ერთი თვე გასრულდა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. მას შემდეგ ყოველდღიური საშიშროება გაჩნდა, რომ სამხედრო ოპერაცია, მაშტაბურ ომში გადაიზრდება. მეტიც, ბევრი ფიქრობს, რომ ეს კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია და ბირთვული საფრთხე სერიოზულად ემუქრება დედამიწას.
აშშ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თავიდანვე აცხადებდა, რომ ირანს ყველაფერი მზად აქვს ატომური იარაღის შესაქმნელად, ხოლო ისრაელის პრეზიდენტი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ პირველი იერიშის შემდეგ, როდესაც ირანული ურანის გადამამუშავებელი ობიექტები, თავისი სამეცნიერო ლაბორატორიებით, განადგურდა, ირანმა მაინც მოახერხა ძირითადი პოტენციალის შენარჩუნება და მსოფლიო მშვიდობას ისევ საფრთხე ემუქრება.
ახლა ირკვევა, რომ ისრაელის მხარემ დააჯერა დონალდ ტრამპი, რომ ირანის სულიერი ლიდერის განადგურების შემდეგ, სამდღიანი ავია დარტყმები თავისას იზამდა, ირანის ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდოდა და აიათოლების რეჟიმის პარპაშს დაასრულებდა. მაგრამ ამაოდ, სამი დღე ერთ თვედ გადაიქცა, ირანელებმა მოკლული აიათოლა ჰამენეის ნაცვლად მისი სისხლისმსმელი შვილი, მოჰთაბა ჰამენეი დანიშნეს. თუმცა სულ მალე ისრაელის დაზვერვამ, სავარაუდოდ, მასაც მოუღო ბოლო.
ირანმა კონფლიქტის დაწყების თანვე, გადაკეტა სპარსეთის ყურის ჰორმუზის სრუტე და აკრძალა ნავთობის ტანკერების ამ გზით მოძრაობა. დამატებით, დაიწყო სრუტის დანაღმვა, რათა გემებს ვერ ემოძრავათ. ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობის მოხმარების 20-25% და ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის მესამედი. სრუტეს ჩაკეტვამ მსოფლიო ბირჟაზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი გახდა.
ათი დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა არ დაუსახელებია ვისთან. მისი თქმით, ამერიკამ უკვე გაანადგურა ირანის მმართველობის სამი უმაღლესი ფენა, მაგრამ აღმოაჩინა ადამიანი, რომელიც მზად იყო საქმიანი შეთანხმებისათვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს პირი ირანის პარლამენტის (მეჯლისის) თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი იყო, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი გენერალი. ასევე ითქვა, რომ მოლაპარაკებები პაკისტანში გაიმართება.
ამ ამბავმა მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის ვარდნა გამოიწვია, თუმცა ირანული მხარე, კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის მოლაპარაკებების ფაქტს. პირიქით, ირანმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები საუდის არაბეთზე, ბაჰრეინზე, კატარზე, გაერთიანებულ საემიროებზე და განაცხადა, რომ მისი სამიზნე იქნება ყველა მეზობელი ქვეყანა, ვისაც რაიმე სახის ამერიკული ბაზა აქვს განთავსებული თავის ტერიტორიაზე. ინსაიდური ინფორმაციით, ტრამპის „წარმატებული მოლაპარაკება“ ბლეფი აღმოჩნდა, რომელმაც მის ახლობლებს ბირჟაზე მილიარდობით დოლარი აშოვნინა.
შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს კუნძულ ხარგზე 82 სამხედრო ბრიგადის და 3,500 საზღვაო ქვეითი ჯარისკაცის გადასხმას და კუნძულის ინფრასტრუქტურის განადგურებას, თუ ირანი მოლაპარაკებებზე და საქმიან გარიგებას უარყოფს. ხარგი ირანის სანაპიროდან სულ რაღაც 25-30 კილომეტრშია. ეს პატარა კუნძული ირანისთვის უბრალოდ პორტი არ არის, ის ირანის ეკონომიკის გულია. იქ განთავსებულია უზარმაზარი რეზერვუარები, რომლებსაც მილიონობით ბარელი ნავთობის შენახვა შეუძლიათ. კუნძულს იცავს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300-ის ელემენტებიც კი) და რევოლუციური გვარდიის (IRGC) საზღვაო ქვეითები. 3,500 ამერიკელი საზღვაო ქვეითის გადასხმა ნიშნავს არა “მშვიდობიან ბლოკადას”, არამედ უმძიმეს საომარ მოქმედებებს ირანის სანაპიროსთან.
ირანის ნავთობის 80 %-ს ჩინეთი ყიდულობს. ადრე, როდესაც ირანის ნავთობზე მკაცრი სანქციები მოქმედებდა, ირანმა 2021-2024 წლებში განავითარა „მოჩვენებათა ფლოტი“ — ტანკერები, რომლებიც GPS-ს თიშავენ და ღია ზღვაში გადატვირთავენ ნავთობს, სანქციების გვერდის ასავლელად.
ასევე, ჩინეთი ირანს აწვდის კომპონენტებს იმ ცნობილი დრონებისთვის (Shahed), რომლებსაც ირანი შემდეგ მთელ რეგიონში (და არა მხოლოდ) იყენებს. ეს არის დახურული ციკლი: ირანი აძლევს ენერგიას, ჩინეთი — ტექნოლოგიას ომისთვის.
ბოლო დროს გააქტიურდა ჩინეთი-ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანის სარკინიგზო დერეფანი. თუმცა, ნავთობის დიდი მოცულობების გადასაზიდად რკინიგზა ზღვას ვერ შეედრება.
ირანი და ჩინეთი ნავთობის საფასურს სულ უფრო ხშირად იუანებში ან ბარტერით (საქონელი ნავთობის სანაცვლოდ) ანაწილებენ. ეს სისტემა გვერდს უვლის SWIFT-ს და ამერიკულ საბანკო კონტროლს. თუ ტრამპის გარემოცვა მართლაც „ბირჟაზე თამაშობს“, ისინი ვერ აკონტროლებენ ამ „შავ ხვრელს“, სადაც მილიარდობით დოლარის ექვივალენტი იუანი მოძრაობს ვაშინგტონის გვერდის ავლით.
ირანი კასპიისპირა ქვეყნებს (რუსეთს, ყაზახეთს) აწვდის ნავთობს ჩრდილოეთში, ხოლო სანაცვლოდ ისინი თავიანთ ნავთობს ყიდიან ირანის სახელით სპარსეთის ყურეში. ეს ირანისთვის სანქციებისგან თავის დაღწევის კლასიკური მეთოდია.
ირანმა ასევე დაასრულა გორე-ჯასკის ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც ჰორმუზის ყურეს გვერდს უვლის და პირდაპირ ომანის ყურეში გადის.
თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს ბოლომდე ჩაკეტავს, ის თავად მაინც შეძლებს ნავთობის გატანას ჯასკის პორტიდან, რომელიც ყურის გარეთაა.
ტრამპის, ერთი შეხედვით, ქაოტური პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც მთელ მსოფლიოს შოკში აგდებს, მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის არსებობა- არ არსებობას და დემოკრატიულ ცვლილებების მოთხოვნას არ გულისხმობს. ეს არის სუფთა წყლის ფინანსური პარტიზანული ომი, სადაც მთავარი იარაღი არა რაკეტა, არამედ ნავთობის ბარელი და საფონდო ბირჟის ინდექსებია. საბოლოო ჯამში, ეს ომი და სისხლისღვრა ირანის ნავთობის ხელში ჩასაგდებად არის გამიზნული.
ამასობაში, აშშს პრეზიდენტმა 15 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა ირანს, ომის დასასრულებლად, მაგრამ თეირანი ამ პუნქტებს არ ეთანხმება. პასუხად, ტრამპი ისევ მუქარაზე გადავიდა და არა მხოლოდ ხარგის კუნძულის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, არამედ მთლიანად ირანზე მასშტაბური თავდასხმის შესახებ განაცხადა. თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ 10 ათასი ჯარისკაცით მისიას ვერ შეასრულებდა, აგრესიული რიტორიკა შეცვალა და 6 აპრილამდე სამხედრო იერიში შეაჩერა. ვაშინგტონს პაკისტანის მეშვეობით სურს სიტუაციის მართვა, თურქეთი და ეგვიპტე კი საკუთარ შუამავლობას სთავაზობენ მსოფლიოს. ეს აღარ არის მხოლოდ კონფლიქტი, ეს არის ბრძოლა იმის გამოსავლენად, თუ ვინ იქნება ახალი მსოფლიო წესრიგის მედიატორი.
29 მარტს ისლამაბადში თურქეთის, საუდის არაბეთის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, როგორც შუამავლის ფუნქციის მატარებლები. აშშ-ს და ირანის წარმომადგენლები არ ჩანდნენ. ოფიციალური განცხადება, რაიმე სახის შეთანხმებაზე არ ყოფილა. ითქვა მხოლოდ, რომ სამშვიდობო მედიატორებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზიშკიანთან, რომელსაც რეალური ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ კურიერის როლი შეიძლება შეასრულოს.
რაც შეეხება ისრაელს, ის ირანის ქალაქების, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებს. პარალელურად სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ლიბანის სამხრეთით. პასუხად, იემენში გააქტიურდნენ ჰუსიტები და ისრაელის დაბომბვა დაიწყეს.
სისხლისღვრას დასასრული არ უჩანს. მეტიც, იბომბება და ნადგურდება მთელი ახლო აღმოსავლეთი, იღუპება ირანისა და ისრაელის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა. სახეზეა ჰუმანიტარული კრიზისი, დანაშაული, რომელზეც ერთის მხრივ, ისრაელი და ირანის მეზობელი ქვეყნები ჩივიან, მეორე მხრივ ირანი, რომელმაც თეირანის ტექნიკური უნივერსიტეტის დაბომბვის გამო, გაეროშიც იჩივლა. ირანელებმა განაცხადეს, რომ საპასუხოდ ისრაელის და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების სახლებს და ახლო აღმოსავლეთში მტრული ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სასწავლო დაწესებულებებს გაანადგურებენ.
სიტუაცია იმდენად გაურკვეველია, რომ ყოველი მომდევნო საათი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. ჩვენ ვხედავთ კლასიკურ გეოპოლიტიკურ „ჩიხს“: ვაშინგტონს სურს სწრაფი ეკონომიკური გამარჯვება ბირჟაზე, თეირანი კი „გადარჩენის ომშია“ ჩაბმული და მზად არის, მთელი რეგიონი თან გაიყოლოს. ამ მოცემულობაში მთავარი კითხვა აღარ არის ის, დაიბომბება თუ არა ხარგის კუნძული — მთავარია, ვინ აღმოჩნდება უფრო შეუვალი ამ „ნერვების ომში“: ამერიკული საფონდო ინდექსები თუ ირანულ-ჩინური ჩრდილოვანი ეკონომიკა. დასკვნა ერთია: სანამ ისლამაბადში შუამავლები „კურიერის“ როლს ასრულებენ, ხოლო ბირჟა ყოველ განცხადებაზე რეაგირებს, მსოფლიო ახალი წესრიგის მოლოდინშია. ეს აღარ არის ლოკალური დაპირისპირება — ეს არის გლობალური გადახალისების დასაწყისი, სადაც მშვიდობა, სამწუხაროდ, ყველაზე ძვირადღირებული დეფიციტი გახდა.
მანანა იაშვილი

