სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II [ერისკაცობაში ილია შიოლაშვილი] 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, რამდენიმე წუთის წინ განისვენა ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელს საქრისტიანოს. ძნელია მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვის, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელს საქართველოს. ასეთი დიდი ადამიანები როცა გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო არის და იქნება. მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა. იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძელდება, განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ჩვენ ყველას“,- თქვა მეუფე შიომ.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს.
კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ილია II 49 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

