ზვიად რატიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედას, მარიზი კობახიძეს გამოუგზავნა:
„ქალბატონო მარიზი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ წერილით! უთვალავი მადლობა თქვენი სამაგალითო ბრძოლისთვის და, რა თქმა უნდა, ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. მართალს ბრძანებთ, მშვიდი და უთქმელი ადამიანია, მაგრამ მაინც ყველაფერში ჩანს მისი დახვეწილი ბუნებაც და მებრძოლი სულიც.
საკანში სულ 40+ ბიჭები ვიყავით (ეჰ, ნეტავ მეც 40+ ვიყო) და ახალგაზრდა თანამებრძოლის შემომატებამ ყველა ძალიან გაგვახარა, თანაც ასეთი ყოველმხრივ შემკული ახალგაზრდის.
თორნიკეს სისუსტეს – პოეზიის სიყვარულს ვგულისხმობ – აუცილებლად გავითვალისწინებ. თქვენ რომ არ მოგეწერათ, თვითონ ალბათ არ გაამხელდა.
ჩემი მოკითხვა, მოწიწება და სიყვარული გადაეცით თქვენს თანამებრძოლებს – საამაყო შვილების საამაყო მშობლებს. ახლა შედარებით თამამად მოვიკითხავ ყველას, რადგან ვიდრე გარეთ ვიყავი, მოსალმებაც კი მიჭირდა, არათუ მოკითხვა და სწორედ იმიტომ, რომ მე გარეთ ვიყავი და თქვენი შვილები კი საპატიმროში“.