სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე “შაბათის ეთერისთვის” გამოგზავნილ წერილში ციხეთა სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს.
მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ, ფანჯრიდან ცივი ჰაერი და ქარი შემოდის.
კიკნაძის თქმით, პრობლემაა ექიმისა მომსახურებისა და წამლების მიწოდების კუთხითაც.
კიკნაძის განცხადებით, საკანში ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა, ექიმი მოითხოვეს თუმცა უშედეგოდ:
„გათბობა ჯერ არ ჩაურთავთ, ფანჯრებიც ისეა გაკეთებული რომ ჩვეულებრივ შემოდის ქარი და ცივი ჰაერი. ღრიჭოებია იმხელა, ცივა ძალიან… სამ – სამი პლედით გვძინავს და ტანსაცმლით ვწვებით, ჰუდებით. მე კალათბურთს ვთამაშობ ხოლმე გასახურებლად. ეგრეა ყველა საკანში. ყინავენ პატიმრებს. ზაფხულში კი სიცხეში წვავდნენ. ამ გათბობას რატომ ზოგავენ არ ვიცი. გაცივდები და ვინ მოგცემს წამალს აქ. გუშინ ირაკლის [ნადირაძე] წნევა ჰქონდა, თავი უსკდებოდა, ბადრაგს ვუთხარი ექთანი გვინდა, წნევა აქვს კაცს-თქო – კაიო. დილა გათენდა და ჯერ აქ არავინ მოსულა. ექიმზე რამდენიც არ უნდა ითხოვო, არ ჩამოგიყვანენ. ამ სართულს დღეს არ ეკუთვნის ექიმიო. ან გეტყვიან დღეს თქვენი რიგი არ არის და ზეგ მოვაო. ანუ, როცა მოკვდებით მოვაო. მე, პირადად, მაისიდან ვითხოვ ექიმთან შეხვედრას, მაგრამ არ გამოდის. ექიმის საკითხი აქ ყველაზე საყურადღებოა.“

