„ახალი თაობის’’ შეკითხვებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ზურა, უსაიდ-ის ფუქნციონირების შეწყვეტა როგორ აისახება საქართველოზე? ეს ინიციატივა დონალდ ტრამპის მხრიდან, რამდენად ანტიგლობალისტურ ხასიათს ატარებს?
– უსაიდ-ის საკითხი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაიხედება, თუ რას მოხმარდა ეს თანხები. ამის მერე, უშუალოდ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტკის მიხედვით, გადაწყდება, თუ რა სახით გაგრძელდება ან არ გაგრძელდება ფინანსური დახმარება.
– ჯერჯერობით მკაფიო პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან ტრამპი არაპროგნოზირებადი ფიგურააა?
– ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსის იმიჯიდან გამომდინარე, არ არის მარტივი, იწინასწარმეტყველო, რა ნაბიჯებს გადადგამს ეს ადამიანი. ამიტომ უნდა დაველოდოთ.
– ტრამპი ანტიგლობალისტური გზავნილების გარდა, ანტიდასავლური განცხადებებითაც გამოირჩევა. მაგალითად, ტრამპი ევროკავშირს ხშირად აკრიტიკებს, ზელენსკის გმირად არ თვლის და სურს, პუტინთან პირისპირ შეხვედრა იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ ეს სამხედრო კონფლიქტი ამერიკის ახალმა პრერზიდენტმა უახლოეს პერიოდში დაამთავროს?
– ერთი არის განცხადებები, მეორე არის რეალობა. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ტრამპი ერთ დღეში გეგმავდა ომის დასრულებას. მერე ომის დასრულების დედლაინი 6 თვის მერე გადაავადა. ეს არ არის ის ომი, რომლის მოგვარება ერთ დღეში არის შესაძლებელი. ეს არის ეგზისტენციური ომი. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინა არ დამარცხდეს ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში. პუტინს ეს ომი ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაციისთვის არ დაუწყია. მისი მიზანია მთელი უკრაინის დაპყრობა და მისი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. პუტინს უნდა ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა. ჩვენ იმ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ, რომ ომი მალე დასრულდება. მეეჭვება, პუტინი იმ პირობებს დათანხმდეს, რასაც მას, თუნდაც ტრამპი სთავაზობს. ეს პირობა ეხება გამყოფ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტას, სადაც ევროპელი ჯარისკაცები უნდა ჩადგნენ. ეს არის გარანტია უკრაინისთვის, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან. რუსეთისთვის ეს იქნება კატასტროფა, რადგან უკრაინას თავს ვეღარ დაესხმება. ეს მშვიდობა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევია. მთავარია, ამ მშვიდობის დეტალები როგორი იქნება. დეტალები არცთუ ისე სახარბიელოა პუტინისთვის.
– როგორ შეაფასებთ მარკო რუბიოს განცხადებას, რომ დანაშაული იყო ხალხისთვის იმის დაჯერება, რომ უკრაინა რუსეთს ამ ომს ადვილად მოუგებდა? როგორ აიტაცა ეს გზავნილი მმართველმა პარტიამ?
– საქართველოს ხელისუფლება ცნობილია თავისი მანიპულაციური მეთოდებით. ისინი დასავლელი პოლიტიკოსების თითოეულ სიტყვას, რომელიც მათ სასარგებლოდ არის წარმოთქმული, იყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის. მაგალითად, “ქართული ოცნების” წევრები რადგან ამბობენ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია, ამით ისინი ტრამპის ადმინისტრაციაში პატივისცემას დაიმსახურებენ. ირანის მთავრობაც მსგავს მესიჯბოქს ატარებს გენდერულ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიას ირანის მიმართ რბილი დამოკიდებულება ნამდვილად არ აქვს. ამიტომაც, საერთაშორისო პოლიტიკის ნიუანსები უფრო კომპეტენტურ ცოდნას მოითხოვს.
საქართველოს მთავრობა ბავშვური გზით ცდილობს, სიტყვების თამაშით სიტუაცია თავისთვის სასიკეთოდ შემოატრიალოს, ეს მეთოდი მათსავე ამომრჩეველის ერთ ნაწილზე არის გათვლილი.
– რომელ ამომრჩეველზე საუბრობთ? ანტიდასავლურად განწყობილ ელექტორატზე, თუ შედარებით პროდასავლურ ამომრჩეველზე?
– რთულია, ,,ქართული ოცნების’’ ამომრჩეველს პროდასავლური უწოდო. მთელი პროპაგანდა იწყება და მთავრდება დასავლეთის გინებით. ეს ადამიანები ალბათ თავს იტყუებენ. ვისაც ლოგიკურ აზროვნებასთან პრობლემა არ აქვს, ალბათ ხვდება, რომ ეს პოლიტიკური გუნდი არის პრორუსული დაჯგუფება.
– ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორებიცაა სერბეთი და სლოვაკეთი, დაწყებულმა მწვავე და აქტიურმა სამოქალაქო პროტესტმა რა მუხტი მისცა ქართველ დემონსტრანტებს?
– ჩამოთვლილი ქვეყნების რეჟიმები პრორუსულები არიან. ის ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის რეჟიმებს ებრძვიან, ყოველთვის პოულობენ ინსპირაციის წყაროს. სლოვაკეთმა საქართველოსგან გადმოიღო პატარა ქალაქებში დემონსტრაციების ჩატარება. მსგავსი სტრატეგია ადრე სლოვაკეთისთვის არ იყო დამახასიათებელი. ბრძოლის ეს მეთოდი საქართველოსგან გადაიღეს. ამავე დროს, ამ მოცემულობას აღფრთოვანების ხასიათიც აქვს. თუ ამ რეჟიმთაგან ერთ-ერთი ჩამოიშალა, მაშინ შეიძლება დომინოს პრინციპი მივიღოთ.
– დომინოს პრინციპით რეჟიმების ჩამოშლას დრო სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ამ შედეგის მისაღწევად ნერვების გამძლეობა, ანუ მენტალური მდგრადობაა მთავარი?
– პროგნოზებისა და ვადებისგან თავს შევიკავებ. ეს რეჟიმები თითქოს უძლეველობის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ მათი ჩამოშლა არის შესაძლებელი. შეიძლება ერთ დღეშიც ჩამოიშალონ. ეს ვნახეთ ასადის რეჟიმის დროს, რომელიც წლების განმავლობაში სამოქალაქო ომს აწარმოებდა საკუთარი ხალხის წინაშე, მაგრამ მოსკოვში ისე გაიპარა, რომ მისმა ახლო წრემაც ამის შესახებ ვერაფერი გაიგო.
– საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი ელოდნენ, რომ ეს მასშტაბური საპროტესტო მუხტი დიდხანს გაგრძელდებოდა?
– მმართველი პარტიის შფოთვის მიზეზი ეს განგრძობადი საპროტესტო პროცესია. საქართველოს ხელისუფლება არ იცნობს საკუთარ ხალხს და არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია. მათ ეგონათ, რომ ორ დღეში ყველაფერი დასრულდებოდა. საქართველოს მოსახლეობა არ აპირებს, რომ მტერს ჩააბაროს სამშობლო. დღეს, როდესაც ამ ხალხს უკანონოდ აკავებენ, მოქალაქეებს სხვა ალტერნატივა არ დარჩათ, გარდა პროტესტისა. ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და სახლში წავა.
– თქვენ, როგორც ახლო აღმოსავლეთის მცოდნე, მოგვიყევით რა ვითარებააა ახლა პალესტინა-ისრაელის ომის ფრონტზე?
– ახლა ძალაში შევიდა სამშვიდობო შეთანხმება. ეს შეთანხმება ეხება იმას, რომ უნდა გათავისუფლდნენ ისრაელელი მძევლები. ამავდროულად ისრაელის ჯარი უნდა გამოვიდეს პალესტინის ტერიტორიიდან და კონკრეტულად ღაზის სექტორიდან. ამ პროცესს თავისი წინააღმდეგობები ხვდება.
ისრაელმა ლიბიაში ჰესბოლას წინააღმდეგ სერიოზული სპეცოპერაცია ჩაატარა. ჰეზბოლა არის ირანის მთავარი დასაყრდენი რეგიონში. ასევე დაემხო ასადის რეჟიმი. ამიტომაც, ახლა ისრაელს აქვს ახლო აღმოსავლეთში უპირატესობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ირანის ბირთვული იარაღის პროგრამა, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ულტიმატუმიც წაუყენოს ირანს. თუ ირანი ამ პირობებს არ დათანმხდება, მაშინ გამორიცხული არ არის, ამერიკამ და ისრაელმა ერთობლივი ძალებით იერიში მიიტანონ ირანის ბირთვული ობიექტების მიმართ.
კოტიკო გოგინაშვილი