„ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ლიდერობა არ სურს!”

„ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ლიდერობა არ სურს!"„მე გავბედავ და ვიტყვი, რომ საჭიროა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გადახალისება”

„ახალი თაობის“ კითხვებს „ჯეოქეისის” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი პასუხობს.

– ბატონო ვიქტორ, ქვეყანაში ახლა საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, როგორ ფიქრობთ, ეს კრიზისი რამდენი ხანი გაგრძელდება? რატომ პასიურობენ პოლიტიკური ფიგურები?
– ახლა მე შეიძლება ცოტა საკამათო საკითხი შემოვიტანო, რადგან მგონია, რომ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პოლიტიკურ კრიზისზე მეტია. პოლიტიკურ პრობლემებზე საუბარი რთულია, რადგან ის პრობლემები, რაც საზოგადოებას აწუხებს, მანდ პოლიტიკა ნაკლებად არის წარმოდგენილი. პოლიტიკა მოითხოვს დიალოგს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. დღეს საქმე გვაქვს ლეგიტიმაციის კრიზისთან. ეს პრობლემა ეხება “ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც. მმართველი გუნდის ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დგება, როცა საუბარი მიდის საარჩევნო თემატიკაზე. ოპოზიციის მხრივ, ეს პრობლემა უკავშირდება საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას. ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ საკმარისი ნდობა საზოგადოების მხრიდან. ამიტომ წინააღმდეგობის მოძრაობა, რასაც ბოლო თვეებია ჩვენ ვხედავთ, განპირობებულია ხალხის აქტიურობით. ფაქტობრივად, ყველა ფენის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას ამ პროცესებში. მე გავბედავ და ვიტყვი, რომ საჭიროა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გადახალისება. თავიდან ამ თემაზე სასაუბროდ თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია.
– დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი თუ დასანქცირდა, მმართველი პარტია გარკვეულ დათმობებზე წამოვა?
– “ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რთული წარმოსადგენია, ამ რეჟიმში როგორ მივა ეს პოლიტიკური გუნდი ეკონომიკური, სამხედრო თუ სოციალური კუთხით 2028 წლის არჩევნებამდე. ფართო საზოგადოებაში ხელისუფლებასთან მიმართებით მორღვეულია კონსენსუსი, ნდობა ქრება. ამიტომ ასეთ ჩიხში მოქცეულ სახელმწიფოს გაუჭირდება განვითარებაზე ფიქრი. ასეთ ვითარებაში სავარაუდოა, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის თანდათანობით გაუარესება. მმართველი პარტია ეკონომიკური დაბრკოლების მოსაგვარებლად, თითქოს ახალ გზებს ეძებს და ეს გზები აღმოსავლეთისკენ მიდის, ჩინეთის მიმართულებით. ეს არის გეგმა, რომელმაც ეკონომიკური კოლაფსი უნდა შეაჩეროს. მე მაქვს ქართული საჯარო სექტორის იმედი. მჯერა, რომ სახელმწიფო მოხელეები უფრო მტკიცე პოზიციებს დააფიქსირებენ. დღეს მარტო საკუთარი სამოქალაქო აზრის დაფიქსირება არ კმარა. საჯარო მოხელეებმა მეტად უნდა იაქტიურონ ამ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში და მარტო დეკლარირებული განცხადებები საკმარისი არ არის.
– მოსამართლეები ყოველდღე პატიმრობაში უშვებენ აქციის მონაწილეებს, მაგრამ ეს დაბრკოლება ხელს არ უშლის სახალხო პროტესტს. როგორ ფიქრობთ, შეიძლება უახლოეს პერიოდში ისეთი ფაქტორი გაჩნდეს, რაც საზოგადოებრივი ერთიანობისთვის ხელისშემშლელი იქნება? რამდენი ხანი გაგრძელდება მასობრივი დაპატიმრებები?
– რეპრესიული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ წინააღმდეგობის სივრცე არ გაიზრდება. ხელისუფლება საკუთარ თავს მისცემს იმდენის უფლებას, რამდენის უფლებასაც ჩვენ, მოქალაქეები მივცემთ.
– ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს? თქვენ მმართველი გუნდისგან კომპრომისებს ელოდებით?
– რთულია კარგი მოვლენების ზუსტი ფორმულირება ამ ეტაპზე. მე საქართველოს ხელისუფლებას ქართულ Deep state-ს ვუწოდებ. მმართველი პარტიის წნეხი იზრდება საზოგადოებაზე, რაც აღმაშფოთებელია. მე მჯეროდა რაციონალურობის, პრაგმატულობის და დიპლომატიის ტაქტიკის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ამ ელემენტების დამკვიდრების საბაბს არ მაძლევს. ასეთი მექანიზმის მარტივად შეჩერება წარმოუდგენელია. აქ მხოლოდ მოწოდებებზე აქცენტის გაკეთება, პრობლემას ვერ გადაჭრის. ერთადერთი გზა, რომლის მიხედვით ამ შემზარავი მექანიზმის შეჩერება არის შესაძლებელი, არის საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ერთიანობა. ამ პოსტულატმა შეიძლება ქართული Deep state და მისი მესაჭეები ბევრ რამეზე დააფიქროს და აიძულოს, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ ამ დროისთვის ამ დათმობების პერსპექტივაზე ფართოდ საუბარი, ცოტა ნაადრევია. ვინაიდან იმ ვითარებაში, რომელშიც აღმოვჩნდით, სანახევრო ღონისძიებების განხორციელების საშუალებებს არ იძლევა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ერთადერთი არჩევანი გადის ერთადერთ გადაწყვეტილებაზე. ეს არის ხელახალი არჩევნები. ვინაიდან სხვა გადაწყვეტილება იქნება კოსმეტიკური და სიტუაციის განმუხტვას ხელს ვერ შეუწყობს.
– გახარიას პარტიამ საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე უარი თქვა, რამაც ოპოზიციურ ველზე გაუგებრობა გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარია, მმართველ გუნდთან თანამშრომლობს?
– რთულია ამ მოსაზრების თან გაზიარება, თან ვერ გაზიარება. ასეთ მოსაზრებაზე განცხადების გაკეთებას სჭირდება მყისიერი და გადამოწმებული ფაქტები. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მარტო სპეკულირება. ამ ბრალდების დასამტკიცებლად საჭიროა მტკიცე არგუმენტების ქონა. ზოგადი განცხადებები, რაც მე მესმის ბატონი გიორგისგან და მისი თანაპარტიელებისგან ამ გადაწყვეტილებასთან, თითქოს არ არის დამაჯერებელი.
– სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის გამაერთიანებლის როლს მოირგებს?
– რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ქართულ პოლიტიკურ ველზე რჩება უნიკალურ მოთამაშედ. თუმცა, საჭიროა რამდენიმე გარემოების გათვალისწინება. 1) დღეს სალომე უფრო არის პოლიტიკური ფიგურა, ვიდრე საპრეზიდენტო მანდატით შემოსილი პერსონა. 2) სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა ძალიან კარგი დიპლომატიური ურთიერთობებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ქართული პოლიტიკის ისტორიაში იშვიათად გაიხსენებ რომელიმე პოლიტიკურ ინდივიდს, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი პოზიტიური იმიჯი ჰქონდა. მაგრამ შიდა საქმეების მხრივ, ზურაბიშვილს კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად მეტი ძალისხმევა სჭირდება. საშინაო სივრცეში ქალბატონ სალომესთან მეტი შეკითხვების დასმა შეიძლება და მეტი ვაკუუმიც ჩნდება. ეს მოცემულობა განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს საკუთარი პოლიტიკური ძალა არ ჰყავს. ეს შეხვედრები, რაც ოპოზიციის ლიდერებთან ტარდება, არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანებს სურთ, ზურაბიშვილი ოპოზიციური გუნდის გამაერთიანებლად იხილონ. შესაბამისად, ქალბატონ სალომეს ჯერჯერობით უჭირს გადაწყვეტილების მიღება. იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, ერთმანეთთან არ აქვთ კარგი კოორდინაცია. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს დოქტრინა, რომლის თანახმად, პოლიტიკურ ველზე ეკლექტიკურ სურათს ვღებულობთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, საქართველოს მოსახლეობა, მისი დიდი კონტინგენტი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს “ქართულ ოცნებას“, დღეს გაცილებით უფრო ორგანიზებული და ქმედითუნარიანია. მხოლოდ პოლიტიკური აქტორები ვერ ამყოფებენ დისკომფორტულ ზონაში მმართველ გუნდს.
– საქართველოს მთავრობა შეცვლის პროპაგანდას დონალდ ტრამპის მიმართ? ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახლა რა ეტაპზეა?
– ამ შემთხვევაში ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ არის სწორი. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ განცხადებებს ვისმენთ მხოლოდ კონგრესმენებისგან. ჯერჯერობით თეთრი სახლის ადმინისტრაციას ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. პოლიტიკური შეხედულების და მოსაზრების ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება. ამერიკის მხრიდან ამ ქეისს რომ შევხედოთ, მათთვის პრიორიტეტი საქართველოზე მეტად, თავად რეგიონია. ამიტომ საკითხავია, ჩვენი ქვეყანა ამერიკის საგარეო ინტერესებში როგორ ჩაერთვება. ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკე პირი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც ნდობით იქნება აღჭურვილი საზოგადოებისგან, ანუ მას უნდა ჰქონდეს სახალხო ლეგიტიმაცია.
ტრამპის ქმედებების პროგნოზირება არ არის ადვილი. რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი პოლიტიკური ელიტის (მთავრობა თუ ოპოზიცია) მიმართ იქნება ტრამპის ადმინისტრაცია ლოიალური ან ხისტი. ამიტომ ამ საკითხების პროგნოზირება არ იქნება ეფექტური. მეტი კონკრეტიკის საშუალებას, ქართული რეალობის გარდა, ამერიკულიც ვერ იძლევა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ეპატაჟურმა ხასიათმა დამატებითი საფიქრალი გაგვიჩინა ქართველ ხალხს.

კოტიკო გოგინაშვილი