არჩილ გამზარდია – „ივანიშვილი უფრო რთული პოლიტიკური მოთამაშეა, ვიდრე მთლიანი ოპოზიცია ერთად აღებული”

არჩილ გამზარდია - „ივანიშვილი უფრო რთული პოლიტიკური მოთამაშეა, ვიდრე მთლიანი ოპოზიცია ერთად აღებული"„ახალი თაობის” კითხვებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პასუხობს.

– არჩილ, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის აკრძალვა სურს. ადრე აქტუალური თემა იყო ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების მონაწილეობის მიღების საკითხი ადგილობრივ არჩევნებში. დღეს კი, შეგვიძლია იმის ვარაუდი, რომ ეს პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მმართველმა გუნდმა ამ ტაქტიკას რატომ მიმართა?
– თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ძალადობა ტოტალიტარიზმს ამკვიდრებს და ტოტალიტარიზმის პროცესში კონტროლის მექანიზმი საყოველთაო უნდა იყოს, მათ შორის ყველა ფლანგზე, ამ კუთხით თუ რეჟიმს განვიხილავთ, მაშინ გასაკვირი არ იქნება ხელისუფლების მცდელობა, რომ ამ ფორმით ოპოზიციური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მოშორებას ცდილობს. ეს ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელია. მსგავსი ოპოზიცია ძალიან ბევრს არ მოსწონს, მათი მხარდაჭერის ხვედრითი წილი ძალიან დაბალია, მაგრამ მსგავსი ოპოზიცია თავისით უნდა იცვლებოდეს და არა ხელისუფლების მიერ. ამიტომაც ეს პროცესი გასაკვირი არ იქნება. შეიძლება დროდან გამომდინარე, რაღაც გადაწყვეტილებები შეცვალონ. ივანიშვილს ახასიათებს, რომ თუ საჭირო იქნება, უკან დაიხევს, ან დააპაუზებს. ამიტომ შეიძლება მოვლენები სწორხაზოვნად არ განვითარდეს. რაც გინდა ცუდი გყავდეს ოპოზიცია, ის უნდა “აკრძალოს” არჩევნებმა, ამომრჩევლის ზეწოლამ და არა ხელისუფლებამ. ხელისუფლების მიერ არასასურველი ჯგუფი აკრძალული არ უნდა იყოს. ხელისუფლებას არაფერი უშლის ხელს. თუკი ადრე “ქართული ოცნება” დასავლელი პარტნიორების პოზიციებს ყურადღებას აქცევდა, დღეს ეს ზღვარი აღარ არის. ამიტომაც მათ სრული რესურსი აქვთ, რაც უნდათ, ის გააკეთონ.
– “ქართული ოცნების” ტაქტიკა არის ოპოზიციის და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია. როგორ ფიქრობთ, ამ ინიციატივის შედეგად არის იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ახალი, უფრო ჯანსაღი ძალა გამოჩნდეს?
– ოპოზიცია 180-გრადუსიან ცვლილებებს ითხოვს. მათი აკრძალვის შემდეგ თუ არეალი გათავისუფლდა, შესაბამისად, რაღაც ველი გაჩნდება ახალი სახეებისთვის. მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ როგორი უნდა იყოს ეს ახალი პოლიტიკოსები. მსგავსი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელზეც ხელისუფლება ცდილობს პროცესი წაიყვანოს, არის მეტად კომპრომისზე ორიენტირებული. სხვათა შორის, ეს პროცესი საზოგადოებისთვის შეიძლება კარგიც იყოს, რადგან მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთისგან 180 გრადუსით არიან დაშორებული. თუ ახალი ბაზარი გაჩნდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე, რომელიც რადიკალური ქმედებებისგან დისტანცირებული იქნება, მაშინ შესაძლოა, გარკვეული კომუნიკაცია შედგეს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა ბრენდის ცვლილებაზეც იფიქროს. მან შეიძლება ისეთი პარტიებიც იპოვოს, ვისთანაც მეტ-ნაკლებად უსაფრთხო კონკურენციაში იქნება. ან შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს, ოღონდ ხელისუფლებას ისეთი ჯგუფები შეცვლიან, რომლებიც ივანიშვილთან “ჯანსაღ” კონკურენციაში იქნებიან.
კონკრეტული პირებისთვის ეს პროცესი შესაძლოა, სახიფათო იყოს, მაგრამ არა ივანიშვილისთვის. მისთვის კონკრეტული პიროვნებები არ არის განსაკუთრებულად ფასეული. ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის პირველი საყრდენი ჯგუფია. ახლა კი, როგორ გაგრძელდა წინა ხელისუფლების ლიდერების პოლიტიკური ცხოვრება, კარგად ვნახეთ. ივანიშვილი უფრო რთული პოლიტიკური მოთამაშეა, ვიდრე მთლიანი ოპოზიცია ერთად აღებული. უფრო რთული კონსტრუქციებით აზროვნებს. ამიტომ “ქართული ოცნების” იმ სახეებს, რომლებიც ახლა ამ პარტიის ელიტას წარმოადგენენ, აქვთ დროებითი ფუნქცია. ივანიშვილს სურს, ოპოზიციურ ველზე მტრული განწყობის ნაცვლად, კონკურენტული მოცემულობა შექმნას. მას უნდა ისეთი ოპოზიციის შექმნა, რომლითაც ივანიშვილის უსაფრთხოებას არაფერი არ დაემუქრება.
– სამხედრო კონფლიქტები სპეციალურმა საგამოძიები კომისიებმა უნდა შეისწავლონ? რატომ წამოწია მმართველმა პარტიამ აგვისტოს ომი პირველ პლანზე?
– საგამოძიებო კომისიის ფუნქციაა, ჰქონდეს ის ნდობა, რომ რაღაც პროცესები საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იყოს. პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფები ოპოზიციას უფრო ეკუთვნის. ასე იყო წლების განმავლობაში. სამხედრო დანაშაულს, როცა პარლამენტის მიერ საგამოძიებო კომისია იკვლევს, მაშინ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ იმუშავეს. ამ დროს მმართველი გუნდი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ამ პროცესს გამოძიება კი არა, შესწავლა სჭირდება. თუკი სამხედრო დამნაშავეები არსებობდნენ, ხელისუფლებას პირველივე წლებში უნდა დაეწყო მათ მიმართ გამოძიება.
– რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ პირველივე წლებში?
– სწორედ ამიტომაც ჩემთვის ეს საგამოძიებო კომისია არ არის სანდო. როდესაც ამა თუ იმ საკითხზე კონსენსუსი არსებობს, მაშინ რა საჭიროა ამ თემის ამოყირავება. გულწრფელად გეტყვით, მე ვერ ვხედავ, ხელისუფლებას ამით რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს.
– ამომრჩევლისთვის იმის ჩვენება, რომ წინა ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს შეიძლება იყოს მიზეზი?
– თუ ეს არის მიზეზი, მაშინ განსხვავებული ფორმა უნდა ყოფილიყო. საგანმანათლებლო ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც შეიძლება შენი ქვეყანა დააზიანოს, მე ამ ინიციატივას ძალიან ნეგატიურად ვუყურებ. ვერანაირი სარგებელი ამ წამოწყებას ვერ ვუპოვე. ეს პროცესები დრამატულად მიდის, მაგრამ შესაძლოა, ქვეყანას საპირისპიროდ მოუტრიალდეს.
– საერთაშორისო ამბებზეც გადავიდეთ. ქაიროში არაბულმა ქვეყნებმა ერთობლივი სამიტი ჩაატარეს, სადაც ღაზის სექტორის მომავალზე ისაუბრეს და გეგმა წარადგინეს. ეს იმის საპირწონედ მოხდა, რაც ტრამპმა საკუთარი ლას ვეგასური გეგმა შეიმუშავა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პალესტინურ-ისრაელური კონფლიქტის დასრულება რატომ ვერ ხერხდება?
– იმის მიუხედავად, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჩემი ცოდნა საკმაოდ მწირია. ერთი რამე ზოგადი სურათით შეიძლება ითქვას. არსებული მოცემულობა კრიზისულია მთელ მსოფლიოში. ახალ ეპოქაში ვართ, სადაც წესრიგის ის ფორმა, რაც ადრე იყო, ახლა წესრიგს ვეღარ ქმნის. ტრამპი პროცესების დასრულებას მარტივად ხედავს. განსაკუთრებით კი იმ სამხედრო კონფლიქტებს, რომლებსაც სიღრმისეული ფესვები აქვთ, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა დანარჩენით გაგრძელებული. ტრამპი მარტივად აღიქვამს იმ პროცესებს, რომელსაც უფრო რთული სტრუქტურა გააჩნია. ტრამპს საკუთარი თავი მოაქვს, როგორც ომის დამსრულებელი, მაგრამ მეორე მხრივ, ის ახალ დაპირისპირებებს ქმნის. მათ შორის, ევროკავშირთან. ასევე უცნაური სურათი აქვს დახატული ირანთან და ჩინეთთან. ამ ეტაპზე პირობები იმ სამხედრო კონფლიქტების, რომლებიც წლებია მიმდინარეობს და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ეს პროცესი იმდენად მრავალწლიანია, რომ ლამის რუტინაში არის გადასული. ეს ქვეყნები ამ ომებით ცხოვრობენ და თაობები იცვლება ამ ომებში. ამიტომ ამ ყველაფრის მშვიდობამდე მიყვანა რთულია.

– ტრამპის მთავარ კონკურენტად ჩინეთს მოიაზრებენ, მაგრამ ტრამპი ტაივანის მიმართ უფრო მძაფრ ტონს იყენებს. ეს არათანმიმდევრული ნარატივი ამერიკის საგარეო ავტორიტეტისთვის საზიანოა?
– ამერიკა კონკრეტულ ქვეყნებთან დაპირისპირების დროს, მესამე ქვეყნებთან ურთიერთობას ამ ქვეყნებზე ოპერირებისთვის იყენებს. მაგალითად, ტაივანთან მტრობა და მეგობრობა ჩინეთისთვის პასუხის გაცემა. ტრამპის აზროვნების პოლიტიკური ალგორითმი გააზრებული არ არის. შეიძლება ეს ოთხი წელი ტრამპმა ამ ქაოსში გაატაროს. შიდა ბაზარზე ტრამპი პოპულარობით სარგებლობს.
– “მეგობარი აქტის” ფაქტორი რა ცვლილებებს მოუტანს საქართველოს?
– “მეგობარმა აქტმა” მხოლოდ პირველი ფაზა გაიარა. “მეგობარი აქტი” ჯერ სენატში უნდა დამტკიცდეს, მერე კონგრესშიც. ამ წუთას ამ აქტის მიღება-არმიღების კონტურები დამაჯერებლად არ ჩანს. “ქართული ოცნებისთვის” ამ აქტის მიღება მიუღებელი იქნება.

კოტიკო გოგინაშვილი