„ახალი თაობის“ კითხვებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე პასუხობს.
– ბატონო გიგი, როგორც ვიცით, დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. რა გავლენას იქონიებს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მსოფლიო გეოპოლიტიკურ დღის წესრიგზე?
– ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაც ცოტა ხნის წინ გაჟღერდა. არა მგონია, რომ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. ეს იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი გადაწყვეტილება. ეს იქნება დიდი გამოწვევა ევროპისთვის. შესაძლოა, ამერიკამ ნატოც დატოვოს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება. ევროკავშირში დაიწყო საუბარი და მსჯელობა იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ევროპელი პარტნიორები განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ევროპას ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს. ეს სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილებაა, იმასთან მიმართებით, თუ რა პოლიტიკა აირჩია ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ. ცხადია, ევროპელები არ დარჩებიან იმის იმედად, რომ ამერიკელების განწყობა შეიცვლება. ეს განცდა ევროპაში დიდი ხნის წინ უნდა გაჩენილიყო. საინტერესო ინიციატივებით გამოდიან ევროპის დიდი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება.
ევროპამ უნდა მიმართოს ყველა ძალას, რათა რუსეთის ეს უსამართლო ინტერვენცია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, რუსეთის მარცხით დასრულდეს. ასევე შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უკრაინისთვის.
– დონალდ ტრამპს ხშირად რუსეთის მოკავშირედ მოიაზრებენ. რეალურად ტრამპსა და პუტინს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნა შეგვიძლია. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი არის იმპერიალისტური ზრახვები, რაც ორივე პოლიტიკოსს გააჩნია, როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტორმა ხომ არ განაპირობა ტრამპის საგარეო პოლიტიკის არათანმიმდევრულობა?
– ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ, მეტ-ნაკლებად ხელსაყრელია რუსეთისთვის. ის, რაც ახლა ხდება, ეს არის დაზიანებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. ზელენსკის დადანაშაულება ომის პროვოცირებასა და დაწყებაში, ზელენსკისთან დამრიგებლურ ტონით საუბარი და მისი საჯაროდ დამცირების მცდელობა, რა თქმა უნდა, პუტინს ახარებს. ეს ქმედებები კრემლს უფრო ხელსაყრელ პოზიციაში ამყოფებს. რუსულ არგუმენტს აძლიერებს, ამ მიმდინარე კონფლიქტში.
– ჩინეთის შეკავების მიზნით ხომ არ ცდილობს ტრამპი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას?
– ამერიკა ევროპული ქვეყნების გარეშე მსოფლიოში ძლიერ სახელმწიფოდ წარმოდგენილი ვერ იქნება. დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება, არა მგონია, ჩინეთთან რაღაც სტრატეგიის შემუშავებაზე გაიცვალოს. ამერიკა მაშინ არის ძლიერი, როცა ის ევროპულ ქვეყნებთან ერთად მოქმედებს. ეს იყო ყოველთვის ამოსავალი წერტილი დასავლური ცივილიზაციის საგარეო პოლიტიკის. არა მგონია, რომ ამერიკული მხარე ჩინეთთან დასაპირისპირებლად, რუსეთთან კავშირებს ეძებდეს. ამ ეტაპზე ახლა სასწრაფო პრობლემა, რაც გადასაჭრელია, ეს არის ევროპის კონტინენტზე, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოსთან გაჩაღებული უმიზეზო ომი. ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის ინტერესი უნდა იყოს პუტინის ამ საშინელი აგრესიის შეჩერება. თუმცა, ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში სხვანაირი ხედვა არსებობს. ეს ამერიკისთვის წარმატებული არ იქნება. მეეჭვება, რომ ამ ტაქტიკამ დადებითი შედეგი გამოიღოს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი აპირებს მეზობელ ქვეყნებს – კანადას და მექსიკას მაღალი ტარიფები დაუწესოს და ასევე ჩინეთსაც. მეეჭვება, რომ ამ სატარიფო ომში ვინმე მოგებული დარჩეს. ჩვენ ახლა ვაკვირდებით ძალიან რთულ ვითარებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ქმედებები დასავლეთს ასუსტებს, მაგრამ ამავდროულად ევროპას კონსოლიდაციის საშუალება ეძლევა. ის გზავნილი, რაც ტრამპმა გააჟღერა, რომ ამერიკამ მეტი ფინანსური თუ სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე ევროპამ, არის მცდარი. ევროკავშირმა და ზოგადად ევროპამ მეტი დახმარება გაუწია უკრაინას. ეს დახმარება გაძლიერდება. ამას ადასტურებს გერმანიის ახალი კანცლერის მერცის განცხადებები. ეს დიდი გამოწვევაა, რომელიც ევროპას შესაძლებლობას აძლევს, რათა დიდ გლობალურ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს.
– „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკას ყურადღების მიღმა ევროპაში არ ტოვებენ. სანქციების პოლიტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ. ცოტა ხნის წინ სანქციების ახალი პაკეტი წამოვიდა. მისი ავტორები არიან ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია. როგორ ფიქრობთ, ეს მასშტაბური სანქციები რა დისკომფორტს შეუქმნის მმართველ გუნდს?
– ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ობიექტური შეფასება იმ მოვლენებზე, რაც საქართველოში ხდება. უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში. 100 დღეზე მეტია, მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან. ისინი “ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებას აპროტესტებენ. ამიტომ ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას არ გააჩნია ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილს არჩევნების შედეგები არ უღიარებია. ამის პარალელურად გრძელდება პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერშიპის დასანქცირების პროცესი. ბალტიისპირეთის ქვეყნები მუდმივად იყვნენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები. ისინი დღეს ქართველი ხალხის გვერდზე არიან. ეს ქვეყნები “ქართული ოცნების“ დასანქცირებას და მხილებას აგრძელებენ. სანქცირებულთა სიაში არიან მოსამართლეები, პროკურორები და ყველა ის პირი, რომლებიც დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობას ღებულობდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებენ. ისინი ადეკვატურად აფასებენ, ხელისუფლების მიტაცების მცდელობას. ეს პროცესი, სანქციებს ვგულისხმობ, გაგრძელდება სხვა ევროპულ ქვეყნებში. ძალიან რთული ვითარების ფონზე, საქართველო შეიძლება არ იყოს საერთაშორისო საკითხების განხილვის ეპიცენტრში. დასავლეთში ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი თემების განხილვა მიმდინარეობს.
კოტიკო გოგინაშვილი