გიორგი ბაჩიაშვილი შეკვეთით ცემის ბრალდების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს – დაკავებული ბიზნესმენი გავრცელებულ განცხადებაში წერს: “როგორც ე.წ. “მწვანე საზღვრის” მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი”.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საკანში შესახებული მსჯავრდებული თავს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაესხა თავს და ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ფაბრიკაციებით სურთ რომ გადაიფაროს.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ციხიდან ასევე იტყობინება, რომ მასზე ზეწოლის მოხდენის გაგრძელას აპირებენ – “მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია”.
ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. “მწვანე საზღვრის” მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ პროკურატურამ შემიწყვიტა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან და ადვოკატებთან, შემდეგ ადგილი ჰქონდა ციხის დირექტორისგან გაჟღერებულ ცნობილ მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ – მსჯავრდებული, საკანში შემომიყვანეს, რომელიც შემოსვლისთანავე თავს დამესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია.
მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროვებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით”- წერია გიორგი ბაჩიაშივილის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს.
გავრცელებულ განცხადებაში, პენიტენციური წერს, რომ “გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”.
მათივე განცხადებით, “ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც”.