერთობა დაძაბა, იყო სომხეთი და ესეც თავის სასარგებლოდ. მისი მოქნილობის დამსახურებით, აზერბაიჯანის დიქტატორულ-ავტოკრატიული მმართველობა არ არის პრობლემატური საკითხი დემოკრატიული ქვეყნებისთვის. ალიევი მიყვება წერტილოვან პოლიტიკას. უკრაინასთან მიმართებით, ალიევი რუსეთის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდა, მაგრამ სხვა კუთხით ის პარტნიორობას აგრძელებდა პუტინთან. ალიევი გლობალურ დაძაბულობამდე არ მიდის. მისი ამოცანა არის, წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს თავის ოპონენტებს, რიგ შემთხვევაში დაძაბოს, რიგ შემთხვევებში დაასტაბილუროს ურთიერთობა. ამიტომ არა მგონია ეს გადაწყვეტილება, ვალუევის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, გახდეს დაპირისპირების ათვლის წერტილი.
– რამდენად დიდი პერსპექტივა აქვს ახალ სახალხო მოძრაობას – “საზოგდოებრივ ასამბლეას“? რატომ არ აქტიურობს ოპოზიცია?
– იმ მოქალაქეებში, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან, ერთსულოვნება ნამდვილად იგრძნობა. არსებული პოლიტიკური სექტორი ამ პროცესს ვერ მიყვება. შესაბამისად, საჭიროა შეიქმნას ამ პოლიტიკური სივრცის ალტერნატივა. ოღონდ ჯერ საჭიროა, ოპოზიციური სპექტრი გაცვეთილი პოლიტიკოსებისგან გაიწმინდოს. იმ სუბიექტებისგან, რომლებსაც რეპუტაციული დონე არ გააჩნია. მათ არ აქვთ რესურსი იმისთვის, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ. თუმცა, ეს უფრო თეორიული საკითხია, ვიდრე პრაქტიკული, რადგან ნებით პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევები მე არ მახსენდება. საინტერესოა, მედია, რომელიც პოლიტიზირებულია, რამდენად მისცემს ახალ ფიგურებს თვითგამოხატვის საშუალებას. საჭიროა, ასევე საინფორმაციო მხარდაჭერაც.
– საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ოპონენტის დისკრედიტაცია. ბრძოლის ძირითადი ჩონჩხი აგებულია წინა მთავრობის წარსულის შეხსენებაზე. რამდენიმე დღის წინ, საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანია შეისწავლოს ყველა იმ პოლტიკოსის საქმიანობა, რომლებიც 2003-2012 წლებში ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ. ამ ინიციატივის წამოწევა, ამ დაძაბულ და უაღრესად პოლარიზებულ გარემოში, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს “ქართული ოცნებისთვის“?
– პასუხი შეკითხვაშივე ჩანს. ამ რთული გამოწვევების ფონზე, როცა ხელისუფლება, რომელსაც მე-13 წელია საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, იწყებს ისეთი საკითხების გამოძიებას, რომელიც ახლო წარსულს უკავშირდება. ასეთი კომისიების შექმნა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მყისიერი საფრთხე. ამ ნაბიჯით “ქართულ ოცნებას“ სურს საკუთარ ამომრჩეველთან პოზიციონირება. მმართველი პარტიის ელექტორატს სჭირდება გამოკვება. როდესაც სოციალურ-ეკონომიკური გამოკვების ობიექტი არ არის, მაშინ უნდა გაჩნდეს ახალი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება პროპაგანდის განვითარება. ეს მეთოდი უფრო გათვლილია მმართველი პარტიის ამომრჩეველთა ემოციურ ფონზე. მეორე მხრივ, ეს არის ახალი რეპრესიული მექანიზმის ამოქმედების სურვილი.
– საქართველოს მთავრობის ამომრჩევლები ნიურნბერგის პროცესს მოითხოვენ. ანუ მათ სურთ, წინა ხელისუფლება თავიდან ბოლომდე გასამართლდეს.
– მეტი ნიურნბერგის პროცესი რაღა უნდათ. მაშინდელი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. იმდროინდელი პრეზიდენტი პატიმრობაშია. გავლენიანი პირები ძებნაში არიან. “ქართული ოცნების“ ლიდერები ადრე ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ. ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე წინა ხელისუფლების სპონსორი იყო. ამიტომაც მან 2003-2008 წლამდე პერიოდზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. იმიტომ, რომ მას იმ დროს არაფერი გაუპროტესტებია. მმართველი გუნდის გენერალური მდივანი 2007 წლის ვადამდელი არჩევნების დროს იმდროინდელ მთავრობას უჭერდა მხარს.
კოტიკო გოგინაშვილი