„ივანიშვილი შესაძლოა, კობახიძის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს”

„ივანიშვილი შესაძლოა, კობახიძის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს"„ახალი თაობის” კითხვებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პასუხობს.
– ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პოლიტიკიდან მოსალოდნელი იყო?
– ჩვენს პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილმა ღარიბაშვილი კვლავ დააბრუნოს. ივანიშვილს ადამიანების გადანახვა უყვარს. მე ამას კონსერვირებას ვეძახი. დღეს ხელისუფლებას ისეთი დღეები უდგას, პირადად ივანიშვილს, რომ ასეთი წამგებიანი რეპუტაცია, მას ამ 13 წლის განმავლობაში, როგორც დღეს აქვს, არ ჰქონია. ღარიბაშვილი შეიძლება ჩაითვალოს ისეთ პოლიტიკოსად, რომელსაც მეტ-ნაკლებად სახე შეუნარჩუნდა. სანქცირებულიც არ არის. თავის ამომრჩეველში ზომიერი და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც კობახიძემ დაიქვემდებარა, ისინი შენარჩუნდნენ მხოლოდ, ხოლო ვისი დაქვემდებარებაც ვერ შეძლო, ისინი ან წავიდნენ, ან საპირისპირო ბანაკში აღმოჩნდნენ. ივანიშვილს კობახიძისგან სრული კომფორტი აქვს. კობახიძე ყველაფერს ასრულებს, რასაც ივანიშვილი ეტყვის. კობახიძე მეტად ცივსისხლიანია, ვიდრე ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს ადამიანური ბუნება უკეთესი ჰქონდა.
ეს ფაქტორი რეჟიმისთვის დამახასიათებელია, რადგან რეჟიმის გასაძლიერებლად მაღალ თანამდებობებზე მეტად ცივსისხლიანი და დავალებების უპირობოდ შემსრულებელი პირებია საჭირო.
– თუ ჩვენ მივყვებით იმ მოსაზრებას, რასაც მე მივყვები, რომ ქვეყანაში ტოტალიტარიზმი მყარდება, მაშინ მართვის ასეთი ფორმა, ამდაგვარი ტიპის ძალაუფალს ითხოვს. კობახიძეს პარტიაზე დიდი კონტროლი ჰქონდა და ახლაც აქვს. ის აღმასრულებელ ხელისუფლებაზეც იღებს კონტროლს და სასამართლო ხელისუფლებაზეც. სადაც “ქართული ოცნების” ძალაუფლება ვრცელდება, ყველგან სრული კონტროლი აქვს კობახიძეს. შესაძლოა, ივანიშვილი კობახიძის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. მართალია ეს ვარიანტი ახლა კომიკურად ჟღერს. ნათქვამია, საუკეთესო ქურდი არის ის, ვისზეც ეჭვი არ მიაქვთ. ოპოზიციას ივანიშვილზე აქვს ძირითადი აქცენტები, კობახიძე, ჩემი გადმოსახედიდან, სერიოზული ძალის მატარებელ სუბიექტად ჩამოყალიბდა. შესაძლოა, ის დღემდე ივანიშვილის ინტერესებს ატარებს, სადაც ივანიშვილს პერსონალური კონტროლის რესურსი არ აქვს, რადგან ნაკლებ ადამიანთან კონტაქტობს (წინა ხელისუფლების დროს ივანიშვილის საკონტაქტო პირები ადეიშვილი და მერაბიშვილი იყვნენ) ახლაც მას 2-3 ადამიანთან აქვს კონტაქტი. სადაც ივანიშვილი პერსონალურად არ აყალიბებს გავლენას, ამ გავლენებს კობახიძე აყალიბებს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილი კობახიძის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.
– “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის ეს სცენარი (ივანიშვილის, კობახიძის გავლენის ქვეშ მოქცევა) მისაღები იქნება? მმართველი პარტიის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი 41-ს ივანიშვილის ხათრით აფერადებენ.
– აქ რამდენიმე ასპექტია. 1) ეს ყველაფერი რაზეც ვლაპარაკობთ, რამდენად ხილვადი იქნება. ჩემი ჰიპოთეზის თანახმად, ივანიშვილის ერთადერთი საყრდენი შეიძლება კობახიძე იყოს, რომელიც მერე დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს და ივანიშვილის ძალაუფლება შეიძლება იმიტაციური აღმოჩნდეს. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია. 2) არჩევნების თემა ამჟამინდელი მმართველობის პირობებში არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან დღეს არჩევნების ბედს ხალხის განწყობა ვერ გადაწყვეტს. ეს ნარატივი უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება გავრცელდეს და იმოქმედოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში საზოგადოებრივ განწყობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე საკანონმდებლო დონეზეც ისეთი გადაწყვეტილებები არის მიღებული, რომლებიც “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეებს აზარალებს. დღეს მიდის ის პროცესი, როდესაც ხელისუფლებას მოწინააღმდეგე მხარე აღარ ჰყავს. ივანიშვილი მთლიანად კობახიძეზე არის დაყრდნობილი და შესაძლოა, ბოლოს ეს საყრდენი მორჩილების ფაქტორი გახდეს, ანუ იქეთ დაემორჩილოს იმას, ვისზეც დაყრდნობილი იყო.
– ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობიდან გადაყენება და მისი წასვლა პოლიტიკიდან ხომ არ უკავშირდებოდა 2023 წელს ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას? ღარიბაშვილი რუსულ კანონს ნეგატიურად აფასებდა.
– ღარიბაშვილის და ივანიშვილის ურთიერთობაში სხვა ფაქტორებს ვხედავ. არ ვიცი, რამდენად რეალურად ვხედავ, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც ივანიშვილს ადამიანური გრძნობები გააჩნია, ეს ღარიბაშვილია. ღარიბაშვილი ივანიშვილის ხელშია გაზრდილი. ივანიშვილი მისი მთავარი მფარველი იყო. ღარიბაშვილი მთლიანად მიბმულია ივანიშვილს. თუ ჩვენ მის გადადგომის ფაზებს გავიხსენებთ, მაშინ ღარიბაშვილისთვის დადებითი პროცესები არ ხორციელდებოდა. ორივეჯერ ღარიბაშვილი ისე გადადგა, რომ მან საკუთარი თავი უფრო გადაირჩინა. ამიტომ, მე რუსული კანონის ფაქტორს ნაკლებად ვხედავ ამ საკითხში. მგონია, რომ არის რაღაც მომენტი, რაზეც ადამიანს წასვლა უბრალოდ აღარ უნდა. მიმდინარე პროცესს ღარიბაშვილი დაყენებული ტექსტით იცავს და არა შინაგანი რწმენის საფუძველზე. ეს მას ეტყობა. რაც ხდება, ღარიბაშვილისთვის სასურველი არ არის და შინაგანი რწმენით არ იცავს. ღარიბაშვილს არ სურს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე არ იყოს. ივანიშვილიც აძლევს ნებას, რომ თუ მას არ სურს ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება, მას შეუძლია გაერიდოს.
– “ქართულ ოცნებაში” ძალიან პოლარიზებული სიტუაციაა. პარტიის შიდა სამზარეულოში საკმაოდ დაპირისპირებული სეგმენტების გამოყოფა არის შესაძლებელი. ამ კონფლიქტის მთავარი მხარეები კობახიძე და ღარიბაშვილი არიან. როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს, კობახიძის და ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკური ვექტორების განსხვავებული ხედვები? ღარიბაშვილი ასოცირდება პროჩინელ პოლიტიკოსად, ხოლო კობახიძე ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. ამის ნათელი მაგალითია რუსული კანონის მიღება და ევროკავშირთან 2028 წლამდე ურთიერთობების გაწყვეტა.
– ასე არ ვხედავ მოვლენებს. ეს დაპირისპირება თუ არსებობდა, ეს უკვე დასრულებულია კობახიძის სასარგებლოდ, როგორც ყველა სხვა დაპირისპირებაც კობახიძის სასარგებლოდ დასრულდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ მოახერხა.
– ზურაბიშვილი მაინც გადააყენა პრეზიდენტის პოსტიდან და მისთვის სასურველი პირი დანიშნა ქვეყნის მთავარსარდლად.
– მაგრამ იმ მომენტში დამარცხდა, როდესაც იმპიჩმენტი ვერ მოაწყო. ღარიბაშვილი პრემიერის რანგში ადმინისტრატორის როლს ასრულებდა. მაშინ როგორიც იყო ივანიშვილის სურვილი, სწორედ იმ მიმართულებით მუშაობდა. ევროპელი კოლეგები მაშინაც ხვდებოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაიძაბებოდა. ევროპაში არსებობს ერთი აქსიომა, რომ ძალაუფლება უნდა იცვლებოდეს და ბალანსდებოდეს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც მონოლითური იყო და დაუბალანსებელი, ეს მოცემულობა ამ კონტექსტშიც დაძაბავდა ურთიერთობას ევროპასთან. ამიტომაც ღარიბაშვილმა დაიწყო მუშაობა ახალი პარტნიორების მოსაძებნად (თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი). რაც შეეხება კობახიძეს, ამ მხრივ, ის ამ გზას აგრძელებს. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსული კანონი არის მთავარი მდგენელი ამ ყველაფერში. 28 ნოემბრის განცხადებაზე სულ მახსენდება ერთი ქართული ანდაზა: “ჩათრევას ჩაყოლა ჯობია”. კობახიძემ გაახმოვანა ის, რაც თავისთავად ხდებოდა.
– მიხეილ ყაველაშვილის და დონალდ ტრამპის რამდენიმე წამიანი შეხვედრა, პოლიტიკური ურთიერთობის კონტექსტში, სერიოზულად აღსაქმელი არის?
– მე მსგავს თემებს იმხელა ფასს არ ვადებ, რამდენადაც ეს შეიძლება ოპოზიციისთვის საინტერესო იყო. ჩემთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებული შინაარსის მქონე ამბავი არ არის. მთელი რიგი ფაქტორები გამო შეიძლება ტრამპმა ვიღაცას ხელი ჩამოართვას და ორი წუთით დაელაპარაკოს კიდეც. ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ხელისუფლების სოლიდურად აღქმა. ხელისუფლება პროპაგანდისთვის იყენებს ამას, რომ უმტკიცოს თავის ამომრჩეველს, აი ჩვენ ტრამპი ხელს გვართმევს. ოპოზიციაც ცდილობს, ეს შეხვედრა პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ყაველაშვილი არის დღეს ძალიან კომიკური პერსონა. მას არ აქვს რესურსი, რომ ვიღაცას შეხვდეს და რამეზე დაელაპარაკოს. ჩვენს ქვეყანაში მეორეხარისხოვან თემებს, ყოველთვის დიდი ყურადღება ენიჭება.
– ამ კუთხით, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი და მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან არის მეორეხარისხოვანი საკითხი?.
– რაც არ უნდა ფორმალური იყოს ესა თუ ის შეხვედრა, ის მაინც არის გარკვეული კომუნიკაციის მატარებელი. დემოკრატიულ სამყაროში არის საქართველოს ხელისუფლების საკითხი ღია. საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით არის ვაკუუმი. “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის საკითხი არის ღია. ამიტომ ვაკუუმის ფაქტორში შეიძლება დავინახოთ გარკვეული კომუნიკაცია, მაგრამ განსაკუთრებულად ორგანული არა. საქართველოს ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა არის დაყენებული. პირველი ეს არის იმ კანონების უკან წაღება, რაც მათ ბოლო წლებში მიიღეს. თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ კანონებს უკან გაიწვევს და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს და დემოკრატიულ ლიანდაგზე განაგრძობს სვლას, მაშინ დასავლეთში “ქართული ოცნება” არალეგიტიმური ხელისუფლება აღარ იქნება.

კორიკო გოგინაშვილი