რუსეთში ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონის მიერთებისკენ მოუწოდებენ

რუსეთში ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონის მიერთებისკენ მოუწოდებენრუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიუხედავად, დღის წესრიგში აქამდე არ დამდგარა საქართველოს ამ კუთხის რუსეთთან შეერთების საკითხი.

ამაზე არ ყოფილა მოსკოვის თანხმობა, თორემ ოკუპირებულ რეგიონში ამის სურვილი ბევრჯერ გაისმა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონის შეყვანა თავის შემადგენლობაში არ სჭირდება. მისი სტრატეგიული მიზანია, ნატოს გააქტიურებას აქტიურობით უპასუხოს და მიაღწიოს სატრანზიტო შეთანხმებას საქართველოსთან. არსებული სატრანსპორტო გზები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა მოამარაგოს სომხეთში არსებული თავისი სამხედრო ბაზა. ამის გამო განიხილება სხვა პროექტები, მაგალითად, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა, ასევე საავტომობილო გზები ცხინვალზე გავლითა და სოჭი-ზუგდიდის მიმართულებით.

ჟურნალი “ვლასტ” ირწმუნებოდა, რომ ამ მიზნით მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც თბილისთან, ისე სოხუმთან და ცხინვალთან.

რას მიაღწია ამ კუთხით რუსეთმა, უცნობია. რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები კი ცხინვალის რუსეთთან მიერთებაზე ალაპარაკდნენ.

ალექსანდრ კურკინი აღნიშნავს, რომ იმ დროს, როცა ნატო აძლიერებს თავის ყოფნას რუსეთის საზღვრებთან, საქართველო კი ალიანსის მოკავშირე და ინტერესების თავგამოდებული დამცველია, რუსეთმა უნდა იმოქმედოს, მით უმეტეს მაშინ, როცა თბილისს პრეტენზია აქვს აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთზე” და მათი დაბრუნება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში უწერია.

ამ ვითარებაში, რუსი ექსპერტის თქმით, “სამხრეთ ოსეთის” ახალარჩეული პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის რადიკალურ-პოპულისტური ინიციატივის რეალიზაცია ერთადერთი გამოსავალია. მთავარია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალიან გვიან არ გააცნობიეროს მისი განხორციელების აუცილებლობა.

კურკინის სიტყვებით, “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობამ ბიბილოვს არჩევნებზე იმ იმედით დაუჭირა მხარი, რომ იგი რესპუბლიკას რუსეთს მიუერთებს. რუსეთის ექსპერტები ამას ეჭვით უყურებენ. ამას ჯერ არ თანხმდება რუსეთის ხელმძღვანელობა, მაგრამ მოვლენები ვითარდება. ბიბილოვიც აცხადებს, რომ მსოფლიოში ყველაფერი ელვისებურად იცვლება.

რეფერენდუმზე რესპუბლიკის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სახელწოდება “ალანიას”. ამას სიმბოლური ხასიათი აქვს და ოსი ხალხის მთავარ პოლიტიკურ განზრახვას გამოხატავს.

კურკინის შეფასებით, ქართველებთან ომგამოვლილი ოსებისთვის ბევრისმთქმელია, ერთი მხრივ, დონბასის, მეორე მხრივ, ყირიმის მაგალითი.

მისი მტკიცებით, ყირიმის მოსახლეობამ რუსეთში შესვლის შემდეგ იგრძნო ამით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობები. “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობაც მაშინვე ჩაერთვება სოციალურ ფედერალურ პროგრამებში. ისინი მიიღებენ სხვა პენსიებს, ხელფასებსა და სტიპენდიებს და ისარგებლებენ ჯანდაცვის პროგრამებით.

ოფიციალურ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ოფიციალური განმარტებები არ გაუკეთებია. არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხების მანიპულირებით კრემლი საქართველოზე ზეწოლას ახდენდეს.

რუსეთის აგრესიის გაძლიერებას დასავლელი ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ.

იტალიური “ლესპრესოს” სიტყვებით, რუსეთი რევანშისტულმა ციებ-ცხელებამ მოიცვა. რუსეთი არ თმობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. რუსეთს შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობაზე ამ სახელმწიფოებში.

გაზეთი საფრთხეს ხედავს იმაშიც, რომ პუტინის მსგავსი ნაციონალისტი ლიდერები სხვაგანაც მოვიდნენ. “ლესპრესოს” აზრით, ვაშინგტონში, დელიში, მოსკოვში, იერუსალიმში, პეკინში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში ფეხი მოიკიდა ნაციონალიზმმა, რაც არანაკლები საშიშროებაა, ვიდრე მასშტაბური ომი.