„პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ელიტების საქმე”

„პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ელიტების საქმე"„ახალი თაობის“ კითხვებს მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახუშტი მენაბდე პასუხობს.

– ვახუშტი, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ახალი სახალხო გაერთიანების ჩამოყალიბება. მოგვიყევით როგორ გაჩნდა ამ სახალხო მოძრაობის შექმნის იდეა და რა იქნება თქვენი გაერთიანების მთავარი ამოცანა?
– დიდი მადლობა, ჩვენი ინიციატივით რომ დაინტერესდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ბევრი ჩვენს გაერთიანებაზე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური პარტია. სინამდვილეში კი, ეს არის სახალხო მოძრაობა. ჩვენი გუნდი პოლიტიკურ ველზე შემოდის. პოლიტიკურ პრობლემებზე ვლაპარაკობთ. პოლიტიკურ საკითხებს ვაყენებთ დღის წესრიგში. პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებით, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადს არ ვაკეთებთ. გეტყვით, რატომ არ ვაკეთებთ. ამას ორი მიზეზი აქვს: 1) ჩვენ ახლა ვართ რეჟიმთან წინააღმდეგობის პროცესში. ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ამ რეჟიმის პირობებში ჩატარდება, დემოკრატიული არ არის. ამიტომ მასში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ; 2) ჩვენივე მოძრაობის ფორმირება. ნებისმიერი მოძრაობის სტრუქტურა, პოლიტიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, მეტად მარტივია. ჯერჯერობით, არ არის ყველა შესაბამისი დოკუმენტი მზად, ყველა შეხედულება შეთანხმებული არ არის. პროგრამა არ არის ჩამოყალიბებული. კავშირები არ არის გაბმული საზოგადოებასთან. დაფინანსების გზები არ არის მოძიებული. ამიტომაც ეს უფრო მარტივი სტრუქტურული ელემენტი და ინსტიტუტია. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. თუ ეს ორი კრიტერიუმი დაკმაყოფილდება, თუ ჩვენ გავიმართებით, საზოგადოებას დააინტერესებს ჩვენი ხედვა, სტრუქტურულად ჩამოვყალიბდებით და თუ ახალი დემოკრატიული არჩევნები დაინიშნება, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. განვიხილავთ, რამდენად ღირს არჩევნებში მონაწილეობა. პასუხს საზოგადოებას გავაცნობთ. ამ ეტაპზე არ ვართ პოლიტიკური პარტია. თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში ვიღებთ მონაწილეობას. ადრე ცალკეული ჯგუფებით ვუწევდით წინააღმდეგობას ამ რეჟიმს და ახლა გადავწყვიტეთ გაერთიანება. ახლა უშუალოდ მოგიყვებით მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის“ მსოფლმხედველობის შესახებ და რატომ შევიქმენით.
ჩვენ ვართ მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანთა ერთობლიობა. სხვადასხვა მიმართულების მემარცხენეების საკმაოდ ფართო სპექტრია. ჩვენ გვაერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება – ეს არის დემოკრატია. ჩვენთვის ეს ღირებულება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მანიფესტშიც ჩავწერეთ. დემოკრატია ან იქნება სოციალური, ან ვერ იქნება დემოკრატია. ნამდვილი დემოკრატია მზრუნველ სახელმწიფოს ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ კეთილდღეობაზე. პოლიტიკა არ უნდა იყოს ელიტების საქმე. დღეს საქართველოში ასეთი ტიპის გაერთიანება რომ იყოს, ახლის შექმნა საჭირო არ იქნებოდა.
– როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ლიდერები სოციალური თემების პრობლემებზე რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა?
– ჩვენი გაერთიანება არის ამ წინააღმდეგობის ნაწილი. ქართული საზოგადოების მოთხოვნას ვეთანხმებით, რომ “ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. ბიძინა ივანიშვილი არის ავტორიტარი ოლიგარქი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის გათავისუფლება ამ რეჟიმისგან. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს. დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე სოციალურ-ეკონომიკური საკითხები გამოკვეთილი არ არის. მეტიც, თანასწორობის თემაც არ არის ბოლომდე გატანილი. ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, რადგან ეს ფიგურები თავად არიან იმ ელიტის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს უთანასწორო გარემო შექმნეს. მათ ინტერესებში არ შედის ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა. ისინი გვეუბნებიან, რომ მხოლოდ პოლიტიკური თანასწორობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ სოციალური თანასწორობა არ იქნება, მაშინ პოლიტიკური თანასწორობაც არ იქნება. ჩვენი გაერთიანება როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ თანასწორობასაც ითხოვს. არსებობენ პარტიები, რომლებიც თავიანთ პროგრამაში სოციალური თემატიკის მოვლენებს განიხილავენ, მაგრამ ეს უფრო არის ხარკის მოხდა. სინამდვილეში ეს ადამიანები ამ “ქეისებზე“ მასშტაბურად არ მუშაობენ. ჩვენს გაერთიანებაში არიან ის ფიგურები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ამ იდეების ერთგულები არიან. ისინი იბრძოდნენ შრომითი უფლებებისთვის, ღირსეული პენსიისთვის, დევნილების უკეთესი პირობებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ადამიანების ერთობა.
საერთაშორისო საკითხებს დიდი გავლენა აქვს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გარემოზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარება ყოველთვის აქტუალური იქნება თავისი სამხედრო თუ საგარეო კონტურებით.
– როგორ შეაფასებდით ჯეი დი ვენსის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა დიდი ნაწილი ევროპელი ლიდერებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა?
– მე არ ვარ საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი. ამიტომ ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე მკითხველმა არ უნდა მიიღოს, როგორც პროფესიონალური შეფასება. მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი დამკვირვებელი, გეტყვით ჩემს პასუხს ამ თემაზე. ჩვენ ახლა დიდი გეოპოლიტიკური გადალაგებების ეპოქაში ვცხოვრობთ. მსოფლიო წესრიგი იცვლება. ავტორიტარული ძალები მომძლავრებულები არიან. ბევრ ტრადიციულ ქვეყანაში ასეთმა ძალებმა პირობები გაიუმჯობესეს. ეს ძალები ჩვენი გაერთიანების დემოკრატიულ პროგრამასთან აცდენაში იმყოფებიან.
– მემარჯვენე ძალებს გულისხმობთ?
– დიახ, ძირითადად მემარჯვენე ძალებზე ვსაუბრობ. ამ იდეოლოგიის მიმდევართა რიცხვი, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაშიც იზრდება. შესაძლოა, ამ მოძრაობებმა დღეს დიდი გავლენა მოიპოვეს. მე მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი დასავლელი თანამოაზრეები საკუთარ პოზიციებს დაიბრუნებენ. რაც შეეხება უკრაინის თემას და რუსეთის გაუმართლებელ ქმედებას, ანუ ძალადობრივ შეჭრას, იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა გაიზრდება და ომი დასრულდება ისე, როგორც ეს უკრაინელებს სურთ. ამიტომ მოვლენებს დავაკვირდეთ. მე პირადად ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებ. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.
– ბოლო თვეების საპროტესტო აქციები თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოქალაქეების გარკვეული ჯგუფები სხვადახვა ლოკაციებზე, სხვადახვა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ცდილობენ, საკუთარი ხმა გააგონონ საქართველოს ხელისუფლებას. ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო კერა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ პირველი არხის ხელმძღვანელობამ საზოგადოების რეალური მოთხოვნები გაითვალისწინოს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს, რადგან თქვენი გაერთიანების წევრები ამ მიტინგების ერთ-ერთი ორგანიზატორები იყვნენ.
– საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტი არის უნიკალური და ყველაზე ხმამაღალი ფორმა ამ წინააღმდეგობის ბრძოლის, რაც დღეს სრულიად საქართველოში არის გაშლილი. ამ პროტესტს რამდენიმე ჯგუფი აორგანიზებს. მათ შორის არიან ჩვენი გუნდის წევრები და თანამოაზრეები. ამით ვამაყობთ კიდეც, რომ ეს ადამიანები არიან თანამებრძოლები. მე მინდა ვისაუბრო, თუ რატომ გახდა ეს პროტესტი აქტუალური. ამით ვფიქრობ, რომ მე გავცემ თქვენს კითხვაზე პასუხს. ჩვენ გვჭირდებოდა კონკრეტული საკითხის გამოჩენა, რომელიც, გარდა საერთო უკმაყოფილებისა, ასევე კონკრეტულ პრობლემას გამოკვეთდა. აღმოჩნდა, რომ ეს საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტმა შეავსო, რადგან დეზინფორმაციის ამ დიდ ტალღას თვალი გაუსწორა. ამ პროტესტმა გამოკვეთა, თუ ვინ არის ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს ერთმანეთზე უკეთეს სპიკერებს, პროფესიონალებს ვუცქერდით. ამ გამომსვლელთა რაღაც ნაწილი საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, ანუ მეინსტრიმული სივრცის წარმომადგენლები არ იყვნენ. უცებ ხალხმა დაინახა, რომ ბევრი მაღალი დონის ექსპერტი არსებობს, რომლებსაც საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე საუბარი შეუძლიათ. ამის გარდა, მათ შეუძლიათ ამ პრობლემების მოგვარების გზების პოვნაც. პრობლემა სწორედ დეზინფორმაციის წყარო იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობდნენ ძირითადად ის სტუმრები, რომელთა აზრი ქართველი ხალხისთვის ნაკლებად საინტერესოა.
– ამ პერსონების აზრი გაცვეთილია?
– ტელევიზიას ძირითადად გამოჰყავს ის ადამიანები, რომელთა ინტერესები და პოზიციები სარედაქციო პოლიტიკას ემთხვევა. საზოგადოებამ ეს იცის და ნაკლებად ენდობა. ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამოსავალი აღმოჩნდა იმ ადამიანების გამოჩენა, რომლებიც არავის ინტერესებს არ ატარებენ. ისინი საუბრობენ საკუთარი პროფესიონალური გადმოსახედიდან. ამ საკითხმა ხალხს დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტი. გარკვეული დინამიკაც შემოიტანა წინააღმდეგობის ბრძოლაში. ეს პროტესტი არის ერთ-ერთი უნიკალური შენაკადი. ვისურვებდი, რომ ასეთი ტიპის რამდენიმე შენაკადი საქართველოში გაჩენილიყო. რაც ამ პროცესებს კიდევ უფრო წაახალისებდა და დააჩქარებდა გამარჯვებას რეჟიმის წინააღმდეგ.

კოტიკო გოგინაშვილი