„ტრამპმა ნებისმიერი რამ შეიძლება მოიმოქმედოს”

„ტრამპმა ნებისმიერი რამ შეიძლება მოიმოქმედოს"„ახალი თაობის’’ კითხვებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით რომის პაპ ფრანცისკეს მოღვაწეობას?
– ჩემი შეფასება დიდად არაფერს ცვლის. მსოფლიოში ძალიან არასტაბილური სიტუაციაა, სადაც ყოველთვის შეიძლება, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს. ამ თვალსაზრისით, მისი ინიციატივები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ერთი არის ინიციატივა, მეორე არის შედეგი. შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ინიციატივებს შედეგი არ მოჰყოლია.
– ტრამპის სატარიფო ომების პოლიტიკა ამერიკული ეკონომიკისთვის რა შედეგს გამოიღებს?
– ყველაზე სწორი პასუხის გაცემა ბირჟებს შეუძლიათ. ბირჟებზე ჩვენ ვხედავთ ამერიკული კომპანიების ზარალს. ამერიკული დოლარის კურსს სხვა ვალუტების მიმართ. პრობლემები სერიოზულია. ბევრ ადამიანს ამ მოცემულობაში საეჭვოდ მიაჩნიათ დოლარის შენახვა. ჩვენ დავინახეთ ამ საერთო პანიკის ფონზე ტრამპმა მაღალი ტარიფები შეამცირა. ჩინეთთან მაღალი ტარიფები ნარჩუნდება, მაგრამ ტარიფები სმარტფონებთან და ჩიპებთან გაუქმდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაციის გადახედვა მოხდა. ტარიფების პოლიტიკა შეერთებული შტატებისთვის მომგებიანი არ არის. იმედი მაქვს, რომ ამერიკა დაუბრუნდება ძველ გზას, რამაც გამოიწვია ამ ქვეყნის ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
– ჩიპების საკითხთან დაკავშირებით ტრამპს ტაივანთან ერთგვარი დაპირისპირება ჰქონდა. მაშინ, როდესაც ამერიკის მთავარი კონკურენტი არის ჩინეთი, ტაივანთან კონფრონტაციაში შესვლა რამდენად ოქსიმორონიული სვლაა?
– შეერთებულ შტატებს ჯერ ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობის ხან დათბობას, ხან დაძაბვას ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის კანადა, ევროპა. იგივე ეხება ტაივანს და ყველას. ამ მიმართულებითაც დრო არის საჭირო, რათა ჩამოყალიბდეს ეს პოლიტიკა და საჭიროა ამერიკა დაუბრუნდეს თავის ტრადიციულ როლს. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება დიდი კატაკლიზმები. შეიქმნება ვაკუუმები და ვაკუუმის შევსების დროს ხშირად არის ქაოტური მოქმედებები. ამერიკა, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, თუ აღარ იარსებებს, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, საკმაოდ ქაოტური სიტუაცია შეიქმნას.
– ტრამპის იდეას, აქციოს ღაზა ახალ რივიერად, როგორ შეაფასებდით?
– ეს გეგმაზე მეტად იდეა იყო. ერთია იდეის ქონა და მეორეა იდეის განხორციელება. იქ, სადაც ბრძოლები მიდის, რა კაზინოების და რივიერების შექმნაზე არის საუბარი. ღაზაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და უახლოეს ხანში ამ იდეის განხორციელების პერსპექტივა არ არსებობს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რა იქნება მომავალში, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ახლო აღმოსავლეთში პრობლემები ერთ-ორ დღეში ვერ მოგვარდება. ეს გრძელვადიანი პროცესია. მას მრავალი შრე გააჩნია. ამიტომ პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს ხანში სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
– ირანი ახლო აღმოსავლეთის ძლევამოსილი მოთამაშეა. ბოლო პერიოდში ამერიკასა და ირანს შორის მასკულინურ დაპირისპირებას ვხედავთ. ტრამპმა თქვა, რომ თუ ირანის ხელისუფლება ბირთვულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ირანი დაიბომბება. ეს განცხადება რეალურია, თუ ეს პუბლიკაზე თამაშის მეთოდია?
– მაგასაც ვნახავთ. ტრამპის მიმართ რაიმე პროგნოზის გაკეთება სწორად არ მიმაჩნია. ტრამპმა ნებისმიერი რამ შეიძლება მოიმოქმედოს. მათ შორის, სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდეს. ამიტომ ჯობია, დაველოდოთ. ისრაელს აქვს ალბათ სურვილი, რომ ეს ოპერაცია აწარმოოს. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, ეს მოლაპარაკებები გვაჩვენებს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ პროცესები სამშვიდობოდ განვითარდეს.
– ტრამპის არაპროგნოზირებადი ბუნებიდან გამომდიანრე, თეორიულად შეიძლება მოსკოვში 9 მაისის აღლუზმე ჩავიდეს?
– ტრამპი ძნელად პროგნოზირებადია. ამ მიმართულებით არაფერი გამიკვირდება. ტრამპს პარტიის შიგნით სირთულეები აქვს. საზოგადოებაშიც პრობლემები აქვს. სამი პროცენტით შემცირდა მისი ნდობა. ეს დიდი ციფრია. ერთი-ორი პროცენტი წყვეტს ხოლმე არჩევნებში გამარჯვების ბედს. ამ შემთხევაში ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია და შეიძლება უფრო შემცირდეს. წელიწადნახევარში უკვე არის შუალედური არჩევნები კონგრესში. მას არ აქვს ფუფუნება, რომ ამომრჩეველი გაფლანგოს. რუსეთის ღია მხარდაჭერა და კიევის კრიტიკა ტრამპის რეიტინგს შეამცირებს. ამიტომ მისი მრჩევლები ტრამპს დეტალურად ესაუბრებიან ამ საკითხებზე.
– ევროკავშირი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი იყო წლების განმავლობაში. ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის რეპუტაციას შელახავს?
– საზიანო არის ნამდვილად. თუ ამერიკამ მსოფლიოში დაკარგა დემოკრატიული ქვეყნის ფუნქცია, მაშინ ევროპა დარჩება იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ეს სიცარიელე შეავსოს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ევროპის უპრეცედენტო გამოფხიზლებას და შეიარაღებას. ჩვენ ვხედავთ ევროპის ერთ მუჭად შეკვრას. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება და სხვა ქვეყნებს მიადგება. არავის სურს ცივი ომის პერიოდში დაბრუნება. არავის უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. ევროპა მოქმედების ფაზაში არის გადასული. ეს კარგია, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ.
– ქართული ოპოზიციური სპექტრი ხშირად აკრიტიკებს ტრამპს. ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე. ამდაგვარი განცხადებების კეთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სამომავლო მეგობრულ პერსპექტივას რა შედეგებს მოუტანს?
– ზოგი თვლის, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ნაკლებად სცალია. ნაწილობრივ ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ “ოცნებამ’’ საერთო ენა ვერ გამონახა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. დიდი ლობისტური კამპანიითაც ურთიერთობა ვერ დალაგდა. ამერიკა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. ეს კავშირები მნიშვნელოვანია. იმედია, “მეგობრულ აქტსაც” მიიღებენ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული,, თუ როგორ ჩამოყალიბდება ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. საქართველოს მიმართ მეტი დეტალი გამოიკვეთება.
– “ქართული ოცნება” “დიფ სთეითს” დაამარცხებს? თუ ეს პროპაგანდა დაძველდება, მაშინ რა ახალ ხრიკებს მოიფიქრებენ სახელისუფლებო ლობისტები?
– “დიფ სთეითზე” საუბარი ბოდვით აშლილობას უფრო ჰგავს. ამაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გაკეთდეს, არ ვიცი. ხან გლობალური ომის პარტია დაარქვეს, ხან “დიფ სთეითი”. ხვალ, ზეგ შეიძლება სხვა სახელი დაარქვან. ბოდვით აშლილობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ვის რა სიზმარი დაესიზმრება საგარეო პოლიტიკაში, ამაზე ჩვენ სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ. ლობისტებმა ვერაფერი გააკეთეს. დიდი გადახდილი თანხების მიუხედავად, შედეგი არ დაიდო.
კოტიკო გოგინაშვილი