გოჩა მირცხულავა –  „საპატრიარქოში კასტინგი გამოცხადდა – ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი“

გოჩა მირცხულავა -  „საპატრიარქოში კასტინგი გამოცხადდა - ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი“ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ „ახალი თაობასთან“ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
–  რა ხდება დღეს ქართულ ეკლესიაში? ვინ მართავს დღეს ეკლესიას?
– ეკლესია, ჩვენთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, გარკვეული პერიოდი, აბსოლუტური გაურკვევლობა არსებობდა ეკლესიის მიმართ. რუსული იმპერიის პრესსამსახურები, ასე თუ ისე, ვერ იცლიდნენ ამ მიმართულებისთვის, მაგრამ როგორც კი შეძლეს და მოიცალეს, მას შემდეგ, აქ ეკლესიას სულ რუსეთი მართავს. რუსეთის გრუ, საგარეო დაზვერვა, ფსბ-ეს მეორე განყოფილება და ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. წლებია ვიძახი, რომ არანაირი საპატრიარქო ჩვენ არ გვაქვს. ეს არის შენობა, რომელშიც, რამდენიმე პატიოსან ადამიანთან ერთად, ჩაბუდებულები არიან ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ რუსეთის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის რეალიზებას და, რა თქმა უნდა, ამ წუთას ისინი მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს. მათი მიზანია რუსული იდეოლოგიის მიერ დასახული ამოცანები სისრულეში იქნას მოყვანილი. ზუსტად იგივე პროცესი მიდის, რა პროცესიც ხდება გარეთ. არც მათ არ სურთ შიგნით ის ადამიანები, რომლებიც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ. არცერთი ეს ადამიანი ქრისტიანულ პრინციპებს აცდენილი არ არის, აცდენილი არიან თვითონ და როდესაც ქრისტეს ხმა ესმით, როგორც ეშმაკს ეშინია, ისე ეშინია მათაც. ცდილობენ, პირდაპირ მოკვეთონ. ეს ის პროცესია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენ ამას გახმაურებული ფაქტების დროს ვხედავთ თორემ, უამრავი ასეთი ფაქტი არსებობდა ეკლესიაში. იარსებებს მანამ, სანამ ეს ინსტიტუციად წოდებული, ამ სახით არსებობს. პირდაპირ ვამბობ, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალი საქართველოში!
– ვინ არის დღეს რეალური ხელმძღვანელი, მეუფე შიო?
– არა, შიო ჩვეულებრივი ეგზარქოსია ამ წუთას, რომელიც ახორციელებს იმ დავალებებს, რომელსაც ის იღებს. მორჩა, მეტი არაფერი. იქ არის კიდევ სხვა შიდა დინებები. ამის პარალელურად მიმდინარეობს კასტინგი, იმასთან დაკავშირებით, ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი, რა თქმა უნდა, შიდა ბრძოლებიც არის. რამდენიმე პარალელური დინება მიმდინარეობს, მაგრამ იდეოლოგიურ კონტექსტში, პატრიარქის ტახტისთვის ვინ იბრძოლებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ის ვინც პატრიარქი გახდება, ისევ და ისევ რუსული იდეოლოგიის გამტარებელი იქნება. ამათ ქრისტე გაგდებული ჰყავთ ეკლესიიდან და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!

ნონა ცაბაძე