„ახალი თაობის” კითხვებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია პასუხობს.
– ბატონო ვახტანგ, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკად წასვლა მოსალოდნელი იყო?
– საქართველოში ისეთი პოლიტიკური სისტემა ყალიბდება, რომ ნებისმიერი ფანტასტიკური სცენარის რეალისტურად შეიძლება მოგვეჩვენოს. ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილ ვერტიკალში სერიოზული დაპირისპირებაა. ამ ვერტიკალში რამდენიმე კლანი არსებობდა. ეს ჰგავს პუტინის მიერ შექმნილ კლანებს. პუტინმა ამ კლანების “გაკეთილშობილებისთვის” შექმნა ე.წ. ბიურო. დღეს “ქართულ ოცნებაში” არის რამდენიმე კლანური დაჯგუფება. “კახელების დაჯგუფება”, “მილანური დაჯგუფება” კახა კალაძის მეთაურობით, “პიონერული დაჯგუფება” (მდინარაძე) “ძალოვანების დაჯგუფება, “ტექნოკრატების დაჯგუფება, ეს სისტემა ძალიან ჰგავს კრემლის სისტემას.
საქართველოში არის რამდენიმე რაშისტული დაჯგუფება – “ხალხის ძალა” და პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, ეს პარტია პირდაპირ კრემლიდან იმართება. რუსული ინტერესების გამტარებელი ძალაა. შეიძლება მიხეილ ყაველაშვილიც ამ დაჯგუფების წევრიც იყოს. ეს პროცესები შეგვიძლია შევადაროთ 90-ანი წლებს, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს უნდოდა უშიშროების მინისტრად დაენიშნა ავთო იოსელიანი და ბოლოს კრემლის ზარი მიიღო და მის მაგივრად იგორ გიორგაძე დანიშნა. ივანიშვილს პუტინის მსგავსად პირადი დაჯგუფება ჰყავს “ქართუ ბანკის” სახით. ამ კლანებიდან ყველაზე გავლენიანი იყო “კახელების კლანი”. “კახური კლანი” წინა არჩევნების დროს რამდენიმე რეგიონს აკონტროლებდა. ამ დაჯგუფების წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ღარიბაშვილი ივანიშვილის პირად გვარდიას გამოეყო.
“ქართულ ოცნებაში” შიდა კლანური დაპირისპირება დაიწყო და ახლა ვხედავთ ჩვენ რესურსების გადანაწილებას. ახლა “კახელების კლანმა” ჩაიწია. “პიონერების კლანმა” მართვის სადავეები აიღო.
– ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ერთ-ერთი ის მაღალჩინოსანი, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა. 2023 წელს სწორედ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს ხელისუფლებამ გაიწვია ე.წ. აგენტების კანონი. ამ გადაწყვეტილებას ხომ არ შეეწირა ღარიბაშვილი?
– მანდ საგარეო პოლიტიკის დაპირისპირება მოხდა. ირაკლი კობახიძე არის პრორუსული მმართველობა, ხოლო ღარიბაშვილს ჩინური ორიენტაცია აქვს. “ქართულ ოცნებაში” ჩინური და რუსული ლობისტური დაჯგუფებები გაჩნდა. ამიერკავკასიაში, რუსულ-ჩინური დაპირისპირება აშკარაა. ჩინეთსა და რუსეთს იდეალური ურთიერთობა არ აქვთ. ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ, ევროკავშირს გაერთიანება და პოლიტიკური ალიანსი შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ომთან დაკავშირებით. არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი რუსეთს ამ ომში ეხმარება, მაგრამ ასეთი მსჯელობა არის მითი. ჩინური ბანკები არიან სანქცირებული. ჩინეთმა რუსულ ენერგორესურსებზეც უარი თქვა. დღეს კი კავკასია ხდება მათი დაპირისპირების არეალი. მოსკოვს პროჩინური დაჯგუფების გააქტიურება არ მოეწონა საქართველოში. ღარიბაშვილის დროს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ასევე სტრატეგიული ხელშეკრულების დეკლარაციას მოეწერა ხელი.
ღარიბაშვილი დიდი ხანი ჩინურ ბიზნესკომპანიაში მუშაობდა. მისი პრემიერების დროს დაიწყო ჩინური ინვესტიციების ზრდა.
– სასწავლო დაწესებულებებში ჩინური ენის შესწავლა არჩევითი საგანი გახდა. ამ ინიციატივამ ქილიკი და სარკასტული რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ რეფორმას?
– მე არ ვუყურებ ტრაგიკულად ჩინური ენის შემოღებას. ჩინური ენა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პრესტიჟულ ენად ითვლება. ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა გაიზარდა. ჩინეთი გამოირჩევა მაღალი აკადემიური კულტურით. თუ ასარჩევად არის საქმე, ჩელიაბინსკში და ყაზანში წასვლას, ჯობია ჩინურ აკადემიურ ადგილებში სწავლა. ევროპულ და ამერიკულ განათლების სისტემას არაფერი სჯობს, მაგრამ ჩინური რუსულზე უკეთესია. ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ხდება მოწინავე აქტორი და ასევე გეოპოლიტიკური კუთხით, ჩინეთი მოწინავე ადგილზეა. ანაკლიის პორტი ამას ადასტურებს.
– ქართული ოპოზიციური სპექტრის რაღაც ნაწილი, ჩინურ ნარატივებს არასერიოზულად უყურებს. რატომ?
– ქართულ პოლიტიკურ სეგმენტს გეოპოლიტიკური განათლება აკლია. ჩინეთის კვლევის საგანი საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა. ჩინეთის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე არასწორი შეხედულებები გვაქვს. ამ კლიშეებში მოექცა ქართული ოპოზიცია. არ შეიძლება ჩინეთის ასე უდიერად მოხსენიება. ამერიკა და ჩინეთი არიან ერთმანეთის მოწინააღმდეგები, მაგრამ ხშირად არიან ერთმანეთის მოკავშირეები. ჩინეთისა და ამერიკის დამსახურებაა, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი ვერ გამოიყენა. პუტინი აპირებდა ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ ჩინეთის ზეწოლამ, ამერიკასთან ერთად, შეაჩერა პუტინის გეგმა. ჩინეთი კარგად აკავებს რუსულ აგრესიას. ჩინეთში შიდა პრობლემები ბევრია, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, იქ სერიოზული ხარვეზებია, მაგრამ ქვეყანა ვითარდება. ჩინეთი ჩაკეტილი ქვეყანაა, ინტერნეტი რაღაც დოზით იბლოკება, მაგრამ ამაზე ჩინურ საზოგადოებას პროტესტი არ გამოუთქვამს. ამიტომ ჩინეთის როლს და ადგილს სხვანაირად უნდა შევხედოთ.
– ქართულ მედიაში სხვადასხვანაირი რაკურსი გაჩნდა დონალდ ტრამპისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრიდან. რატომ ეთმობა ამხელა ყურადღება, ასეთ წვრილმან მომენტებს?
– თუკი ადრე მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას საპირფარეშოსთან ელოდებოდა, რა გასაკვირია რომ ყაველაშვილის შემთხვევაშიც იგივე არ გამეორდეს. ეს იყო “შენი ჭირიმე” “შენ გენაცვალე”, მოდი გამარჯობა მითხარის სცენა. ეს იყო სამარცხვინო ქმედება. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დაკნინება. არ შეიძლება ასე მოიქცე საერთაშორისო დონეზე. მე ყაველაშვილს პრეზიდენტად არ ვცნობ. ეს ისეთივე პრეზიდენტია, როგორც ჩვენ მთის დამლაშქრავები. რა პრეზიდენტიც გვყავს, ისეთი პოლიტიკური ელიტა გვყავს. ასეთი პოლიტიკური გაბანძება, ქვეყნის იმიჯსაც ლახავს. როცა შენ ხარ ქვეყნის პრეზიდენტი, ცოტა ღირსეულად უნდა მოიქცე და აღიარო, რომ რომელიმე ქვეყნის ლიდერი არ გცნობს. ამაში ტრაგიკული არაფერი არაა. უბრალოდ ღირსება არ უნდა დაკარგო. ეს ამბავი სატირიულ-იუმორისტულ ჟურნალ “ნიანგის” პირველ გვერდზე მოხვდებოდა. საბჭოთა კავშირიდანაც უნდა ვისწავლოთ დადებითი ელემენტების გადმოტანა.
– “ქართული ოცნების” პროპაგანდა დიფ სთეითის რებრედინგზე ცოტა გაცვეთილი ხომ არ არის?
– პოლიტიკური მმართველი ძალა დღეს ჰგავს ცნობილი ფილმის “მოღრეცილი სარკეების” პერსონაჟებს. მათ პოლიტიკური ზღაპარი შექმნეს. ამ ზღაპარს “ფაჩიკოს გარმონივით” ავითარებენ.
– ე.წ. საგამოძიებო კომისიის დანიშნულება რა არის?
– საქართველოში ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არის დაბალი პოლიტიკური ცნობიერება და კულტურა. ამიტომ საჭიროა პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება და კულტურის გაძლიერება.
– მამუკა მდინარაძის შეცვლილ გადაწყვეტილებას ელოდით, ოპოზიციის გაუქმებასთან დაკავშირებით?
– მდინარაძესთან მიმართებით ძალიან სახალისო “პერესტროიკის” დროინდელი ანეკდოტი მახსენდება. ჭიჭიკიას ეუბნება ბიჭიკია, გორბაჩოვმა ბრძანება გამოსცა, რომ ვინც თეთრი ხიდიდან გადახტება რიონში, ის ციხეში წავაო. გორბაჩოვს ვინ ეკთხებაო და ჭიჭიკია გადახტება რიონში. მდინარაძის განცხადებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ეგეც კარგი პერსონაჟია “ნიანგისთვის”.
კოტიკო გოგინაშვილ