უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულებისკენ ნაბიჯი იქნება რუსი ოკუპანტების მიერ ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება. ზელენსკის თქმით, ის მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას „ყველა ყველასთვის” გაცვლის შესახებ.
„ომის დასრულების პროცესი უნდა დაიწყოს ნაბიჯით, რომელიც ნდობას აღადგენს თავად სიტუაციის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთისადმი ნდობა არ არსებობს. ჩვენ გვინდა სიტუაციები, რაც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური სიტუაციები. ასეთი ნაბიჯი, შესაძლოა, გახდეს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ათასობით ადამიანია დატყვევებული რუსეთში და მათი ნაწილი დატყვევებულია არა მხოლოდ 2022, არამედ 2014 წლიდანაც. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი. უკრაინა მზად არის, რომ გაცვალოს ყველა ყველასთვის და ეს არის სამართლიანი ვარიანტი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
3 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.
ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე 46000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 390 000-ზე მეტი, ლტოლვილად იქცა 4 მილიონამდე უკრაინელი მოქალაქე.
უკრაინის შეიარაღებული ჯარების ინფორმაციით, დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 850000-ს აღემატება.
გაეროს მონაცემებით, ომს ემსხვერპლა 12000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე.
არ არის ცნობილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების მონაცამთა ნაწილი, რადგან გაერო ვერ ახერხებს ამ ტერიტორიებზე შესვლას და ინფორმაციის მოძიებას.
Human Rights Watch-ის შეფასებით, რომელიც მასობრივი საფლავების სატელიტურ სურათებს ეყრდნობა, მარიუპოლში დაიღუპა, სულ მცირე, 8000 მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მეტია.