„პეპელა და ია“ – სიყვარულისა და სინათლის სამყაროში მოგზაურობა

„პეპელა და ია“ - სიყვარულისა და სინათლის სამყაროში მოგზაურობაგამოვიდა საბავშვო წიგნი „პეპელა და ია“ , რომელიც პატარებისთვის შექმნილი თბილი და სულიერი ამბავია მეგობრობაზე, ფერებზე და წარმოსახვის ენარზე.

წიგნის ავტორი ნაილი ასლანიშვილია.

გუშინ, 21 ოქტომბერს, წიგნის პრეზენტაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერის განახლებულ საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც  ავტორი 33 წელია პედაგოგია.

რატომ საბავშვო კრებული?

„თავდაპირველი ჩანაფიქრი არ ყოფილა სავბავშვო კრებულის გამოცემა, იდეა შვილიშვილების დაბადების შემდეგ დამებადა და ფაქტობრივად, მათ ვუძღვნი. სათქმელი დამიგროვდა და ვაპირებ, კიდევ ერთი კრებული გამოვცე, შეიძლება ითქვას, მზადების პროცესში ვარ“, – აცხადებს ნაილი ასლანიშვილი.

„პეპელა და ია“ გამოირჩევა მარტივი, მაგრამ ემოციური ენით, რაც ხელს უწყობს ბავშვების  განვითარებასა და სამყაროს სიყვარულით აღქმას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები,  დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების სისტემის წარმომადგენლები, პატარა მკითხველები.

ავტორმა მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრეს ინტერესისთვის და აღნიშნა, რომ „პეპელა და ია“ მხოლოდ წიგნი კი არა, არამედ ბავშვობის სინათლისა და ფერების მოგზაურობაა.

„პეპელა და ია“ მალე პატარა მკითხველების ბიბლიოთეკებშიც აღმოჩნდება და კიდევ არაერთ ბავშვს გაუღვიძებს ფანტაზიისა და სითბოს სამყაროს მიმართ სიყვარულს.