„ქსელურ მარკეტებს 10-20 მილიონი მოგება რჩებათ, ხალხს კი კაპიკებზე ამუშავებენ!”

„ქსელურ მარკეტებს 10-20 მილიონი მოგება რჩებათ, ხალხს კი კაპიკებზე ამუშავებენ!"ნიკა შენგელია: “ფასები რომ იმატებს, ეს არის ბიზნესის მხრიდან საბოტაჟი. ბიზნესს არ მოეწონა პრემიერის განცხადება და ფასი უფრო აწია და თავის ძალა აჩვენა… ამ ქვეყანაში ვინც ხელმწიფის ნავში ზის, ის ცხოვრობს და მუშაობს კარგად, ვინც ვერ ზის, ის ცუდ დღეშია!”

„ახალი თაობის“ კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია პასუხობს.
– ბატონო ნიკა, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას? თქვენც ხედავთ რა ხდება ეკონომიკური კუთხით, რა ხდება ფასებთან დაკავშირებით. ვისმენთ შეფასებებს, რომ პრემიერის ინიციატივით შექმნილი კომისია, უბრალოდ, მასკარადია და მეტი არაფერიო. ანუ რა გამოდის მათი თქმით, რომ მარკეტების სიმრავლე მოქმედებს ფასზე?
– მარკეტების სიმრავლე არაფერ შუაშია. საქმე გვაქვს კარტელურ შეთანხმებასთან. ეს მარკეტები, რომელიც ჩვენ გვხვდება, ის არის რამდენიმე ადამიანის. მაგალითად, არის მარკეტების გაერთიანება სხვადასხვა სახელით, რომელსაც, ფაქტობრივად, ერთი მეპატრონე ჰყავს, ამიტომ ფასები არის გადათამაშებული. ჩვენ ამის შესახებ ადრეც ვსაუბრობდით, რომ იგივე პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები ძალიან მაღალია! მაგალითად, რძე რომ ავიღოთ, რომელიც მარკეტებს შემოაქვთ 2,20 – 2,40 ლარის ფარგლებში, ერთი ლიტრის ფასზეა საუბარი და თითქმის 100%-ის დარიცხვით ყიდიან ამ საქონელს.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მე მივესალმებოდი ასეთ წამოწყებას, ეს რომ საქმეს შველოდეს. კარგი იქნებოდა იმ ჯგუფში, სადაც მან მინისტრები შეიყვანა და მთავრობის წევრები შეიყვანა, ხუთი-ექვსი დამოუკიდებელი ექსპერტიც ყოფილიყო. პროცესიც უფრო გამჭირვალე იქნებოდა. ბანკების როლიც არის ამ ყველაფერში, თუმცა, მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს არ არის.
– რა არის მთავარი მიზეზი?
– მთავარი მიზეზი არის, იმ მოგების დიდი მარჟა, რომელიც გააჩნიათ ქსელური მარკეტების, თუ სავაჭრო ცენტრების მეპატრონეებს. დარღვეულია ვაჭრობის შეთანხმების წესები, მსოფლიოში მოიშალა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია,. სანქციებს აწესებს ნომერ პირველი ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთში ასეთი სირთულეებია, საერთოდ მოშლილია ვაჭრობის კანონზომიერება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება, სახელმწიფომ გარკვეული განკარგულებაც გამოსცეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ფას ნამატი, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, არ უნდა აღემატებოდეს 8-10%-ს. ასევე გადასახედია დღგ-ს საკითხები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, სადაც ჩვეულებრივ 18%-ით იბეგრება, შესაძლებელია მისი დაყვანა 8-10%-მდე. მე ვსაუბრობ პროდუქტებზე.
– რამდენად გჯერათ რომ ამ კომისიის მუშაობა რაიმე შედეგს გამოიღებს?
– ამ კომისიის მუშაობა შედეგს ვერანაირად ვერ გამოიღებს. იმიტომ ვერ გამოიღებს, რომ კაბინეტში მსხდომი ხალხი ინფორმაციას იღებს მშრალად, სხვები აწვდიან. კომისია ნიშნავს იმას, რომ შევიდნენ ქსელებში, ამოიღონ საბუთები, ნახონ დარიცხვები, ნახონ პირდაპირ მომწოდებლებისგან, აქვს თუ არა მას კონკრეტული პროდუქტი შემოტანილი, არის თუ არა შიგნითვე ჩასმული მათივე საშუამავლო ფირმები, რომლებიც ფასს მაღლა სწევენ, აი ეს უნდა გამოიკვლიოს კომისიამ.
მინისტრებისგან და მათი მოადგილეებისგან შემდგარი კომისია, ეს საკითხი როგორ უნდა გამოიკვლიოს?!
– ბატონო ნიკა, არცერთ ქსელურ მარკეტში, არცერთ პროდუქტს ჯერ ფასის კლება არ ეტყობა, პირიქით, მომატებულია ფასები. რატომ?
– ასეთი მიდგომით ფასდაკლება არ იქნება. ფასები რომ იმატებს, ეს არის სწორედ საბოტაჟი ბიზნესის მხრიდან. ბიზნესს არ მოეწონა პრემიერის ეს განცხადება და ფასი უფრო აწია. ანუ თავის ძალას აჩვენებს. ჩვენ გავიხსენოთ, ღარიბაშვილმა რომ დაიწყო ბრძოლა მედიკამენტებთან დაკავშირებით, მაშინ მედიკამენტებზე ფასებმა საგრძნობლად დაიწია. თუმცა, ახლა ამ მედიკამენტების ფასი 30-40%-ით ისევ მომატებულია. ამას კი ყურადღებას არავინ აქცევს, ან რატომ დაიკლო, ან რატომ მოიმატა. ამ ყველაფერს უნდა გამოკვლევა.
როგორ წარმოგიდგენიათ, ის კომისიის წევრები ამაზე დასხდებიან, ამოიღებენ საბუთებს, ანალიზს გააკეთებენ, თუ რას იზამენ?! ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია.
– ანუ არანაირი მოლოდინი არ გაქვთ და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ემსახურება ეს ყველაფერი?
– რა მოლოდინი უნდა გქონდეს ამ სიტუაციაში? არცერთი დამოუკიდებელი ექსპერტი კომისიაში არ არის. ცხადია, ნაკლები მოლოდინი მაქვს.
– ყველა სფეროში საკმაოდ რთული ვითარებაა. ხომ ვნახეთ ინვესტორად შემოსული, ნარკოდილერი და მძიმე დამნაშავე აღმოჩნდა, საკუთარ ქვეყანაში ძებნილად გამოცხადებული. ბათუმის სტადიონის მოწილეა და კიდევ უამრავი ბიზნეს წილები ჰქონია აჭარაში. საერთოდ, რაიმეს კონტროლი მიდის ამ ქვეყანაში?
– ამ ყველაფერს სახელმწიფო სტრუქტურები უნდა აკონტროლებდნენ და ისინი უნდა ადევნებდნენ თვალყურს. ძალიან ცუდია, ასეთი რამ რომ ხდება. ინვესტორს რას ვეძახით ჩვენ? აქ რომ შემოვიდა და კომერციას რომ აწარმოებს?! ეს არ არის ინვესტორი. ინვესტორი აშენებს ქარხანას, პროდუქციას უშვებს და ასაქმებს ქართველებს. აი ესაა ინვესტორი. აბა მითხარით არიან ასეთი ინვესტორები?!
– ბატონო ნიკა, დიდი ამბებია საერთაშორისო თვალსაზრისითაც. მიდის ახალი დღის წესრიგის შექმნა და ჩვენი ქვეყანა საერთოდ არსად არ ფიგურირებს. ტრამპი ახალ გაერთიანებას ქმნის მშვიდობის ეგიდით, სადაც აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთიც კი მიწვეული და ჩვენ არსად ხსენებაში არ ვართ. ეს ყველაფერი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ხომ გვირტყამს? ასეთ წარუმატებელ და რუკიდან წაშლილ ქვეყანაში რა ინვესტიცია შემოვა? რამდენად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით?
– პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიცია იმიტომ არ შემოვა დასავლეთიდან, რომ ყველამ იცის ჩვენი პოლიტიკური ვექტორი საით არის გადახრილი. ეს ყველაფერი თურმე ხდება სიმშვიდის ეგიდით, ასე გადაწყვიტა ჩვენმა მთავრობამ.
– რა გადაწყვიტა, სიმშვიდით ჭაობში?
– დიახ, ასეა. რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებს, მე ვიტყოდი, რომ ზოგიერთი ცოტა არაორდინალური გადაწყვეტილებაა, ზოგი სწორია. ახლა მე არ დავიწყებ იმის გარჩევას, რომელი სწორი მიმაჩნია და რომელი – არასწორი, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ახალი გადაჯგუფებები. თუ გახსოვთ, მე ვწერდი 2019 წლიდან, რომ მსოფლიო ემზადება ახალი ფულად საკრედიტო სისტემაზე გადასასვლელად. იქნება ახალი ფულადი ერთეულები, რეგიონალური ერთეულები იქნება. შემოდის ელექტრონული ფული. ტოტალური კონტროლი იწყება ყველაფერზე. ეს, რა თქმა უნდა, გამოძახილი იქნება იმ ახალი ერთობისა, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელზეც მე 2019 წლიდან ვსაუბრობ. ძალიან დიდი გამოწვევები გველის. რა თქმა უნდა, საქართველოში იქნება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. მძიმე იქიდან გამომდინარე, რომ ფასები გვაქვს მაღალი, ხელფასები კი ვერ იზრდება. რომც გაიზარდოს, მაშინ ინფლაცია დაიწყება, ამიტომ ქვეყანა საჭიროებს სწორ საკადრო პოლიტიკას.
ნეპოტიზმის ერა უნდა დამთავრდეს. ამხელა ფასებია პროდუქტებზე, ნახევრად მშიერი დადის ხალხი და რით იკვებება, კაცმა არ იცის. ამ საქმეს სასწრაფოდ უნდა მიხედვა. არა მარტო სიტყვიერად, არამედ პრაქტიკულადაც. ძალიან მკაცრი გამოძახილი უნდა იყოს ამ ფასთა სიმახინჯეებზე. სხვაგვარად არაფერი არ გვეშველება.
– სატრანზიტო ქვეყანა ვიყავით, კორიდორის ფუნქცია მაინც გვქონდა და ახლა ვისმენთ ალიევისგან, რომ მალე სომხეთის გავლით მიიღებენ ტვირთებს და საქართველო აღარ დაჭირდებათ.
– საქართველოს პოლიტიკა, იგივე სატრანზიტოსთან დაკავშირებით, იყო ძალიან მკაცრი. სომხეთიდან მიმავალი ტვირთები რუსეთისკენ, საქართველოში ჩერდება. შექმნილია „კოოპერატივები“, ითხოვენ გარკვეულ თანხებს, რომ გავიდეს კონიაკი, გატარდეს სიგარეტი. ამ ყველაფერზე სომხეთ-აზერბაიჯანი დალაგდება და უკვე წავა აზერბაიჯანის გავლით. ჩვენთან კი ეს ფუნქცია დაიკარგება. აქ შექმნილია ეს უხილავი სტრუქტურები, რომლებიც აკონტროლებენ ამ ბიზნესს და აკონტროლებენ ფასებს. ეს ყველაფერი კი დასრულდება. ასე ვეღარ იმუშავებს. ამ ქვეყნების მხრიდან დიდი უკმაყოფილებაა და, რა თქმა უნდა, ქვეყანა ნელ-ნელა კარგავს სატრანზიტო ფუნქციას.
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხომ კიდევ უფრო გართულდება ეკონომიკური სიტუაცია?
– ეკონომიკური სიტუაცია უკვე უკიდურესად გართულებულია. კიდევ უფრო გართულებას და ფასების ზრდას, აქვს თავისი ზღვარი. ფასების მეტი ზრდა, გამოიწვევს სოციალურ ბუნტს, აჯანყებას. მე არ ვისურვებდი რომ ასე იყოს, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ მივდივართ.
– ერთი ლიტრი რძე რომ 6,50 ლარი ღირს, 200 გრამი კარაქი 17 ლარი, ერთი პური 1,80 ლარი…
– ეგაა უბედურება, არავინ შევა ასე მარკეტებში და არ ამოიღებს შესყიდვის ინვოისებს, თუ რა ფასად აქვთ შესყიდული. ვინმე შეხედავს, რომ იქ 100-120%-ია ფასნამატია? რა თქმა უნდა, არა! აქ ყველაზე მთავარი არის ის გარიგებები, რასაც ქსელური მარკეტები ერთმანეთში დებენ. 10 და 20 მილიონი რჩება ამ ქსელურ მარკეტებს მოგება და ხალხს ამუშავებენ კაპიკებზე! ახალგაზრდა ბავშვები მუშაობენ, რომლებსაც უკვე დაავადებული აქვთ ვენები, 12 საათი ფეხზე დგომისგან და მონური შრომისგან. კაპიკებზე ამუშავებენ, მაშინ, როცა მათ ამხელა მოგებები მისდით! თუნდაც, საბანკო სისტემა ავიღოთ, ან იქ რა ხელფასებია, რა მდგომარეობაა და მილიარდიან მოგებებზე გადიან! ამ ყველაფერში ჩასახედია და შესასწავლია. აი ეს უნდა გამოასწოროს მთავრობას და მაშინ მოუბრუნდება ხალხს მისკენ გული!
– ვის აქვს მოლოდინი, რომ ამას გააკეთებენ. სრულ კორუფციულ ჭაობში ვიძირებით. ვითომ კორუფციასთან ბრძოლაო და ამ დროს რა ხდება ქვეყანაში. საერთოდ გვეშველება რამე? ეს ქსელური მარკეტებიც ხომ მათი მფარველობის ქვეშ არიან.
– რაც შეეხება კორუფციას, თითქოს რაღაც ბრძოლა დაიწყეს, თუმცა, საზოგადოებაში მუსირებს აზრი და არც თუ უსაფუძვლო, რომ ეს არის კლანების ჩანაცვლება და არა კორუფციასთან ბრძოლა. მე ხშირად ვხვდები ხალხს და ყველგან ეს აზრი მუსირებს.
– ანუ ღარიბაშვილის კლანი ჩაანაცვლა კობახიძის კლანმა?
– ხალხში ეს განცდაა. თუ ეს კორუფციასთან ბრძოლაა, მე ასე გეტყვით მაშინ – ვერ დამისახელებთ სოფლის გამგებელს, შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს რამდენიმე, რომელიც 3-4 წელია ინარჩუნებს გამგებლის პოზიციას, რომელსაც თბილისში ბინა არ უყიდია. ყველამ იყიდა! საიდან? ამხელა ხელფასი აქვთ? ცხადია, არა! ამ ქვედა რგოლებსაც მიხედონ. ხომ ყველამ იცის, რომ ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა და კლანური ბრძოლაა. მოკლედ, ამ ქვეყანაში ვინც ხელმწიფის ნავში ზის, ის ცხოვრობს და მუშაობს კარგად, ვინც ვერ ზის, ის ცუდ დღეშია!