„ოცნება” ცდილობს, დასავლეთთან ყველა კავშირი გაწყვიტოს”

„ოცნება" ცდილობს, დასავლეთთან ყველა კავშირი გაწყვიტოს"ზურაბ ბატიაშვილი: „საქართველოს ხელისუფლება დავალებებს პირდაპირ მოსკოვიდან იღებს

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი პასუხობს.

– ბატონო ზურაბ, გერმანიის ვადამდელი არჩევნების შემდეგ რა ცვლილებები იქნება უშუალოდ გერმანიის შიგნით? რამდენად შეიცვლება ქვეყნის საგარეო ვექტორი?
– გერმანიის შიდა საკითხები ჩვენ ნაკლებად გვიანტერესებს, მაგრამ მიგრაციის პოლიტიკის საკითხი გერმანელი ერისთვის აქტუალურია. გერმანიის ახალი მთავრობა, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბდა, მაგრამ იმედია, მალე ჩამოყალიბდება, ეს იქნება ტრადიციული მემარჯვენე ორიენტაციის ხელისუფლება. უფრო დიდ ყურადღებას მიანიჭებს ევროპაში დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციას. საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთან სამხედრო-ეკონომიკური კავშირის დამყარება. ასევე, უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერა იქნება. ეს შეიძლება იყოს შეიარაღების თვალსაზრისით, მათ შორის, ეკონომიკური თანადგომა.
– რამ განაპირობა ევროპაში მემარჯვენე ძალების გამოღვიძება?
– ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის არალეგალური მიგრაციის არნახული ზრდა. ასევე რუსეთის არნახული ჩარევა, რომელიც ამ ძალებს აფინანსებს. განსაკუთრებით ეს ტაქტიკა მოქმედებს იქ, სადაც არის ერთგვარი ნოსტალგია. ამას ადასტურებს იმ მოფაშისტო პარტიის გამარჯვება აღმოსავლეთ გერმანიაში. ასეთ ადგილებში საფუძველი აქვს შეთქმულების თეორიებს, ანტაგონიზმსა და საბჭოთა მენტალიტეტს.
– მარტო გერმანიაში არ არის ეს პრობლემა ფართოდ გავრცელებული. რუმინეთის მაგალითის მოყვანაც შეიძლება.
– რუმინეთშიც ცდილობენ მემარჯვენე ძალები ხელისუფლებაში მოსვლას. თუმცა, რუმინეთში პრორუსი კანდიდატი დააპატიმრეს. კი, ეს გაერთიანებები მარტო გერმანიაში არ არის. ჩვენ მემარჯვენე ძალების გაძლიერებას ვხედავთ უნგრეთსა და სლოვაკეთში, სადაც პრინციპში ეს ძალები ხელისუფლებაში არიან. ეს საერთო სურათი გარკვეული გეგმის ნაწილია. ეს ადამიანები ახალს ვერაფერს იგონებენ და ყველგან მშვიდობა უნდათ. ვითომ რუსეთს უნდა დაელაპარკონ და გაუგებარია, რაზე უნდა ელაპარაკონ. არ არსეობს არცერთი წარმატებული პროექტი რუსეთთან დალაპარაკების შედეგად. პირიქით, ისტორიის განმავლობაში ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სულ იტყუება. რუსეთი ამ ხელშეკრულებებით ცდილობს, დრო მოიგოს და სხვა ქვეყნები ჩაძიროს და მათი ოკუპაცია მოახდინოს. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება. რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ერთ წელიწადში საქართველო დაიპყრო. იგივე მოხდა აფხაზეთში, როდესაც რუსეთმა ყველა შეთანხმებას უღალატა.
– მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა ახალ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩი რადიკალური ოპოზიციის ლიდერად მოიხსენია. ეს გზავნილი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს რამდენად დააზიანებს?
– საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ მოსკოვიდან იღებს დავალებებს. ეს გუნდი აფუჭებს ურთიერთობას იმ კავშირთან, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. გერმანიის ელჩზე თავდასხმა ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მანამდე იყო თავდასხმა ევროკავშირის ელჩზე, ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა კავშირი გაწყვიტონ დასავლეთთან.
– სანქციების ახალ პაკეტს ელოდებით?
– ევროკავშირში არსებული პრორუსული ძალები უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან სანქციების პოლიტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროკავშირის ქვეყნები ინდივიდუალურად დაუწესებენ სანქციებს, ამ ე.წ ხელისუფლებას. ამ ეტაპზე ამერიკიის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ სცალია. თუმცა, ის სანქციები, რაც ოლიგარქის მიმართ იყო შემუშავებული, აუცილებლად გატარდება.
– როგორ ფიქრობთ, უნგრეთი და სლოვაკეთი საქართველოს ხელისუფლების გულისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას გაიფუჭებენ ევროკავშირთან?
– ახლა რთულია რამეზე გადაჭრით საუბარი, რადგან ამ ქვეყნის ხელისუფლებებიც მოსკოვიდან ასრულებენ დავალებებს. ამ ეტაპზე ალბათ საკუთარ პოზიციებს არ შეიცვლიან. აქ მთავარი ფაქტორი უნდა იყოს უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნების მოქმედება.
– მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რა გზავნილები გაჟღერდა?
– მიუნხენის კონფერენციის მერე ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელებისგან ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები გაჟღერდა. მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ განცხადებები. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა შედეგები მოყვება ამ მესიჯებს. ჩვენ უნდა შევაფასოთ ქმედებები და არა განცხადებები. ჯერ ყველაფერი გამოკვეთილი არ არის. იყო დაპირება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ერთ დღეში დასრულდებოდა, მაგრამ ამის მოგვარება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ვნახოთ, დაველოდოთ. საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა. ამ კონფერენციაზე საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არ მიიწვიეს. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.
– რატომ მოიხსენია ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად?
– ბევრი მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რა იყო მამოძრავებელი ძალა ამ განცხადების. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, მთავარი არის ქმედება. ჯერ ნაბიჯების გადადგმას უნდა დაველოდოთ. ჯერ კონკრეტული ქმედება არ გვინახავს. ამ დროისთვის სამშვიდობო გეგმაც არ არსებობს. ვთქვათ, ხვალ ცეცხლი შეწყდა, მერე რა ხდება. სად არის უსაფრთხოების გარანტიები. რა ფორმით იქნება ეს უსაფრთხოების გარანტიები. რუსეთი წინააღმდეგია, რომ ევროპული ჯარები უკრაინაში ჩადგეს. რუსეთს სურს, რომ უკრაინის იმ ტერიტორიიდან უკრაინული ჯარი გაიყვანოს და იქ რუსული ჯარი ჩააყენოს, ანუ იქ, სადაც რუსული ჯარი არასდროს მდგარა. ამ მიმართულებით სიტუაცია ბუნდოვანია. რუსეთს მშვიდობის სურვილი არ აქვს.
– მმართველი პარტიის ფინანსური ტერორის პოლიტიკა რას ემსახურება, მოქალაქეების დაშინებას თუ ბიუჯეტის შევსებას?
– ორივე ფაქტორს ემსახურება ეს სტრატეგია. ისინი ცდილობენ პროტესტის ჩახშობას. ადამიანები ფიზიკური ანგარიშსწორებით ვერ შეაჩერეს და ახლა ფინანსური ტერორით ქვეყნის პატრიოტების შეშინება არ არის ლოგიკური. 90 დღეზე მეტია ეს პროტესტი მიმდინარეობს. იმის მაგივრად, რომ ე.წ. ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარებაზე იფიქროს, სულ უფრო ჩიხში შეჰყავს ეს საკითხი.
კოტიკო გოგინაშვილი