რეზო კიკნაძე – „ციხე ვერ გაგვაჩერებს. ტყვეობაში მხოლოდ ჩვენი სხეულია“

რეზო კიკნაძე - „ციხე ვერ გაგვაჩერებს. ტყვეობაში მხოლოდ ჩვენი სხეულია“სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერს, წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

„აქ მოხვედრის დღიდან ყველანაირად ვცდილობთ, ისეთი გარემო შევიქმნათ თუნდაც იმ გამოყოფილ რვა კვადრატში, რომ ციხეში არ ვიგრძნოთ თავი. ამისთვის დავკიდეთ კალათბურთის ფარი, გადავავსეთ კედლები აქციების ფოტოებით, წარწერებით და მაისურების კეთებაც ამიტომ დავიწყეთ. ჩვენ არ ვთვლით, რომ პატიმრები ვართ, შესაბამისად არც ჩვენთვის გამოყოფილი ოთახი არ უნდა ჰგავდეს საპატიმრო საკანს, არც ჰგავს.

აქ დროშების შემოგზავნა აკრძალულია რატომღაც. ჩვენ კი რა გაგვაძლებინებდა დროშის გარეშე. მოვიფიქრეთ, რომ თეთრ მაისურზე დაგვეხატა კალმებით. ასე დავკიდეთ ორი დროშა საკნის თავში და ბოლოში.

შემდეგ მოგვინდა 4 ოქტომბერს ჩვენც შესაბამისი ჩაცმულობით შევხვედროდით, თუნდაც საკნიდან და იმავე ხერხით დავამზადეთ 4 ცალი დროშიანი მაისური, ზედ შეძახილებით და პატრიოტული ფრაზებიც დავამატეთ.

იმდენად მოგვეწონა რაც გამოვიდა, რომ ვიფიქრეთ გარეთაც გაუხარდებოდათ ჩვენს თანამებრძოლებს საკანში დამზადებული დროშიანი მაისურები საჩუქრად და გადავიწყვიტეთ რამდენსაც შევძლებდით გაგვეკეთებინა და აქციის აქტიური მონაწილეებისთვის დაგვერიგებინა.

ჩასაცმელად იმდენად არა, ვინაიდან ვერ გარეცხავ – კალმითაა შესრულებული და გაშორდება, უფრო პატივისცემის გამოსახატად, სუვენირად.

ისე ჩავერთეთ ამ ამბავში დღეები ვაკეთებდით, თან ძალიან მოგვწონდა რაც გამოდიოდა და იმასაც ვაჩვენებდით თუნდაც ჩვენს თავებს, რომ ციხე ვერ გაგვაჩერებს – უბრალოდ ცარიელი სიტყვები არ იყო. ნიკას ვეუბნებოდი, შენ დიზაინერი ხარ-მეთქი, რადგან ის ლამაზ ფორმას აძლევს ნახატებს მაისურზე, მინდიას არქიტექტორს ვეძახდი, ვინაიდან ხაზავს, მე კი იმ ტექსტს ვიგონებ, თუ რა უნდა დავაწეროთ მაისურს და რეჟისორი ვარ.

მას შემდეგ რაც 19 მაისური გავაგზავნეთ და ციხეში ნახეს რასაც ვაკეთებდით, ჯერ ერთ-ერთი თანამშრომელი მოვიდა ჯავახასთან და ჰკითხა – მართლა თქვენი მომავლისთვის იბრძვით თუ ფულს იღებთ ამაშიო (აქციებზე სიარული იგულისხმა მგონი). ნიკამ, რა თქმა უნდა, გააფრთხილა, ასეთი სისულელე მეორედ აღარ მკითხოო, შემდეგ მეორე თანამშრომელი შემოვიდა და კედელზე გაკეთებული წარწერების (რევოლუცია,მონობას არასოდეს ერქმევა მშვიდობა, ოლე ოლა, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ცეცხლი ოლიგარქიას, ანწუხელიძე უკვდავია) წაშლა გვთხოვა. არ წავშალეთ.
ხუთშაბათს, 25 სექტემბერს კი იყო პიკი. ეს დღე დაიწყო იმით, რომ ბადრაგმა გვითხრა კამერებიდან დარეკეს, რაღაცა ძალიან ბევრ მაისურს აკეთებენ მანდ და რა ხდებაო. მეორე დღიდან წითელი კალმები აღარ შემოსულა ჩვენს საკანში. აკრძალეს. შეიძლება მთელ ციხეზე, შეიძლება მარტო ჩვენს სახელზე. არადა ნებადართული იყო და ჩვეულებრივად შემოდიოდა ყველანაირი კალამი იქამდე.

როცა გვაინტერესებდა რა ხდებოდა და ტელეფონზე დარეკვა ვითხოვეთ, ტელეფონი გაფუჭდაო – ასეთი პასუხი მივიღეთ და მთელი დღის მანძილზე არ დაგვარეკინეს. ეს ვითომ ტელეფონის გაფუჭებაც რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ზემოაღნიშნულ მოვლენებს.

მეორე დღეს, ანუ პარასკევს, ქალბატონი მარიზისთვის [მარიზი კობახიძე, სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა] უნდა გაგვეგზავნა წინა დღით დამზადებული მაისურები და გავაგზავნეთ კიდეც. თუმცა შაბათს გავიგეთ, რომ არც მარიზიმდე მისულა ეს მაისურები და არც ჩვენთვის დაუბრუნებიათ უკან.

მიუხედავად იმისა, რომ აღარც წითელი კალმები იგზავნება და ყველანაირად ცდილობენ შეგვზღუდონ,მაინც არ ვჩერდებით და ისევ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რაც დავიწყეთ – სხვა ფერის კალმებით ვაწერთ ფრაზებს, უკან საქართველოს, დროშის ზომა შევამცირეთ და გულზე ვახატავთ, იმ ერთი ორი წითელი კალმით, რაც შემოგვრჩა.
ასეც კარგი გამოვიდა ძალიან.

დღევანდელი მონაცემებით 58 მაისური გვაქვს მოხატული, რომელსაც ვერ ვაგზავნით ჯერ.

2 ოქტომბერს პრეზენტაცია და საჩუქრად დარიგება გვინდოდა ციხესთან, თუმცა ალბათ არ გამოვა, იმიტომ რომ გარეთ ვერ ვაგზავნით მაისურებს.

მაისურებზე დროშების ხატვის გამო თუ ასე დაგვიწყებდნენ ბრძოლას და ასეთ სამარცხვინო რაღაცებს იკადრებდნენ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.

არა უშავს, როგორც აღვნიშნე ციხე ვერ გაგვაჩერებს და ვერც გვაჩერებს.

ტყვეობაში მხოლოდ ჩვენი სხეულია.

თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის გონებას კი ვერავინ დაატყვევებს. დროშები, დროშები, დროშები, ჩქარა.
P.S.- სოლიდარობა გელა ხასაიას, რომლის გვერდში ყოფნას სულ ვგრძნობდი ამ ხნის მანძილზე.

29.09.2025
საკანი 38
მინდია, რეზო და ჯავახა“.