ქეთი ლობჟანიძე – „ემიგრანტები ყველაზე უდანაშაულო “დამნაშავეები” ვართ“

ქეთი ლობჟანიძე - „ემიგრანტები ყველაზე უდანაშაულო “დამნაშავეები” ვართ“ემიგრაციაში მყოფი ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ემიგრაციაში წამოსვლა გვაიძულა გარემოებებმა, ყველა მთავრობა რომ წინაზე უარესი მოდიოდა, სტაგნაციამ და წარმატების უპერსპექტივობამ!
ემიგრაციაში წამოსვლას ჭირდება დიდი გამბედაობა და მერე უამრავი სირთულის დაძლევა არანორმალური შრომის პარალელურად! ბევრჯერ მქონია ყველაფრის მიტოვების სურვილი, მაგრამ ზედმეტად თავმოყვარე ვარ მარცხის გადასახარშად.
ემიგრანტები ვართ გადამფრენი ფრინველები, ვერსად ვგრძნობთ თავს ბოლომდე კარგად. ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, თბილისში ჩამოსვლა იმიტომ გიხარია, რომ იცი, 3 კვირაში იმ აწყობილ ევროპაში დაბრუნდები. საუბედუროდ არის ამაში სიმართლის მარცვალი.
ემიგრანტები მხრებით ვატარებთ უმძიმეს ჯვარს! ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მამა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, როგორც ყველა “მამას გოგოს”, რომელიც ორჯერ გამოვტაცე სიკვდილს ღმერთის დახმარებით, რომლის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და გვერდში დგომისთვის სამსახური შევიცვალე, ნაკლებ ხელფასს ვჯერდები, ხშირად რომ ჩავსულიყავი და ასეთი მამა ვერ გავაცილე ბოლო გზაზე, ჩემს ხელში ვერ დალია სული! უდიდეს დანაკარგს რომ ემატება ეს ტრავმა, ისეთი ჯოჯოხეთია, გგონია, ვეღარასდროს წამოდგები ფეხზე.
3 გრძელი წელი დამჭირდა დეპრესიიდან გამოსასვლელად, ვერც კოვიდის კონტექსტი დამეხმარა და ვერც ის ფაქტი, რომ ჩემი ემიგრანტობის წყალობით მამას ყველაფერი საუკეთესო ქონდა, წამლებიდან ბრენდულ ბოტასებამდე. საქართველოში პარაცეტამოლიც კი არ ვარგა, ბავშვებს გასტრიტი აქვთ AINS-ების გამო, მეგობარი ეპილეფსიის წამალს აქედან გზავნის, თბილისში ნაყიდი იგივე მოლეკულა ვერ მუშაობს!
ემიგრანტები ყველაზე უდანაშაულო “დამნაშავეები” ვართ, ცაში გამოკიდებულები ტრავმებით ვცხოვრობთ, რაც არ უნდა მომხიბლავად ჩანდეს ჩვენი ყოფა გარედან. ვისურვებდი, საქართველოში მეცხოვრა და ტურისტად მევლო ჩემს საყვარელ ევროპაში, მაგრამ არჩევანი არ მქონდა!
და დღეს არსაიდან გამოძვრა ეს უმეცარი, უემპათიო, ტოქსიური დოქსოპულოების ნაცრისფერი მასა, რომელიც ჯერ ფულადი გზავნილების დაბეგვრით დაგვემუქრა და მერე ხმის წართმევა მოგვინდომა!
თქვენთვის გასაგებ ენაზე დავწერ: ჯანდაბისკენ წასულხართ უმოკლესი გზით, რომ პროგრესულმა საზოგადოებამ ამოვისუნთქოთ, რომ გვეღირსოს უშფოთველი ყოველდღიურობით ცხოვრება, რომ სასიამოვნო მომენტების აქ გაზიარების მერე სინდისმა არ შემაწუხოს, იქ უდანაშაულო ბავშვები ციხეებში ზიან და მე აქ რას ვპოსტავ?!“