Eagle Hills-ის წილების 33.33%-ის მესაკუთრედ საქართველო განისაზღვრა – ვინ არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები

Eagle Hills-ის წილების 33.33%-ის მესაკუთრედ საქართველო განისაზღვრა - ვინ არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისამეწარმეო რეესტრის მიხედვით, Eagle Hills Georgia-ს სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილებები შევიდა. შედეგად, დოკუმენტებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ვინაობა დაემატა.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სიაში ქართული მხარის მხრიდან ორი პირია წარმოდგენილი. აქედან, ერთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილია, მეორე კი „აწარმოე საქართველოშის“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი.

ამასთანავე, სამეთვალყურეო საბჭოში არაბული მხარიდან წარმოდგენილია 3 პირი – მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი, რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი და ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.

გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა, ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მფლობელებს შორისაც. კერძოდ, აქამდე Eagle Hills-ის წილების 100%-ის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“ იყო. განახლებული დოკუმენტებით კი, არაბული კომპანიის საკუთრებაშია წილების 66.67%, დარჩენილი 33.33%-ს კი საქართველო ფლობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო წილების მმართველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა მითითებული.

Eagle Hills-ი საქართველოში 2025 წლის აპრილში დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, Eagle Hills-ი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს გონიოსა და თბილისში. ჯამში დაგეგმილი პროექტების ინვესტიცია 6.6 მილიარდი დოლარია.