“ზურაბიშვილის დასახელებით ივანიშვილმა “ქართული ოცნება” შეინარჩუნა”

"ზურაბიშვილის დასახელებით ივანიშვილმა "ქართული ოცნება" შეინარჩუნა"კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, რამდენად რეალური შეიძლება იყოს “ქართული ოცნების” გუნდში სერიოზული დაპირისპირება ფარული ჩანაწერების, კორუფციული გარიგებების თუ იმ ქონების ფონზე, რომელიც საზოგადოებამ ნახა?
– ეს ფაქტია. ჯერ კიდევ სანამ კვირიკაშვილი იყო პრემიერი, გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირება აშკარა გახდა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ეს კიდევ უფრო დაადასტურა. მეტიც, მან პირდაპირ თქვა, რომ გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად დაბრუნდა.
– თუმცა, მაშინ სხვა მიზეზი ითქვა, რომ ეკონომიკური ხედვები იყო განსხვავებული.
– რა მნიშვნელობა აქვს, მიზეზი რა დასახელდა, ფაქტი ხომ დაადასტურეს. ახლა “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები სრულიად ახსნადია.
შევარდნაძის პოლიტიკური გუნდი, ნაციონალური მოძრაობა ხომ კარგად გვახსოვს, რამდენ ხანს იყვნენ სათავეში. ვერც ერთმა ძალამ ორ საპარლამენტო ვადაზე მეტხანს ვერ შეინარჩუნა ხელისუფლება. მერე როგორ დაასრულეს, ყველას კარგად გვახსოვს. ერთი რევოლუციის გზით წავიდა, მეორე მართალია არჩევნების გზით, მაგრამ იმ არჩევნებსაც არაფერი აკლდა რევოლუციამდე, 2012 წლის არჩევნები, ფაქტობრივად, რევოლუცია იყო.
ამ ფაქტებს თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ ეს არის ისტორიული კანონზომიერება. ახლა “ქართული ოცნება” ხელისუფლების მეორე ვადის ბოლოშია და მას ამის დაჯერება და შეგუება არ უნდა. მათ იციან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვეღარ ისარგებლებენ იგივე მხარდაჭერით და ამის გაცნობიერება უჭირთ და ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას, პოლიტიკაში დარჩენას.
როდესაც ასეთი მოცემულობაა, მაშინ გუნდში დუღილის ტემპერატურაც მაღლა იწევს.
– ვიღაცეები ალბათ არ აპირებენ პოლიტიკური კარიერის დასრულებას.
– რა თქმა უნდა. ამიტომაც, თუ წინა საპარლამენტო არჩევნებზე 100 კაციანი სიის გასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, ახლა ეს ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ ეს სია შეიძლება 20 კაცამდე შემცირდეს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ვიღაცეებმა ივაჭრონ.
ეს, ერთი მხრივ, ამ დაჭაობებული პარტიული სისტემის ბრალიც არის, რომლის შენარჩუნებას დღემდე ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს. ჩვენ კარგად ვიცით, ადამიანები ამ სიებში როგორ ხვდებიან, როგორ იხდიან ფულს, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ეს არის კორუფციული სისტემა, სადაც შიდაპარტიულ დემოკრატიაზეც კი აღარ არის საუბარი.
მე ამ შემთხვევაში მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალაზე არ ვსაუბრობ, ზოგადად საქართველოში არსებულ იმ პარტიულ სისტემაზე ვსაუბრობ, რომელიც კორუფციულია. ეს არის აბსურდული პარტიული სისტემა, ამიტომაც ვუყურებთ ახლა ასეთ გადღაბნილ სურათს.
– ბატონო ლევან, ასეთი შეფასებაც მოვისმინე, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები გენერალური რეპეტიციაა საპარლამენტო არჩევნების. როგორ ფიქრობთ, 2020 წლისთვის მმართველი პარტია კვლავ შეეცდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას თუ მართლაც შეიძლება მხოლოდ 20 კაციანი სიით შევიდეს პარლამენტში?
– ახლა ჩვენ ძალაუფლების დათმობა-შენარჩუნებისთვის ბრძოლას ვადევნებთ თვალ-ყურს. რამდენი მანდატით შევა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ამის თქმა ძალიან რთულია და არავის არ შეუძლია, მაგრამ ახლანდელი ძალთა ბალანსი რომ არ იქნება ახალ პარლამენტში, ეს ცალსახა და უპირობოა.
რეალურად კოალიციური მთავრობა რომ არ იქნება დღევანდელი მთავრობისთვის კომფორტი, ესეც ცხადია. მაგრამ შექმნის თუ არ შექმნის, ან როგორ შექმნის, ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც ღირს მსჯელობა. მე ვფიქრობ, რომ ამ ფონზე ის შეეცდება, მისთვის სასურველი პარტია გააძლიეროს და შეიყვანოს პარლამენტში, რათა სწორედ მასთან შექმნას კოალიცია.
– რომელი პარტია შეიძლება ეს იყოს?
– ეს არის მთავარი კითხვა, ვინ იქნება მისი მოკავშირე პარტია, ვისთან შექმნის ის კოლიციას?! მე ეჭვი მეპარება, რომ ეს იყოს მისგან მკვეთრად განსხვავებული პარტია, მით უფრო მკვეთრად ოპოზიციური პარტია, რომელთანაც ერთად შექმნის “ოცნება” კოალიციურ მთავრობას. ასე რომ, მე არ გამოვრიცხავ, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ეს ერთ-ერთ სცენარად სერიოზულად განიხილებოდეს.
– რას იტყვით იმ მოსაზრებაზე, რომ ამ პროცესების მძევალია ბიძინა ივანიშვილი? თუ ის შემოქმედია?
– მე არც ერთ და არც მეორე მოსაზრებას ვერ დავეთანხმები.
ადამიანს, რომელმაც შექმნა არამხოლოდ პარტია “ქართული ოცნება”, არამედ ეს პოლიტიკური რეალობა, არ მგონია, რომ ახლა ისე გაუჭირდა, რომ ამ პროცესების მძევალი გახდეს.
რაც შეეხება შემოქმედს, ამ იდეასაც ბოლომდე იმიტომ ვერ ვიზიარებ, რომ მთელ ამ პროცესზე 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი იმ გუნდთან ერთად, რომელიც მან შექმნა. ის პოლიტიკური გუნდის შეცდომებზე თუ დანაშაულებზეც არის პასუხისმგებელი.
ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, არის ის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს რთული მდგომარეობა აქვს. თუმცა, მან ამ ეტაპისთვის სწორი ტაქტიკა შეარჩია, როდესაც პარტიის მიღმა დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი.
– რას გულისხმობთ?
– პირველი, პარტიას დაღმავალი რეიტინგი ჰქონდა, როდესაც ის პარტიაში დაბრუნდა და მეორე, პარტიაში არსებობდა სულ ცოტა სამი ჯგუფი. რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და საკუთარი კანდიდატის გაყვანას. კალაძის, კვირიკაშვილისა და ე.წ. ძველების ჯგუფი ამას დაუფარავად ცდილობდნენ. შესაბამისად, რომელიმე ერთის მხარდაჭერა ივანიშვილის მხრიდან ნიშნავდა პარტია “ქართული ოცნების” იმ დღესვე დაშლას.
შესაბამისად, ივანიშვილის მხრიდან ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ პარტია შეენარჩუნებინა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომავალი წლიდან ჩვენ ვნახოთ “ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა