პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს
იყო დრო, მჯეროდა თუ ვიჯერებდი, რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგეძლოთ…
ვფიქრობდი, მაინც ხელოვანია, მაინც კონსერვატორია გამოვლილი და ეკლესიას სწორი და ჯანსაღი აქცენტებით სიბნელიდან გამოიყვანს, მეთქი…
დასაწყისში, პირველი ორი შეხვედრა, ამ შეხედულებას მიმყარებდა… თავისებურად ბედნიერი ვიყავი და ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის სასიკეთო მომავლის იმედს არ ვკარგავდი…
ვაღიარებ იმასაც, რომ ყურში მუდამ ჩამსისინებდნენ, ნუ ენდობი, ყალბი და მოჩვენებითი ადამიანია, არასტაბილური და არაადექვატურიო…. უმეტესად თქვენი წრეებიდან, ვინც ერთგულებას გეფიცებათ, სინამდვილეში პრომიტიული ამბიციების და პატარა ადამიანური ინტერესების გამო, გუნდრუკს გიკმევენ და უპირობოდ გემონებიან…
ბევრი დაუმსახურებელი ლანძღვა და გინება ავიტანე იმ მადლობებისთვის და საჯაროდ დადებითად მოხსენიებისთვის, რაშიც გულწრფელი ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ გულწრფელ მხარდაჭერასაც ვგრძნობდი…
მადლიერებას ვერ ვმალაბდი მაშინაც, როცა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან ნახევრად ჩამოშლილ, გავერანებულ, გამურულ, უპატრონოდ დარჩენილ ტაძარში რომ გამამწესეთ. ოღონდ თავისუფლად მესუნთქა და ყველაფრისთვის მზად ვიყავი…
მერე იყო ჩემი ღია გამოსვლები ტელევიზიით, პრესით, სოციალური ქსელით და დაუფარავად რუსული ხელისუფლების მხილება, რაც საკუთარი სიცოცხლე დამიჯდა…
ისევ თქვენი გადაწყვეტილებით მღვდელმოქმედება შემიჩერეთ და ამით, ეკლესიაში არსებულ შავ-ბნელ ძალებს და ხელისუფლებაში დაბანაკებულ მანქურთებს ხარკი გადაუხადეთ…
პეტრე ორივე მათგანს მსხვერპლად შესწირეთ და ამით ქვეყნის მოღალატე მესვეურებს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადეთ…
მე ახლაც მადლობას გიხდით იმისთვის, რაც იყო, იმისთვისაც რაც არ იყო და კიდევ იმისთვის, რაც მომავალში იქნება…
თქვენ ცნობილი ხართ თქვენი ხისტი, დაუნდობელი გადაწყვეტილებებით და თქვენ ამას სამართლიანობას უწოდებთ, რაც უფრო შეშინენული ადამიანის არასწორი ნაბიჯებია…
დღეს მე ემიგრაციაში წასვლა მიწევს და ეს ,,მზრუნველობა” თქვენი , ,,გულმოწყალების” შედეგია…
თქვენ არ გადარდებთ ჩემი ოჯახი და ექსვი შვილი, არც ჩემი მომავალი და ჯანმრთელობა, არც ის ურთულესი გზა, რაც წინ მიდევს და რისთვისაც თქვენ გამიმეტეთ, მაგრამ ერთი რამ მანუგეშებს, ისევ მღვდელმთავრებმა გაწირეს იესო გოლგოთისთვის და მეც ჩემი წილი გოლგოთა მელის, თქვენი ,,ლოცვა-კურთხევით”…
მიჭირს იმ ქვეყნის დატოვება, რომელსაც ჩემი საუკეთესო წლები შევწირე და ბევრი რამ გავაკეთე-ლიტერატურის, განათლების და ზოგადად, კულტურის სფეროში…
ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიცხოვრებ შვილების გარეშე და საკითხავია, ვნახავ თუ არა ოდესმე ჩემს ოჯახს…
ძალიან გული მწყდება, რომ თქვენი სახით მოსიყვარულე მამა არა, მრისხანე მსაჯული მოვიმუშაკეთ…
არ გეწყინოთ, მაგრამ ჩემი აქ არყოფნის პერიოდში რომელიმე ჩემ შვილს თუ რამე დაემართა, სრულ
პასუხისმგებლობას თქვენ გკიდებთ…
მესმის, რომ დიდად არ გადარდებთ და არც თავს შეიწუხებთ, მაგრამ თქვენი უსამართლო გადაწყვეტილების გამო ღვთის სამართალს ვერსად გაექცევით…
ხშირად ვისმენ თქვენს ქადაგებებს, უმეტესად სიყვარულზე საუბრობთ, მაგრამ მდოგვის მარცვლისოდენა სიყვარული არ გაგაჩნიათ…
თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ. თქვენ ხელისუფლების საამებლად ბოლომდე გამრიყეთ და ემიგრაციის უმძიმეს გზას გამიყენეთ…
პირობას გაძლევთ, თავს არასდროს მოგანატრებთ და საჯარო წერილებით ხშირად მოგიკითხავთ…
სიყვარულით, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია“.