2022-24 წლებში პარლამენტმა რესტორნებში/ბანკეტებში 18 მლნ დახარჯა

2022-24 წლებში პარლამენტმა რესტორნებში/ბანკეტებში 18 მლნ დახარჯასალომე სიმონია სოციალურ ქსელში წერს:

„2019-2021 წლებში 177,7 მილიონი ლარი აქვს პარლამენტს დახარჯული. აქედან, უდიდესი ნაწილი ხელფასებში.
მივლინებებში – 4 მლნ. ტრანსპორტის/საწვავის ხარჯებში – 3,3 მილიონი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ პერიოდის პარლამენტის მუშაობა შეისწავლა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. მათ შორის, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ირაკლი კობახიძე იყო თავმჯდომარე.
აუდიტის დასკვნა, რომელიც სწორედ კობახიძის, თალაკვაძის და კუჭავას თავმჯდომარეობის პერიოდს მოიცავს, ამბობს, რომ:
თურმე ოცნების წევრები წლების მანძილზე, მივლინებებში იმაზე მეტ თანხებს ხარჯავდნენ, ვიდრე სინამდვილეში სჭირდებოდათ.
სატენდერო პირობების მოთხოვნები მორგებული ჰქონდათ კონკრეტულ კომპანიებზე.
გარკვეულ კომპანიებს უკონკურენტო გარემოში ამარჯვებინებდნენ.
წარმოიშვა როგორც ტრანსპორტის, ისე საწვავის არაეკონომიურად გამოყენების რისკები.
დაფიქსირდა მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმის გაზრდილი მოცულობით ანაზღაურების შემთხვევები.
ავიაბილეთებს მივლინებისთვის ისეთ დროს ყიდულობდნენ, როცა ბილეთები უფრო ძვირი ღირდა და თან უმეტესად, მაღალი კლასისას ყიდულობდნენ.
ხარჯების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის გარეშე გაიცემოდა სამივლინებო ავანსი.
შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის წლები ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ ისევ ოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2022-დან 2024 წლის ჩათვლით, წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტი აქვთ დახარჯული:
● პრემია/დანამატი – 10,2 მილიონი
● შტატგარეშეთა ხელფასი – 36,7 მლნ.
● რესტორნებში/ბანკეტებში – 18 მლნ.
● ტრანსპორტი/საწვავი – 3,5 მილიონი
● მივლინებებში – 8 მილიონი
ქვეყანაში, სადაც 280 ათასი ბავშვი 200 ლარიან შემწეობას იღებს, იმ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს 16 000 ლარი, ხოლო, მილიონერ დეპუტატებს 12 800 ლარი აქვთ ხელფასი და როგორც აღმოჩნდა, ისევ გაჭირვებული ხალხის ფულს ფლანგავენ და იპარავენ, რაც უკვე აუდიტმაც დაადასტურა.“