ევროპაში სოროსს დაუპირისპირდნენ

ევროპაში სოროსს დაუპირისპირდნენბუდაპეშტის სოროსის უნივერსიტეტად წოდებული ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ჩვენთან მოქმედი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტების დიდ ნაწილს განათლება ამ დაწესებულებაში აქვს მიღებული.

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც, შესაძლოა, შეჩერდეს სოროსის მიერ ბუდაპეშტში დაფუძნებული ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის საქმიანობა.

ცნობილ მილიარდერსა და ფინანსისტს ბოლო დროს ბრძოლა გამოუცხადა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ადრე სოროსის მხარდაჭერით სარგებლობდა.

უნგრეთი ევროპის ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელიც სოროსსა და მის იდეოლოგიას უპირისპირდება. გარკვეული ხნის წინ მაკედონიის პრემიერმა ნიკოლა გრუევსკიმ თანამოქალაქეებს ქვეყნის დესოროსიზაციისკენ მოუწოდა, ხოლო პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მილიარდერ სოროსის ინსტიტუტებს განზრახული აქვთ, საზოგადოების ეროვნული იდენტურობა გაანადგურონ.

უნგრეთში დიდი ხანია, გაისმის კრიტიკა ევროკავშირის მიმართაც. უნგრეთის ხელისუფლება ატარებს მოსახლეობის გამოკითხვას, რომელმაც უნდა გამოავლინოს უნგრელების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ.

დარიგებულ ანკეტაში 6 კითხვაა. შეკითხვები ეხება ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკასა და მიგრაციას ევროპაში.

არ არის გამორიცხული, რომ უნგრეთის ხელისუფლება ამ გამოკითხვის გამო გააკრიტიკონ. 2015 წელს უნგრეთში მიგრაციის საკითხებზე ჩატარებული კვლევა დაგმო გაერომ. გაეროს უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ მისმა შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ქსენოფობიური განწყობების გაძლიერება.

ევროპაში ერთ-ერთ მთავარ ქსენოფობად, იდეოლოგიურად სოროსის მოწინააღმდეგედ და ევროკავშირის დაშლის მომხრედ ითვლება საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი, რომელსაც, ანალიტიკოსების პროგნოზით, არჩევნებში მოსკოვი დაეხმარება.

პორტუგალიური მედიის ცნობით, რუსეთი უკვე ერევა საფრანგეთში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებში. კერძოდ, ავრცელებს დეზინფორმაციას ლე პენის მთავარ კონკურენტ ემანუელ მაკრონზე. საუბარია იმაზე, თითქოს მაკრონის საარჩევნო კამპანიას 30%-ით საუდის არაბეთი აფინანსებს, მას კი კავშირი აქვს ალ-ქაიდასთან.

გამოცემა აღიარებს, რომ ამ საქმეში რუსეთის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ დავას არ იწვევს, რომ პუტინსა და ლე პენს საერთო მიზნები აქვთ, კრემლი მას აფინანსებს, გარდა ამისა, ეს ყველაფერი რუსეთის მუშაობის მეთოდებს ჰგავს.

ავტორები შენიშნავენ, რომ ევროპას სიმტკიცე აკლია. ის მიცურავს მკვეთრი დასავლური კურსის გარეშე იმ დროს, როცა ევროპის მტრებმა კარგად იციან, საით მიმართონ გემი.

ინდეფენდენტი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მალე გაერთიანებული სამეფო უარს იტყვის რუსეთთან კონფრონტაციულ პოლიტიკაზე და დღის წესრიგში დგას დიალოგი ლონდონსა და მოსკოვს შორის. შესაძლებელია თანამშრომლობა ტერორიზმის სფეროში. ამგვარი ცვლილებები საჭირო გახდა აშშ-ში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.

შეიძლება თავისი პოლიტიკა შეცვალოს დასავლეთის გზაზე მდგარმა მოლდოვამ. დი ველტისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მომხრე მოლდოვის პრეზიდენტმა ოგორ დოდონმა განაცხადა, რომ მოლდოვისთვის მომგებიანი იქნება შესვლა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მის ქვეყანას ვერაფერი მისცა, ხოლო იმ 782 მილიონი ევროდან, რომელიც ევროკავშირმა 2007-2015 წლებში მოლდოვას დახმარებისთვის გამოუყო, დაახლოებით ნახევარი მოლდავეთის პროდასავლურმა ხელისუფლებამ მიითვისა.

როგორც ჩანს, ევროპაში უახლოეს ხანში ევროკავშირის შენარჩუნებისა და დაშლის მომხრეები უფრო მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დესოროსიზაციის კამპანიებიც ამას უნდა უკავშირდებოდეს.

„ახალი თაობა“, მარიამ მჭედლიშვილი